საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან პრის მესამე, მანჩესტერის ეტაპი მოგებით დაიწყო, მაგრამ მერე ზედიზედ ოთხ შეხვედრაში დამარცხდა და ეტაპის ბოლო, მე-12 ადგილზე გავიდა.
პირველ, ლიონის ეტაპზე მე-6 და მეორე, მოსკოვის ეტაპზე მე-4 ადგილის დაკავების შემდეგ, ასეთი ჩავარდნა ერთი შეხედვით მოულოდნელია, თუმცა ამისათვის წინაპირობა თავიდანვე არსებობდა. სამწვრთნელო შტაბმა ვერ მოახერხა გამოცდილი “ბორჯღალოსნების”, იმ ლეგიონერების დამატება, რომლებიც ფრანგულ კლუბებში თამაშობენ. ამასთან, ევროთასებზე ქართული კლუბების ნაკრების - “თბილისის კავკასიელების” მონაწილეობამ მათი გეგმები კიდევ უფრო არია, რასაც უშუალოდ თამაშებში უდისციპლინობა თუ კონცენტრაციის დაკარგვა დაერთო და შესაბამისი შედეგიც დადგა.
პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეტოქე იტალია იყო და აქ მოვლენები ქართველთა სასიკეთოდ განვითარდა. მე-3 წუთზე ლელო გიორგი ფრუიძემ გაიტანა და ტაიმი 5:0 დასრულდა, თამაშის განახლებისთანავე იტალიელთა ჩათვლის მოედანში ბურთი ირაკლი გეგენავამ დაამიწა. მალევე მეტოქემ ერთი ლელო გაქვითა და გარდასახვით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა (10:7), მაგრამ დარჩენილ დროში ლელოები მხოლოდ ქართველებმა - ზურაბ ძნელაძემ და ლევან გოგოლაშვილმა - გაიტანეს და თამაში 20:7 დასრულდა.
მომდევნო მატჩში ქართველთა მეტოქე ესპანეთი იყო, რომელსაც მანამდე შოტლანდია ყავდა დამარცხებული. კახა ალანიას შეგირდებმა მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართეს, მაგრამ ორჯერ დაისაჯნენ ყვითელი ბარათით, ესპანელებს ერთი ლელო-გარდასახვით ჩამორჩნენ და ბრძოლასაც დიდი ენერგია შეალიეს.
არადა, ყველაფერი კარგად დაიწყო და თანაბარ პირობებში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს არაფერი დაუთმო. მე-2 წუთზე შავლეგ მახარაშვილმა ლელოთი ანგარიში გახსნა და გარდასახვაც თავად გამოიყენა. მე-5 წუთზე ირაკლი გეგენავა სინბინით დაისაჯა, მეტობით ესპანეთმა კარგად ისარგებლა და ტაიმი 19:7 მოიგო.
მერე ყვითელი ბარათი გიორგი შკინინმა მიიღო, რასაც კვლავ ესპანელთა ლელო მოყვა და ანგარიში 24:7 გახდა. შემადგენლობები რომ გათანაბრდა, გეგენავამ და გოგოლაშვილმა ლელოები გაიტანეს, გარდასახვები არაზუსტი იყო, თუმცა სათამაშოდ დაახლოებით 3 წუთი რჩებოდა. კიდევ ერთი ლელოს გატანა ვეღარ მოხერხდა და საქართველოს ნაკრები 17:24 დამარცხდა.
მიუხედავად ამისა, შოტლანდიის ძლევით, რომელმაც მეორე ტურში იტალიას 24:19 აჯობა, საქართველოსთვის თასის მეოთხედფინალის გზა იხსნებოდა, თუმცა, ერთი შეხედვით არცთუ ძლიერ მეტოქესთან 0:45 განადგურებით, ყველა იმედს წერტილი დაესვა.
ამ თამაშის პირველივე წუთზე ყვითელი ბარათი შკინინმა მიიღო, მეტობაში სქოთებმა მხოლოდ ერთი ლელო გაიტანეს, მაგრამ საფინალო სასტვენამდე ქართველთა ჩათვლის მოედანში კიდევ 6 ლელო დაამიწეს. არადა, შოტლანდიასთან მცირე სხვაობით მარცხი საქართველოს ნაკრებს თასის მეოთხედფინალში, ჯამში მანჩესტერში მინიმუმ მე-8 ადგილზე გასვლის შანსს მისცემდა, ასე კი, უიღბლო მესამეადგილოსანი აღმოჩნდა და IX-XII ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო.
ნახევარფინალი, 7-კაცაში არცთუ ძლიერ რუმინეთთან, საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო და შავლეგ მახარაშვილისა და გიორგი ფრუიძის ლელოებით 10:0 დაწინაურდა, მაგრამ ზედ შესვენების წინ მოეშვა და ერთი ლელო თავადაც გაუშვა. მე-9 წუთზე რუმინელებმა მეორე ლელოთი წონასწორობის აღდგენა შეძლეს, მე-12 წუთზე მსაჯმა ფრუიძეს ყვითელი ბარათი უჩვენა, შემდგომში მის გზას ზურაბ ძნელაძე გაუყოლა და რუმინელებმაც დამატებულ წუთებზე გამარჯვების ლელო გაიტანეს - 10:17.
ბოლოსწინა ადგილისთვის საქართველოს 7-კაცას იტალიასთან მოუწია ბრძოლა და პირველ ტაიმში ორი, ხოლო მეორეს დასაწყისში მესამე ლელო გაუშვა. ბოლოსკენ ირაკლი გეგენავამ და ბექა წიკლაურმა ორი ლელოს გაქვითვა შეძლეს, ლევან გოგოლაშვილმა ორივე გარდასახვა გამოიყენა, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა. 14:17 მარცხით საქართველოს ნაკრები ბოლო ადგილზე დარჩა.
ერთ კვირაში, 20-21 სექტემბერს 2014 წლის ბოლო, ბუქარესტის ეტაპი გაიმართება და იმედია, ქართველი მორაგბეებისთვის ის უფრო წარმატებული იქნება. რაც შეეხება მანჩესტერის ეტაპს, მასპინძელმა ინგლისმა პირველობა არ დათმო და ფინალში საფრანგეთის 28:21 ძლევით პირველი ადგილი დაიკავა.
მანჩესტერში თამაშობდნენ: 1. ზურაბ ძნელაძე, 2. ალექსანდრე ნიჟარაძე, 3. ალექსანდრე ხუციშვილი, 4. საბა შუბითიძე, 5. შავლეგ მახარაშვილი, 6. დიმიტრი კალანდაძე, 7. გიორგი შკინინი, 8. გიორგი კალმახელიძე, 9. ლევან გოგოლაშვილი, 10. ბექა წიკლაური, 11. გიორგი ფრუიძე, 12. ირაკლი გეგენავა.
სამწვრთნელო შტაბი: კახა ალანია - მთ. მწვრთნელი; ზაზა ლეჟავა - მწვრთნელი; ნონო ანდღულაძე - მენეჯერი; სანდრო ჭეიშვილი - ვიდეო ანალიზი; ვახტანგ წიკლაური - ექიმი; გიორგი სვანიძე - ფიზიო