ჩვენი საუკუნე ისე დაიწყო და ისე მიგრიხინებდა ცამეტი წელიწადი, რომ ამ პერიოდის მანძილზე ფლორენციის “ფიორენტინას” “იუვენტუსთან” საშინაო თამაშში ჯერ მოგება არ ჰქონდა. ტოსკანური გუნდის ბედოვლათობისა და უიღბლობის ამბავი რომ ვიცი, ალბათ კარგა ხანი იქნებოდ ასე, მხსნელად, იმედად და ნათელშუქად ჯუზეპე როსი რომ არ გამოსჩენოდათ. ალბათ დიად ვერგილიუსსაც კი გაუჭირდება საქებარი სიტყვების კარგად და ლამაზად შეკრება, თუკი ამ კაცს მოესწრებოდა და გაიხსენებდა.
ჯუზეპე როსი სულ ცოტა ხნის წინათ, უკვე ჩამოწერილ ფეხბურთელად ითვლებოდა და მისი ხშირი ტრავმიანობა საერთოდ ყოველგვარ იმედებს გვიქრობდა ამ ბიჭთან დაკავშირებით. მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, ვინჩენცო მონტელამ შესაშური შორსმჭვრეტელობა და ნათელი აზროვნების უნარი გამოავლინა და “იების” ხელმძღვანელობას ტრავმაგართულებული როსის ყიდვა სთხოვა. ეს იყო რისკი, რომელიც კაცმა არ იცის რითი დასრულდებოდა, მაგრამ ალბათ მხოლოდ მკვდრები და ზარმაცები არ რისკავენ!
ყველამ კარგად ვიცით, რომ რეალურად “იუვენტუსი” და “ფიორენტინა” დღეს მაინც სხვადასხვა კალიბრის გუნდები არიან და ფიორენტინას ძალიან დიდი და ეკლიანი გზის გავლა მუწევს “იუვენტუსის” დარი ძალ-ღონე და ფინანსური რესურსები რომ ჰქონდეს. მაგრამ როდესაც ჩვენს საუკუნეში “ფიორენტინა” “ბებერ ქალბატონს” პირველად ამარცხებს და ამას აკეთებს ბრწყინვალე შესრულებით – კაცი გულღრძო უნდა იყო, რომ არ აღიარო და არ აღფრთოვანდე ”მკვდრეთით აღმსდგარი” ჯუზეპე როსით. “იუვეს” კარში სამი გოლის გატანა – ეს ჩვეულებრივი ამბავი არასოდეს იქნება. მით უმეტეს, როდესაც ამ გუნდის კარს თუმც მობერებული, მაგრამ მაინც ლეგენდარული ჯიჯი ბუფონი იცავს!
როდესაც კითხულობენ, თუ რატომ გაუშვა მადრიდის “რეალმა” გუნდიდან მესუთ იოზილი, როგორც წესი მარტივად პასუხობენ ამ კითხვას – იოზილი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ვარსკვლავებით გადავსებულ მადრიდულ გუნდში რა გასაკვირია, რომ ის არ იყო, რაც უნდა ყოფილიყო. მაგრამ, როდესაც კითხულობენ, თუ რატომ გადავიდა გერმანიიდან “რეალში” იგივე იოზილი, ამაზე პასუხობენ, რომ წარმატებების მიღწევა უფრო დიდ გუნდში სურდა და ტიტულების მოხვეჭის შანსი მადრიდში უფრო ექნებოდაო.
აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ფეხბურთელისგან უფრო ცნობილ კლუბში გადასვლა როგორც წესი მარტივი და მერკანტილური მიზნებით იხსნება. თუკი ჯუზეპე როსიმ ასევე შესანიშნავად გააგრძელა თამაში და მის კარგ თამაშს ბუნებრივია მსოფლიო ბობოლათა დაინტერესებაც მოჰყვება, გამოდის, რომ მისი “გაცოცხლება” ვინჩენცო მონტელას მარტივად უნდა დაუვიწყოს და სხვა კლუბს მიაშუროს? განა იქნება ეს სამართლიანი? განა ჯერ კიდევ 2-3 თვის წინ, ჯუზეპე როსი არ იყო, მასზე ავანსებს აღარავინ რომ აღარ გასცემდა? ვითომ მხოლოდ “ფულითა ცხონდების?”...
ამ ყველაფერს ვწერ იმ მარტივი გამოცდლებიდან გამომდინარე, რაც ფლორენციულ კლუბს ბოლო წლებში ბლომად დაუგროვდა. თუნდაც მხოლოდ ლუკა ტონისა და სტევან იოვეტიჩის მაგალითები რად ღირს... როგორც ერთი გორელი კარგი კაცი ამასწინათ მეუბნებოდა: “კარგი ფეხბურთელების ყოლა პატარა კლუბებისთავის დიდი თავსატეხია, რადგან ათასი ჯურის დიდი კლუბების ნაძირალა აგენტები მოუწამლავენ ცხოვრებას და პატარა კლუბის ქომაგს სულ იმის შიში ექნება, რომ კარგად მოთამაშე ფეხბურთელებს სეზონის დასრულების შემდეგ წაართმევენო”. ალბათ მართლაც ძნელია ამაზე ზუსტად და სწორად გამოხატო ის უსამართლობა, რაც თანამედროვე ფეხბურთში არსებობს და უფრო სამწუხაროა, რომ ამ უსამართლობის მასშტაბები თანდათან იზრდება და ყოვლისმომცველი ხდება.
ისე კი, ლოგიკა შორს რომ მოვისროლოთ და მისტიკაში გადავიჭრათ, როგორც პლანეტები იუწყებიან, ჯუზეპე როსი ნამდვილად არ ჰგავს მოღალატეს. არც სახით ჰგავს და არც წარსულით. ბოლოს და ბოლოს, იმედი ვიქონიოთ, რომ საკუთარ გვარს მაინც სცემს პატივს!