მთავარი

2:21 | 7.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იუვემ” და პსჟ-მ დავიწყებული 1/4-ფინალი გაიხსენეს

ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის მატჩები ზუსტად ისეთი სცენარით წარიმართა, როგორიც ყველაზე მეტად იყო მოსალოდნელი – “ვალენსიამ” იბრძოლა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე პსჟ გავიდა, ხოლო პარალელურ მატჩში, “იუვენტუსი” “სელტიკს” კვლავ იოლად გაუსწორდა.

“ვალენსია” რთული ამოცანის წინაშე იდგა. “ღამურებს” პარიზში მინიმუმ 2 გოლის გატანა და აუცილებლად მოგება სჭირდებოდათ. ერნესტო ვალვერდეს შეგირდებს ამოცანას ის უადვილებდა, რომ მასპინძლებს გუნდის ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ ჰყავდათ. თავის მხრივ, დანაკლისი ჰქონდა “ვალენსიასაც” – ესპანელები საფრანგეთს ცენტრალური მცველების, ადილ რამისა და რიკარდუ კოშტას გარეშე ეწვივნენ.

პირველი ტაიმი უინტერესო გამოდგა. “ვალენსია” უშედეგოდ უტევდა, ხოლო პსჟ კონტრშეტევებზე ვერ ბრწყინავდა. შესვენებამდე ერთადერთი სახიფათო მომენტი სოლდადოს შეექმნა, მაგრამ “ღამურების” ლიდერმა კარგად ვერ დაარტყა.

“ვალენსიას” სახიფათო მომენტების შექმნა შესვენების შემდგაც უჭირდა, მაგრამ თამაშის განახლებიდან 10 წუთში, სტუმრებმა ანგარიში მაინც გახსნეს. ეპიზოდს განსაკუთრებით სახიფათოს ვერ ვუწოდებდით, რადგან საჯარიმოს გარედან დარტყმის დროს, ჟონასს 2 ფეხბურთელი ეთამაშებოდა, თან ბურთი მეკარისგან ახლო კუთხეში წავიდა, მაგრამ გოლი მაინც გავიდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ “ვალენსიას” კიდევ ერთი ბურთი ჰყოფნიდა და პსჟ-ს გააქტიურება მართებდა.

66-ე წუთზე, პსჟ-მ, როგორც იქნა, შედეგიანი კონტრშეტევა განახორციელა. მოედნის ცენტრში, პარეხომ შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც, ბურთს გამეირო დაეუფლა. ამას ლავესის მეკარესთან პირისპირ გასვლა მოჰყვა და მართალია, პირველ ცდაზე, მას გუაიტამ აჯობა, მაგრამ დამატებაზე თავად არგენტინელმა ივარგა, რომელმაც გოლი მუხლით გაიტანა.

ანგარიშის გათანაბრება “ვალენსიასთვის” ბევრს არაფერს ცვლიდა. “ღამურებს” კვლავ ერთი გოლი ჰქონდათ გასატანი. ესპანელები ბევრს შეეცადნენ, მაგრამ მათმა მცდელობამ რეალურად სახიფათო მომენტამდეც კი ვერ მიგვიყვანა და 1995 წლის შემდეგ, პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პირველად გავიდა.

გლაზგოში ჩატარებული მატჩის მსგავსად წარიმართა “იუვენტუსისა” და “სელტიკის” ტურინული დაპირისპირებაც. ერთი გუნდი ბევრს ცდილობდა, მაგრამ კლასში არსებული დიდი განსხვავების გამო, მეორემ კვლავ იოლად იმარჯვა. “იუვემ” მეტოქეს ტაიმში თითო გოლი გაუტანა.

ანგარიში 24-ე წუთზე გაიხნა. ფორსტერმა კვალიარელას დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე მოთამაშე მატრის გატანაში ხელი ვეღარავინ შეუშალა. 65-ე წუთზე, ანდრეა პირლომ, მისთვის დამახასიათებელი დიდოსტატური გადაცემით, მეტოქის საჯარიმოში ვიდალი მოძებნა. ჩილელმა ბურთი მკერდით გააჩერა და ცარიელი კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულ კვალიარელას იოლი ბურთი გაატანინა.

ჩემპიონთა ლიგაზე, “იუვენტუსმა” კარის მშრალად შენახვა ზედიზედ მე-5 მატჩში მოახერხა. ეს ტურინელთათვის რეკორდული მაჩვენებელია, რომელიც აქამდე 2-ჯერ, 1964 და 2004 წლებში დაფიქსირებულა. მიმდინარე გათამაშებაში წარმატებით თამაშის წყალობით, “იუვე” ლიგის 1/4-ფინალში კალჩოპოლის შემდეგ პირველად გავიდა.

 

პსჟ-ვალენსია 1:1 (0:0)

პარიზი, “პარკ დე პრენსი” 44867

პსჟ (4-4-2): სირიგუ, ჟალე (ვან დერ ვილი 27), სილვა, ალექსი, მაქსველი, შანტომი, მოტა (გამეირო 58), მატუიდი, პასტორე, მოურა (საკო 83), ლავესი.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა, ბარაგანი, მატიო, ვიქტორ რუისი, სისოკო, პარეხო, ალბელდა (ბანეგა 46), ფეგული (პიატი 63), ტ. კოსტა, ჟონასი (ვალდესი 76), სოლდადო.

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე.

გოლები: 0:1 ჟონასი (55), 1:1 ლავესი (66).

გაფრთხილებები: ლავესი 67 - ალბელდა 22, ვიქტორ რუისი 38, სოლდადო 80, პარეხო 84, ბანეგა 90+1.

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი).

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 4 (3)-7 (3), კუთხური: 4-13, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-2, ჯარიმა: 11-18.

 

იუვენტუსი-სელტიკი 2:0 (2:0)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი” 39011

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, ბარძალი, მარონე, ბონუჩი, პადოინი, ვიდალი (ისლა 66), პირლო (ჯაკერინი 68), პოგბა, პელუზო (ასამოა 58), კვალიარელა, მატრი.

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

სელტიკი (4-5-1): ფორსტერი, მეტიუზი (ფორესტი 52), უილსონი, კაიალი, იზაგირე, კომონსი (ლასადი 72), ვანიამა (ამბროზე 46), ლედლი, მალგრიუ, სამარასი, ჰუპერი.

მწვრთნელი: ნილ ლენონი.

გოლები: 1:0 მატრი (24), 2:0 კვალიარელა (65).

გაფრთხილებები: პელუზო 18 – იზაგირე 65.

მსაჯი: ფირათ აიდინუსი (თურქეთი).

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 8 (5)-12 (5), კუთხური: 1-3, თამაშგარე: 3-2, სეივი: 5-3, ჯარიმა: 14-14.

0.201147