დღეს, 3 ივნისს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვის თანაშემწეებმა (კოტე ტუღუში, დავით უსტიაშვილი), საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებმა (კახა შენგელია, ვლადიმერ ბოისა) და ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა (პაატა ლობჟანიძე) მასმედიას 19 კალათბურთელისგან შემდგარი სია გააცნეს. ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრო-2015-ის შესარჩევი ტურნირისთვის მზადებას დაიწყებს. საბოლოოდ საკვალიფიკაციო ციკლში 12 საუკეთესო ჩვენი ქვეყნის ნაკრების სახელით ევრო-2015-ის ფინალური საგზურისთვის იბრძოლებს.
ნაკრების გაფართოებულ სიაში პირველად მოხვდნენ “სოხუმის” 24 წლის ფორვარდი ირაკლი ჩლაიძე და “არმიას” 25 წლის უკანახაზელი ბექა წივწივაძე. ნაკრებს პაუზის შემდეგ ფორვარდი მიხეილ ბერიშვილი (“არმია”) და ცენტრალური თავდამსხმელი აკაკი დვალიშვილი (“ქუთაისი-2010”) შეუერთდნენ.
ტრავმების მოშუშების შემდეგ ნაკრებს გუნდის კაპიტანი ზაზა ფაჩულია (“ატლანტა ჰოუქსი”, აშშ) და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელია (“კახა ლაბორალი”, ესპანეთი) დაუბრუნდნენ.
მწვრთნელებისა და ანატოლი ბოისას მოლაპარაკების შემდეგ ეს უკანასკნელი ამ ეტაპზე ნაკრების გაფართოებულ სიაში არ იქნება.
ნაკრების გაფართოებულ სიაში ძველი შემადგენლობიდან ვერ მოხვდნენ ნიკოლოზ ცქიტიშვილი, გიორგი გამყრელიძე (“დინამო”) და ლაშა ფარღალავა (“არმია”). ამ უკანასკნელმა 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონის ძირითადი ნაწილი ირანის ეროვნულ ჩემპიონატში ჩაატარა. “არმიას” კი სეზონის მიწურულს შეუერთდა და ძალოვნების მიერ ბრინჯაოს მედლის მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ეროვნული ნაკრები ევრო-2015-ის შესარჩევი ტურნირისათვის მზადებას, სადაც მისი მეტოქეები ჩეხეთის, უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრები გუნდები იქნებიან, 23 ივნისს ფიზმომზადებით დაიწყებს, 2-4 აგვისტოს ასევე თბილისში ოთხთა (საქართველო, დიდი ბრიტანეთი, ბელარუსი, მოლდოვა) ტურნირით დასრულდება.
რაც შეეხება შესარჩევ ტურნირს, 10-დან 27 აგვისტოს ჩათვლით მიმოსვლითი მატჩებით ჩატარდება.
ნაკრების სტაჟიანი გულშემატკივარი შეამჩნევდა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი ნაკრებში გაურკვეველი მიზეზების გამო არ იწვევს გიორგი გამყრელიძეს, ლაშა ფარღალავასა და ნიკოლოზ ცქიტიშვილს. შარშან, ფაჩულიას და შენგელიას ტრავმების გამო კოკოშკოვი იძულებული გახდა ცქიტიშვილი ნაკრებში მიეწვია, მაგრამ მაინც არ დატვირთა.
ნაკრების წევრობის კანდიდატთა წარდგენის შემდეგ, მწვრთნელებმა და ფედერაციის წარმომადგენლებმა მასმედიის კითხვებს უპასუხეს.
-ვინც შეგულებული გყავდათ, ნაკრებში ყველა კალათბურთელი მოხვდა?
დავით უსტიაშვილი: ნაკრებში საპასპორტო პრობლემების გამო ვერ მოხვდნენ გიორგი ცეკვავა და გიორგი ბარბაქაძე (ორივე “ქუთაისი-2010”)
- ქვეყნის ჩემპიონ “დინამოდან” ნაკრებში მხოლოდ ერთი კალათბურთელი მოხვდა...
- “დინამო” 23-ე ეროვნულ ჩემპიონატში ძირითადად ლეგიონერებით იყო დაკომპლექტებული.
- რა დაუწუნეთ გიორგი გამყრელიძეს და მიხეილ ჭოჭუას? გამყრელიძე სეზონის სამ საუკეთესო კალათბურთელს შორის მოხვდა, ხოლო ჭოჭუა ერთ-ერთი საუკეთესო იყო 2013-14 წლების სეზონში.
- გამყრელიძეზე გადაწყვეტილება პირადად კოკოშკოვმა მიიღო. რაც შეეხება ჭოჭუას, ჩვენ მას ვაკვირდებით და თუ ასე გააგრძელა, ნაკრებში აუცილებლად მოხვდება.
- არც ლაშა ფარღალავას ჰქონდა ცუდი სეზონი...
კოტე ტუღუში: ფარღალავამ ჩემს გუნდში (“არმია”) დაასრულა 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონი. გეთნხმებით, რომ კარგად ითამაშა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება კოკოშკოვმა მიიღო. ანალოგიურად მოხდა გადაწყვეტილების მიღება ცქიტიშვილის ნაკრების გაფართოებულ სიაში მოსახვედრად.
- რა გახდა კოკოშკოვზე უკეთესი მწვრთნელის მოძიება. ჩვენ არ ვართ განებივრებული მაღალი კლასის კალათბურთელთა სიმრავლით და თითოეულ მათგანს უნდა გავფუფრთხილდეთ.
