სხვა

21:24 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაკურიუს იოკოძუნობამდე ერთი ნაბიჯი რჩება

როგორც უკვე ვიუწყებოდით, იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართული სუპერტურნირის გამარჯვებული მონღოლი ოძეკუ კაკურიუ გახდა, რომელმაც 15-დან 14 შერკინება მოიგო და “იმპერატორის თასის” მფლობელი კარიერაში პირველად გახდა.

28 წლის სუმოისტი ჰარუ ბაშოს ცუნატორის (იოკოძუნას ტიტულის პრეტენდენტი) არაოფიციალური სტატუსით შეხვდა და საკუთარი შანსი ჩინებულად გამოიყენა. “წერო-დრაკონმა” ყველას დაუმტკიცა, რომ უმაღლეს იერარქიულ საფეხურზე ასვლას იმსახურებდა.

კვირას მსაჯთა კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რათა კაკურიუს კანდიტატურა იოკოძუნას არჩევის საზოგადოებრივ კომიტეტს განსახილველად გადასცემოდა. სხდომაზე მონღოლს მიზნის მისაღწევად ხმათა ორ მესამედზე მეტი სჭირდებოდა, თუმცა მის დაწინაურებას მხარი კომიტეტის თერთმეტივე წევრმა ერთხმად დაუჭირა.

ოფიციალური ვერდიქტი იმის შესახებ, მიენიჭება თუ არა მანგალჟალავინ ანანდს (კაკურიუ “ერისკაცობაში” სწორედ ასე იწოდება) “დიდი ჩემპიონის” ტიტული, ოთხშაბათს იქნება მიღებული, რიდესაც იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭო შეიკრიბება.

კაკურიუს აღმზრდელმა ოიაკატა იძუცუმ უკვე განაცხადა, რომ სპეციალური საზეიმო ცერემონიის (იოკოძუნა-დოჰიო-ირი) დროს, რომელიც სინტოისტურ ტაძრების კომპლექს მეიძი ძინგუში პარასკევს შედგება, 71-ე იოკოძუნას ქცევებს ტოკუციკაძესთვის ტრადიციული უნრიუს სტილი განსაზღვრავს.

გასულ ბაშოზე სამ-სამი მარცხი განიცადეს რიგით 69-ე და 70-ე “დიდმა ჩემპიონებმა” – ჰაკუჰომ და ჰარუმაფუჯიმ. “თეთრ ფენიქსს” და “მზიურ ცხენს” ჩვეულ ასპარეზობაში ხელი ტრავმებმა შეუშალეს. ჰაკუჰომ კოტოშოგიკუსთან შერკინების დროს მარჯვენა ხელის საჩვენებელი და შუა თითები დაიზიანა, ხოლო ჰარუმაფუჯიმ კისენოსატოსთან ჯახისას მარჯვენა იდაყვი დაიშავა.

სუპერტურნირის სტარტიდანვე პრობლემები ჰქონდათ იაპონელ ოძეკებს. 15 დღის განმავლობაში, ფაქტობრივად, ცალი ხელით იბრძოდა კოტოშოგიკუ. იაპონელს მარცხენა ხელი ჯანმრთელი ჰქონდა, მარჯვენას კი სათანადოდ მკერდის კუნთის ტკივილის გამო ვერ იყენებდა, რომელიც მან ნოემბერში კიუშიუს ბაშოზე დაიზიანა.

საგაზაფხულო ტურნირისთვის სათანადოდ ვერ მოემზადა ოძეკი კისენოსატოც, რომელმაც მარჯვენა ფეხის დიდი თითი იანვარში ჰაცუ ბაშოზე იტკინა. სავარჯიშო პრაქტიკის უქონლობა იაპონელმა სეკიტორებმა მებრძოლი სულით გადაფარეს. კისენოსატომ 9 შერკინება მოიგო, ხოლო კოტოშოგიკუმ – 8.

“დიდი ჩემპიონების” მსგავსად, 12 ორთაბრძოლა მოიგო სეკივაკე გოეიდომ, რომელიც მშობლიურ ოსაკას პრეფექტურაში ასპარეზობდა, ხოლო სეკივაკე ტოჩიოძანმა 9 გამარჯვება მიითვალა.

ცნობისთვის, გოეიდომ ჰარუმაფუჯის ლამაზ სტილში ძლევისთვის, პრესტიჟული ჯილდო შიუკუნ-შო მიიღო, მებრძოლი სულის გამოვლინებისთვის დაწესებულია პრემია კანტო-შო აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იოშიკაძეს გადაეცა, ხოლო გინო-შო (პრიზი ტექნიკური ასპარეზობისთვის) ამჯერად ვერავინ დაიმსახურა.

ჰარუ ბაშოზე 10-10 მარცხი შეემთხვათ ტოიონოშიმას და შოჰოძანს. შესაბამისად, მაისის ბაშოსთვის ისინი კომუსუბის ტიტულს დაკარგავენ და მათ იოშიკაძე და 21 წლის ჩიოოტორი ჩაანაცვლებენ.

მარტის სუპერტურნირზე დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) დააფიქსირეს აოიამამ და ოსუნაარასიმ. ბულგარელმა გიგანტმა დანიელ ივანოვმა 9 ბრძოლა მოიგო, 22 წლის ეგვიპტელმა აბდელრაჰმან ალაელდინ შაალანმა კი 8 გამარჯვება მიითვალა.

9 მარცხი განიცადა 199-კილოგრამიანმა გაგამარუმ, რომელიც ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ერთადერთი ქართველი სეკიტორია.

ელიტაში ფეხის მოკიდება მოახერხეს 22 წლის ჩიომარუმ და ტერუნოფუძიმ, აი, სადანოფუჯიმ, სატოიამამ, კაგამიომ, ტენკაიჰომ და ფუჯიაძუმამ კი მაკუუჩიში ადგილები დაკარგეს.

სანაცვლოდ, ზაფხულის ტურნირისთვის ძურიოდან აღზევდებიან ჰომაშო, ტოკიტენკუ, კიოკუშუჰო, სოკოკურაი, ჩიონოკუნი და არავასი.

32 წლის ექს-კომუსუბი ჰომაშომ უკანასკნელი შერკინება დათმო და მაქსიმალური შედეგის (ძიონ-შო) დაფიქსირების შანსი ხელიდან გაუშვა.

ქართველმა ტოჩინოშინმა, რომელსაც კომუსუბის ტიტული ოთხ ბაშოზე უტარებია, რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და მაისში ძურიოს საგზურისთვის იბრძოლებს.

26 წლის ტოჩინოშინმა ელიტარული სეკიტორის სტატუსი ტრავმის გამო დაკარგა. გასული წლის ივლისში მან მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესი დაიზიანა და აგვისტოში ოპერაციაც გადაიტანა. აღნიშნულის გამო, ქართველს 3 სუპერტურნირის გამოტოვება მოუხდა.

პროფესიული სუმოს მომავალი რეიტინგი იგივე ბანძუკე 24 აპრილს გამოქვეყნდება, მომდევნო ბაშო კი ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” 11-25 მაისს ჩატარდება.

0.117653