2014 წლის ექვსი ერის გათამაშების მეორე ტურის შემდეგ ცხადი შეიქმნა, რომ ბოლო ორი წლის გამარჯვებულ უელსს ტიტულის ზედიზედ მესამედ შენარჩუნება გაუჭირდება და წელს პირველობის ერთ-ერთი მთავარო ფავორიტი ირლანდიის ნაკრები იქნება.
სხვათა შორის, წლეულს ნოემბერში, ირლანდია საკუთარ “ავივაზე” ევროპის ერთა თასის ჩემპიონს დაუხვდება და თუ საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს პირველობა არ დაანება, დიდია შანსი იმისა, რომ “ბორჯღალოსნებმა” ექვსი ერის მოქმედი გამარჯვებულის წინააღმდეგ ითამაშონ.
ირლანდიას ევროპის უძლიერესი გუნდის სტატუსი 2009 წლის შემდეგ არ მოუხვეჭია, მაგრამ წლევანდელი გათამაშება ძალიან კარგად დაიწყო და ორ საშინაო მატჩში ორი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ორ თამაშში ირლანდიელებს ლელო არ გაუშვიათ, ეს კი, მათი ზელანდიელი მთავარი მწვრთნელის, ჯო შმიდტის დამსახურებაა.
უელსთან მატჩში მასპინძელთა წარმატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ჯონათან სექსტონი ფეხით იდეალურ ტაქტიკურ დარტყმებს ანხორციელბდა, მაგრამ მას მორკინალებიც, განსაკუთრებით მესამეხაზელები ეხმარებოდნენ, რომლებიც იდეალურად წევდნენ ხაზს თამაშიც უმეტესად სტუმართა ნახევარზე მიმდინარეობდა. ირლანდიელთა აგრესიულმა დაცვამ და ასევე აგრესიულმა შეტევამ, “დრაკონებს”, რომლებიც მთლად დამაჯერებლად არც იტალიასთან მოგებულ შეხვედრაში გამოიყურებოდნენ, რამდენიმე შეცდომა დააშვებინა და ახლა მათი ჩემპიონობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
სექსტონმა ჯარიმით ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა და მე-16 წუთზე მეორე შანსიც გამოიყენა. შუალედში იყო ეპიზოდი, როდესაც სკოტ უილიამსმა ბრაიან ოდრისკოლი ცენტრალური ხაზის სიახლოვეს ისე შებოჭა, რომ ბურთი დააკარგვინა და უელსელებს კონტრშეტევის შანსი მიეცათ, მაგრამ რობ კერნი დროულად გაერკვა სიტუაციაში და მეტოქეს სწრაფი კონტრშეტევის წამოწყების საშუალება არ მისცა. ნელ-ნელა ლელოც მომწიფდა და აგრესიულმა პრესინგმა შედეგი 31-ე წუთზე მოიტანა. უელსელთა შეცდომების სერიას ირლანდიელთა მხრიდან დერეფნის მოგება მოყვა, კარგად დაყენებული მოლი მცველებმა ვერ შეაჩერეს და კრის ჰენრიმ ბურთი დაამიწა, ხოლო სექსტონმა ტაიმის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 13:0.
სექსტონმა მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა, თუმცა, შუალედში უელსმაც აკინძა ფაზები და ლეოგ ჰალფპენიმ ერთი ჯარიმა გაქვითა. სტუმრებმა 67-ე წუთზე ლელოს გატანა შეძლეს, მაგრამ რეფერიმ როდრი ჯონსი ხაზის გადაკვეთამდე ორმაგ მოძრაობაში დაადანაშაულა და მისმა სასტვენმა ლელოს ნაცვლად მეტოქის სასარგებლოდ ჯარიმა დააფიქსირა. ირლანდიელებს მოგება გარანტირებული ჰქონდათ, 78-ე წუთზე ჯარიმა აუტში გადაიტანეს, ფორვარდებმა 22-ის ხაზიდან მოლით 17 მეტრი დაფარეს, უელსელთა ხაზი მოშიშვლდა და პედი ჯექსონმა ხაზი უპრობლემოდ გაჭრა. მანვე გარდასახვა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 26:3.
ირლანდია ორიდან ორი მოგებით კი დაწინაურდა, მაგრამ რთული კალენდარი აქვს. ორ კვირაში “სამყურებს” ინგლისში ელით გასვლა, მერე იტალიას მასპინძლობენ, გათამაშებას კი, საფრანგეთში გასვლით ასრულებენ.
პირველი დღის მეორე მატჩში ინგლისმა სტუმრად შოტლანდია მშრალზე დატოვა და 1978 წლის შემდეგ ეს მეტოქე ნულზე პირველად დატოვა. დენ კერიმ ანგარიში მე-5 წუთზე არეკნით გახსნა, ათიოდე წუთში კი, ლუთერ ბარელიმ მაღალ სიჩქარეზე მიიღო ბურთი, ხაზი გაჭრა და ფეხებში შებოჭილი ჩათვლის მოედნის ხაზს გადასწვდა. ოუენ ფარელიმ ზუსტ გარდასახვას 28-ე წუთზე ჯარიმა მიაყოლა და ტაიმი 13:0 დასრულდა. სტუმრები მეორე ტაიმშიც დომინირებდნენ და ლელოს გატანის შანსი რამდენჯერმე მიეცათ, მაგრამ მხოლოდ, 58-ე წუთზე უწიეს მიზანს. ჯეკ ნოუელმა მცველები იოლად ჩამოიშორა და მარცხენა ფლანგზე მაიკლ ბრაუნი გააქცია, ფარელიმ კი, გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ექვსი ერის მეორე ტური დღეს, პარიზში გასამართი მატჩით დასრულდება. საფრანგეთი იტალიას უმასპინძლებს და შარშან განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებით სატურნირო ცხრილში ირლანდიასთან ერთად გალიდერების შანსი მიეცემა.
2014 წლის ექვსი ერი. მეორე ტური
8 თებერვალი
ირლანდია - უელსი 26:3
შოტლანდია - ინგლისი 0:20
1 | ირლანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 54-9 | 4 |
2 | ინგლისი | 2 | 1 | 0 | 1 | 44-26 | 2 |
3 | საფრანგეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 26-24 | 2 |
4 | უელსი | 2 | 1 | 0 | 1 | 26-41 | 2 |
5 | იტალია | 1 | 0 | 0 | 1 | 15-23 | 0 |
6 | შოტლანდია | 2 | 0 | 0 | 2 | 6-48 | 0 |
9 თებერვალი
საფრანგეთი - იტალია