2011–2012 წლების სეზონში, მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაშიც, ბუნდესლიგაშიც და გერმანიის თასზეც მეორე ადგილი დაიკავა, წლევანდელი სეზონი კი, იუპ ჰაინკესის გუნდისთვის აბსოლუტური ტრიუმფით დასრულდა. ჩემპიონთა ლიგისა და ბუნდესლიგის მოგების შემდეგ, „რეკორდმაისტერმა“ ბრუნო ლაბადიას „შტუტგარტი“ დაამარცხა და გერმანიის თასიც ჩაიბარა.
მატჩი ძალზე მაღალ ტემპში წარიმართა და სანახაობრივიც გამოვიდა. ცხადია, გოლებიც მრავლად იყო. ორივე გუნდი აქტიურად უტევდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ „ბაიერნი“ თასს უფრო იმსახურებდა.
ანგარიში 37–ე წუთზე გაიხსნა – ტომას მიულერმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით მეკარისაგან საპირისპირო კუთხეში შეაგორა ბურთი და თავისი გუნდი შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გაიყვანა. მე–2 ტაიმის დებიუტში, ფილიპ ლამის დაბალ გადაცემას მარიო გომესი გამოეხმაურა და ცარიელ კარში იოლად მოათავსა ბურთი. რამდენიმე წუთში, ტანმაღალმა გერმანელმა დუბლიც გაიფორმა – ამჯერად, ასისტენტის როლში ტომას მიულერი მოგვევლინა.
მიუნხენელები 3:0 იგებდნენ და თითქოს თასიც ჯიბეში ედოთ, მაგრამ დასკვნით 20 წუთში, „ბაიერნის“ ქომაგებმა მაინც გვარიანად ინერვიულეს. მიზეზიც ჰქონდათ: 71– წუთზე, მარტინ ჰარნიკმა ჯერ თავურით დალაშქრა მიუნხენელთა კარი, შემდეგ კი, მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა მინუმამდე დაიყვანა.
შტუტგარტელებს თამაშის დამატებით დროში გადაყვანის იმედი გაუჩნდათ, მაგრამ „ბაიერნმა“ თავისი მოვალეობა შეასრულა და ანგარიში შეინარჩუნა – 3:2.
ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“. 75000
ბაიერნი – შტუტგარტი 3:2 (1:0)
ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ვან ბუიტენი, ბოატენგი, მარტინესი, რობენი (ტიმოშჩუკი 83), შვაინშტაიგერი, რიბერი (შაქირი 90), ალაბა, მიულერი, გომესი (მანჯუკიჩი 62).
მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი
შტუტგარტი: ულრაიხი, ტასკი, მოლინარო (საკაი 67), ბოკა, ნიდერმაიერი, რიუდგიგერი, გენტნერი, ტრაორე (კაკაუ 75), მაქსიმი (ოკაზაკი 67), ჰარნიკი, იბიშევიჩი.
მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია
გოლები: 1:0 მიულერი (37), 2:0 გომესი (48), 3:0 გომესი (61), 3:1 ჰარნიკი (71), 3:2 ჰარნიკი (80)
გაფრთხილებები: შვაინშტაიგერი (50), მანჯუკიჩი (90) – ტრაორე (36), ბოკა (65), იბიშევიჩი (90)
კარში დარტყმა: 11 (8) – 11 (8) ჯარიმა: 16 - 13 კუთხური: 10 - 6 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 64% - 36%