“მიდლსბროს” ესპანელი დამრიგებელი აიტორ კარანკა, რომელიც 2010-2013 წლებში მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო, იკერ კასილიასზე საუბრობს და აცხადებს, რომ ესპანელმა მეკარემ თამაშს უკლო.
“რატომ დასვა მოურინიომ კასილიასი სათადარიგოთა სკამზე? ჟოზესთან ერთად, გუნდის თამაშის გაუმჯობესებაზე დიდხანს ვფიქრობდით. ბოლო მატჩებში იკერი ცუდად გამოიყურებოდა და რაიმე უნდა მოგვემოქმედებინა. გვესმოდა, თუ რითი შეიძლებოდა ყველაფერი ეს დასრულებულიყო, რადგან ვიცოდით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოებას კასილიასის მიმართ. თუმცა, ეს იყო რადიკალური გადაწყვეტილება, რომელმაც შედეგი მოიტანა.
არ ვიცი, თუ რატომ ვერ გაიგო იკერმა მისი სათადარიგოთა სკამზე დასმის მიზეზი. თავის დროზე, იგივე სიტუაციაში ფერნანდო იერო, მანუელ სანჩესი და რაული აღმოჩნდნენ. ვფიქრობ, ახლა ის გაიგებს.
კასილიასთან ვმეგობრობდი. ახლა, მასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, რადგან კლუბი დავტოვე. ვაღიარებ, რომ ბოლო დროს, ჩვენი ურთიერთობა იდეალური არ იყო.” – ციტირებს კარანკას სიტყვებს Sky Sports-ი.