ესპანეთის ჩემპიონატის დაწყების წინ, მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა ნახევარმცველმა ისკომ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ესპანელი იმედოვნებს, რომ ახალ გუნდთან ერთად წარმატებას მიაღწევს. მისი თქმით, "რეალს" ჰყავს საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელები.
- რამდენად სწრაფად გაიარეთ გუნდში ადაპტაცია?
- მოხარული ვარ აქ ყოფნით, "რეალში" თავს კომფორტულად ვგრძნობ. ადაპტაციის გავლა სწრაფად შევძელი. აქ დიდებული ხალხი დამხვდა. გაოცებული ვარ მათი თავმდაბლობით, სამუშაო ეთიკით, შრომისუნარიანობით. ვარჯიშებზე მაქსიმალურად ვიხარჯები და მოხარული ვიქნები, თუ პირველ მატჩშივე მომეცემა თამაშის საშუალება.
- რა შეხედულება გაქვთ კარლო ანჩელოტიზე და მის მეთოდებზე?
- ის ძალიან მეგობრული ადამიანია და ამას ყოველთვის ამტკიცებს. მისი სათამაშო ფილოსოფია “რეალისთვის” მისაღებია. ანჩელოტი ბურთის დიდხანს ფლობაზე გვამუშავებს, რათა მოედანზე სათამაშო უპირატესობა ჩვენ გვქონდეს. ამ სეზონში მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.
- რას იტყვით ბენზემასა და იოზილზე?
- ბენზემა ფანტასტიკური თავდამსხმელია, სათამაშო სიტუაციას ალღოს მალევე უღებს და მჯერა, ამ სეზონში ბევრ გოლს გაიტანს. რაც შეეხება იოზილს, გასაოცარი ფეხბურთელია. მას შეუძლია მოგცეს ბურთი იქ, სადაც გინდა. იოზილისა და მოდრიჩის ტანდემი საუკეთესოა.
- რას იტყვით იკერ კასილიასისა და დიეგო ლოპესის დუელზე?
- ორივე ჩინებული მეკარეა და გუნდი ამით უნდა ამაყობდეს. როდესაც იკერი ტრავმირებული იყო, ლოპესი ღირსეულად იცავდა "რეალის" კარს. ჩემი აზრით, კასილიასი მსოფლიოში საუკეთესოა.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ ზინედინ ზიდანთან?
- ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ის ყოველთვის მაძლევს რჩევებს და საკუთარ გამოცდილებას მიზიარებს. ზიდანი ყოველთვის აღნიშნავს, რომ ბურთის ფლობა მნიშვნელოვანია.
- რას ფიქრობთ ბეილის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით?
- ბეილი შესანიშნავი ფეხბურთელია. ჩვენს გუნდში მისი გადმოსვლით მოხარულები დავრჩებით. თუ რომელ პოზიციას შეავსებს, ეს უკვე მწვრთნელის პრობლემაა.
- როგორ შეაფასებთ "ბარსელონას" წინასასეზონო მომზადებას?
- "ბარსელონას" მომზადების შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. მთლიანად ფოკუსირებული ვარ ჩემს გუნდზე და დაუღალავად ვვარჯიშობ.
გიორგი ბალახაძე