ფეხბურთი

11:17 | 1.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიუ: “მეტოქემ დამსახურებულად მოგვიგო”

 

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში მადრიდის “ატლეტიკოსთან” 1:3 მარცხის შემდეგ აღიარა, რომ მეტოქემ დამსახურებულად მოიგო.

“ვფიქრობ, პენალტამდე “ატლეტიკო” ჩვენზე უკეთ არ თამაშობდა. თამაშის მსვლელობას ვაკონტროლებდით, მაგრამ მერე გადამწყვეტი წუთი დადგა. ჯერ იყო და მათმა მეკარემ ჯონ ტერის საოცარი დარტყმული მოიგერია, მერე კი, 11-მეტრიანი დაინიშნა და ამან ინტრიგა მოკლა. მანამდე მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო. “ატლეტიკოს” ბრწყინვალე მეკარე ყავს და მისმა ოსტატობამ თამაშის ბედი გადაწყვიტა. გამორჩეულია მათი თავდასხმაც. მთლიანობაში, მეტოქემ დამსახურებულად მოიგო” - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა უეფას ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში.

“მეორე გოლის შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთ გუნდს შერჩა კარგი განწყობა. მათ უკვე იცოდნენ, რომ სიტუაციას აკონტროლებდნენ, რადგან სათამაშოდ მხოლოდ ნახევარი საათი იყო დარჩენილი. 60 წუთი თამაში მიგვყავდა, მაგრამ ასეთია ნახევარფინალი. ის მცირე დეტალებისგან შედგება და ამ მცირემ ყველაფერი გადაწყვიტა. “ატლეტიკოს” გამარჯვებას ვულოცავ. ეს ძლიერი გუნდია, რომელიც ფანტასტიურად გამოდის ესპანეთის ჩემპიონატში, დღეს კი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

“რეალმა” “ბაიერნი” იმიტომ დაამარცხა, რომ მასზე ძლიერი იყო. დღეს იმავე მიზეზით “ატლეტიკომ” “ჩელსის” აჯობა. ვფიქრობ, ფინალით ყველა ისიამოვნებს და ტურნირს ბრწყინვალე გამარჯვებული ეყოლება. ვერ გავაკრიტიკებ ბიჭებს, რადგან მათ წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს. ჩვენ საკადრო პრობლემები გვქონდა. ტრავმებისა და დისკვალიფიკაციების გარდა, რამდენიმე მოთამაშე ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც არ გვყავს. მარცხი ყოველთვის საწყენია, მაგრამ ჩემი შეგირდებით ვამაყობ და ვიტყვი, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთეთ. 1:1-ზე გოლი რომ გაგვეტანა, ახლა სულ სხვა შედეგი გვექნებოდა. მომავალ სეზონში კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით და სწორედ ესაა ჩვენი ამოცანა. ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოცდილებას შეიძენენ. ვიმედოვნებ, რომ ორ-სამ ფეხბურთელსაც შევიძენთ. მოკლედ მომავალ სეზონს ველით” - დაამატა მოურინიუმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121027