როგორც იცით, ხმა გავრცელდა, რუსეთის ნაკრების იტალიელი თავკაცი ფაბიო კაპელო საბა კვირკველიას აკვირდებაო. ყაზანის “რუბინის” ქართველმა მცველმა განაცხადა, რომ კლუბი ერთია, ნაკრები კი მეორე და რუსეთის ნაკრებში თამაშს არ აპირებს.
რას ამბობს ამის შესახებ კაპელო?
“კვირკველიას შესახებ ერთ აგენტს ვესაუბრე. რომელიმე ფეხბურთელს თუ ორი პასპორტი აქვს და რუსეთის ნაკრებში თამაში სურს, რატომაც არა?! ასეთი მილიონი მაგალითია. იტალიის ნაკრებში 11 ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც ორი ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ. გერმანიის ნაკრებში 7 თუ 8 მოთამაშეა ასეთი. ასე რომ, არანაირი გართულება არ მაქვს ასეთ საკითხებზე. რუსეთის ნაკრებში კარგ ფეხბურთელთა რიცხვს ერთიც თუ შეემატება, მხოლოდ მივესალმები. ანუ, თუ არჩევანი 65 კი არა, 66 ფეხბურთელს შორის მექნება, ძალიან კარგი. შესაძლოა,ჰორიზონტზე 67-ეც გამოჩნდეს”.
კაპელომ კვირკველია ასე დაახასიათა:
“მე ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს ვაკვირდები. კვირკველია 22 წლისაა. სამწუხაროდ, ჩვენ არცთუ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, რომლებიც სტაბილურად თამაშობენ პრემიერლიგაში. და ვინც არიან, მათ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ. ჩვეულებრივ, პრემიერლიგის გუნდების სასტარტო შემადგენლობაში 4-5 რუსი ფეხბურთელია. ამიტომაც არავინ არ უნდა გამოგვრჩეს” – უთხრა იტალიელმა სპეციალისტმა “სოვეტსკი სპორტს”.