ფეხბურთი

15:32 | 30.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ისევ “მარაკანაზო”?

ესპანური Marca-ს ჟურნალისტი ხავიერ ესტეპა იმ პასუხისმგებლობაზე წერს, რომელიც კონფედერაციის თასის ფინალში ლეგენდარულ “მარაკანაზე” ბრაზილიელებს დააწვებათ მხრებზე. “საათებიღა დარჩა ფინალამდე, რომელიც შესაძლოა, ისტორიაში შევიდეს, - წერს ესტეპა, - 1950 წლის აჩრდილი კვლავაც “მარაკანაზეა.” მაშინ ხომ ბრაზილიელებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ტოლფასი მატჩი წააგეს ურუგვაისთან. ახლა მათ ესპანელების დამარცხება და ამით “ჯადოს” ახსნა სურთ, თუმცა ისიც სიმართლეა, რომ ძალიან შიშობენ, ისტორია არ გამეორდეს და “მარაკანაზე” მორიგად არ შერცხვნენ.

ფაქტია, რომ ვისენტე დელ ბოსკეს ბიჭებს კვირა ღამეს ლეგენდარულ სტადიონზე ჯოჯოხეთის გავლა მოუწევთ. ბრაზილიური ტორსიდა პირველი მატჩიდანვე გამაყრუებლად უსტვენს ესპანელებს და გამონაკლისი არც ფინალი იქნება, თუმცა გასაკვირი არაფერია. ტურნირი რომ ესპანეთში ტარდებოდეს, ზუსტად იგივე გამეორდებოდა, ოღონდ პირიქით.”

სიტყვა “მარაკანაზო” ბრაზილიელი ქომაგების ლექსიკონში 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაჩნდა და დაახლოებით “მარაკანაზე” შერცხვენას” ნიშნავს. ამ გამოთქმას, მაგალითად, მაშინ ხმარობენ, როცა აუტსაიდერი გუნდი სენსაციურად ლიდერს მოუგებს ხოლმე.  

0.13509