ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჟუნინიო პერნამბუკანუმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
ბოლოს, 39 წლის ფეხბურთელი “ვასკუ და გამაში” თამაშობდა. სწორედ, ამ ბრაზილიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ჟუნინიო სპეციალურ პრესკონფერენციას ჩაატარებს, რომელზეც თავის გადაწყვეტილებას გაახმოვანებს.
მან დეკემბერში ტრავმა მიიღო, რომლის შემდეგ სრულად ვერ გამოჯანმრთელდა და კარიერასაც ამიტომ ამთავრებს.
ჟუნიონიომ საუკეთესო წლები “ლიონში” გაატარა, რომლის რიგებშიც საფრანგეთის ჩემპიონატი 7-ჯერ მოიგო. მან ფრანგულ კლუბში ყველა ტურნირში 354 მატჩი ჩაატარა და 100 გოლი გაიტანა.
1999-2006 წლებში ჟუნინიომ ბრაზილიის ეროვნული გუნდის მაისური 40-ჯერ მოირგო და მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო.
ბრაზილიელმა გულშემატკივრებს თავი ყველაზე მეტად “საფირმო” საჯარიმო დარტყმებით დაამახსოვრა. გოლების უმეტესობა მან სწორედ “სტანდარტულებიდან” გაიტანა.