ჩოგბურთი

0:01 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული უიმბლდონი

ნადალს ფედერერი, აზარენკა და შარაპოვა მიჰყვნენ

წლევანდელ უიმბლდონზე სენსაციებს ბოლო არ უჩანს. თანაც ამ მხრივ როგორც ფავორიტი მამაკაცები, ასევე ქალები “გამოირჩნენ”. გუშინ ასპარეზობას რაფა ნადალი ჩამოშორდა, რომელიც თავისი კარიერის განმავლობაში პირველად დამარცხდა სადიდსლემო შეჯიბრების საწყის ეტაპზე. დღეს კი მიმდინარე უიმბლდონს დიდი სლემის ტურნირების სარეკორდო რაოდენობით (17) მომგები, უიმბლდონის შარშანდელი ტრიუმფატორი როჯერ ფედერერიც ჩამოშორდა.

ტურნირზე მესამე ნომრად განთესილი ლეგენდარული შვეიცარიელი უკრაინელ სერგეი სტახოვსკისთან 7:6 (7:5), 6:7 (5:7), 5:7, 6:7 (5:7) დამარცხდა. 27 წლის კიეველს რეიტინგსიაში 117-ე ადგილი უკავია და ნამდვილად ძნელი წარმოსადგენი იყო, ფედერერს რომ მოუგებდა. 3 სათამაშო საათის განმავლობაში სტახოვსკიმ 17 ეისი და 2 ბრეიკი განახორციელა.

როჯერ ფედერერმა 2004 წლის საფრანგეთის ღია პირველობის შემდეგ პირველად ვერ გააღწია დიდი სლემის ასპარეზობის მეოთხედფინალში. არადა, წლევანდელი უიმბლდონის კენჭისყრის შემდეგ ვწერდით, რომ მეოთხედფინალში ერთმანეთს როჯერ ფედერერი და რაფა ნადალი შეხვდებოდნენ...

რაფასა და როჯერს მარია შარაპოვამ და ვიკტორია აზარენკამ “მიბაძეს”. მესამე ნომრად განთესილი შარაპოვა 20 წლის ლისაბონელ მიშელ ლარშერ დე ბრიტუსთან 3:6, 4:6 დამარცხდა. კლასიფიკაციაში 131-ე პოზიციაზე მყოფ პორტუგალიელთან წაფორხილების შემდეგ მაშამ დანანებით განაცხადა, კორტის მდგომარეობით თავის მართლებას არ ვაპირებ, მაგრამ პირველად მოხდა, რომ ერთი მატჩის მსვლელობისას სამჯერ დავვარდიო.

წაგების მიუხედავად, შარაპოვა რეიტინგსიაში მეორე საფეხურამდე აიწევს, რადგან პირველ წრეში მიღებული ტრავმის გამო ბელარუსმა აზარენკამ იტალიელ ფლავია პენეტასთან თამაშზე უარი განაცხადა. 

0.118746