კახა შენგელია: კოკოშკოვზე უკეთესი მწვრთნელის მოსაძიებლად იმაზე მეტი თანხებია საჭირო, ვიდრე კოკოშკოვს ვუხდით. მეტი თანხა ფედერაციას არ გააჩნია. არც კოკოშკოვია ურიგო მწვრთნელი, რომელმაც ქართული კალათბურთისთვის ბევრი კარგი საქმე გააკეთა.
- სახელმწიფოს თხოვეთ და არ მოგცათ?
- სახელმწიფომ პრივილეგირებულ სახეობათა სიაშიც კი არ შეგვიყვანა.
- ეს იმ ფედერაციაზეა საუბარი, რომელმაც გუნდი ზედიზედ ორჯერ ევროპის ფინალურ ტურნირზე გაიყვანა?
- ასე გამოდის.
- თუ არ ვცდები, 2013 წლის საქართველოს ერთ-ერთი წარმატებული ფედერაცია ხელბურთის ფედერაცია გახდა...
- სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანის მოადგილე თამაზ თევზაძეა ხელბურთელი და ამიტომ გახდა ხელბურთის ფედერაცია 2013 წლის რჩეული.
- თბილისურ შეკრებას ნაკრების ყველა წევრობის კანდიდატი დაესწრება?
ვლადიმერ ბოისა: ფაჩულია, შენგელია და ჰიკმანი ნაკრებს 5 ივლისიდან პოდჩეტრტეკში (სლოვენია) შეუერთდებიან.
23 ივნისი - 4 ივლისი - შეკრება თბილისში
5 ივლისი - გამგზავრება პოდჩეტრტეკში (სლოვენია)
6-14 ივლისი - შეკრება პოდჩეტრტეკში
15 ივლისი - გამგზავრება მაკედონიაში (ტურნირი ქ.ოჰრიდში. მონაწილეობენ: მაკედონია, საქართველო, ავსტრია, რუმინეთი)
20-23 ივლისი - ოთხთა ტურნირი სლოვენიაში (კანადა, სლოვენია, უკრაინა, საქართველო)
28-30 ივლისი - ამხანაგური მატჩები ლიტვასთან. 28 ივლისს ქ. პანევეჟიშში, 30 ივლისს ქ. ვილნიუსში
2-4 აგვისტო - ოთხთა ტურნირი თბილისში. მონაწილეობენ: ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, დიდი ბრიტანეთი
ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
10 აგვისტო, თბილისი
საქართველო - ჩეხეთი
13 აგვისტო, კეჩკემეტი
უნგრეთი - საქართველო
17 აგვისტო, ოვარი
პორტუგალია - საქართველო
20 აგვისტო, ნიმბურკი
ჩეხეთი - საქართველო
24 აგვისტო, თბილისი
საქართველო - უნგრეთი
27 აგვისტო, თბილისი
საქართველო - პორტუგალია
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
დუდა სანაძე (სან დიეგო (NCAA), უკანახაზელი, 196სმ, 25.07.1992); ვიქტორ სანიკიძე (სარაგოსა (ესპანეთი), ფორვარდი, 203სმ, 01.04.1986); ლევან ფაცაცია (შსს-აკადემია, ფორვარდი, 198სმ, 24.09.1988); რიკი ჰიკმანი (მაკაბი (ისრაელი), უკანახაზელი, 189სმ, 01.09.1985); გიორგი ცინცაძე (ჩემპვილი (ლიბანი), უკანახაზელი, 192სმ, 07.02.1986); ბესიკ ლეჟავა (დინამო, უკანახაზელი, 192სმ, 21.02.1986); ბექა ბურჯანაძე (კახასოლი (ესპანეთი), ფორვარდი, 203სმ, 03.01.1994); მანუჩარ მარკოიშვილი (გალათასარაი (თურქეთი), უკანახაზელი, 196სმ, 17.11.1986); ოთარ ფხაკაძე (ფერმონტი (NCAA), უკანახაზელი, 190სმ, 28.02.1993); ნიკა მეტრეველი (როზეტო (იტალია), ფორვარდი, 211სმ, 14.01.1991); გიორგი შერმადინი (ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), ცენტრი, 216სმ, 02.04.1989); ირაკლი ჩლაიძე (სოხუმი, ფორვარდი, 198სმ, 01.12.1989); ბექა წივწივაძე (არმია, უკანახაზელი, 190სმ, 06.01.1989); გიორგი შარაბიძე (არმია, ცენტრი, 210სმ, 27.04.1990); მიხეილ ბერიშვილი (არმია, ფორვარდი, 203სმ, 12.04.1987); ზაზა ფაჩულია (მილუოკი (NBA), ცენტრი, 211სმ, 10.02.1984); თორნიკე შენგელია (ლაბორალი (ესპანეთი), ფორვარდი, 207სმ, 05.10.1991); რევაზ როგავა (შსს-აკადემია, უკანახაზელი, 192სმ, 01.02.1993); აკაკი დვალიშვილი (ქუთაისი, ცენტრი, 206სმ, 14.02.1991);
სამწვრთნელო შტაბი
მთავარი მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი
მწვრთნელის ასისტენტი: ჯეისონ სტოდტი
მწვრთნელის ასისტენტი: დავით უსტიაშვილი
მწვრთნელის ასისტენტი: კოტე ტუღუში
ფიზმომზადება: ალექსანდრ ჩვოროვიჩი
ფიზმომზადება: ავთო ბერიძე
ექიმი: თემურ ხვედელიძე
ექიმი: თემურ ყიფშიძე
ექიმი: ზაქრო ჯვარაძე
ექიმი: ზურა სულეიმანაშვილი
გენერალური მენეჯერი: პაატა ლობჟანიძე
მენეჯერი: გივი სანაძე