რაგბი

3:26 | 17.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

IRB თბილისის თასის წლევანდელ გათამაშებამდე 1 თვე რჩება

ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირამდე – “IRB თბილისის თასი 2014”, რომელიც 14-22 ივნისის ჩათვლით, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება.

თბილისის თასის შარშანდელი გათამაშების მსგავსად, ჩატარდება სამი სამატჩო დღე – 14, 18 და 22 ივნისი. წლევანდელ ტურნირში “ბორჯღალოსნები” ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს, არგენტინელ იაგუარებს (A ნაკრები) და მზარდ იტალიას (A ნაკრები) უმასპინძლებენ.

IRB თბილისის თასი 2014 – რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით იმართება. ტურნირის გენერალური სპონსორი და წარმომდგენია “ვითიბი ბანკი”, რომლის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი ბარკალაიამ განაცხადა: “ვითიბი ბანკი” აქტიურად უჭერს მხარს ქართული სპორტის განვითარებას. მოხარულები ვართ, რომ ასეთი დონის საერთაშორისო ტურნირის “IRB თბილისის თასი 2014”-ის გენერალური სპონსორი ვართ.

სიამაყით გვსურს ავღნიშნოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობის მხარადაჭერის შესაძლებლობა მოგვეცა. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მორაგბეებს და ვიმედოვნებთ, რომ “ვითიბი ბანკის” მხარდაჭერა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რაგბის განვითარებას, წინსვლას და წარმატებას.“

 

IRB თბილისის თასი 2014 – ბილეთები და მატჩების განრიგი

ყოველ სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიმართება, რომლებიც 17:00 და 19:00 საათზე დაიწყება. ტურნირის ბილეთები 5 ლარი ეღირება, რომლითაც თითო სათამაშო დღის ორივე მატჩზე იქნება დასწრება შესაძლებელი. ინფორმაციას ბილეთების გაყიდვის დაწყების შესახებ, საქართველოს რაგბის კავშირი უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

 

მატჩების განრიგი:

14/06/2014 17:00 საქართველო 0-0

ესპანეთი

14/06/2014 19:00

მზარდი იტალია

0-0 იაგუარები
18/06/2014 17:00

საქართველო

0-0

იაგუარები

18/06/2014 19:00

მზარდი იტალია

0-0

ესპანეთი

22/06/2014 17:00

საქართველო

0-0

მზარდი იტალია

22/06/2014 19:00

იაგუარები

0-0

ესპანეთი

 

ტურნირის შესახებ უახლესი ინფორმაციისა და ფოტო-ვიდეო მასალის ნახვა შესაძლებელი იქნება IRB თბილისის ვებ გვერდზე rugby.ge/IRBTC2014, ასევე საქართველოს რაგბის კავშირის ფეისბუქისა და თვითერის პლათფორმებზე: Facebook.com/GeorgianRugbyUnion, Twitter.com/GeorgianRugby.

 

მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი კიდევ ერთი შესაძლებლობა

IRB თბილისის თასზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს იმ ახალგაზრდა მოთამაშეების გამოცდის საშუალება მიეცემა, რომლებსაც იგი 2015 წლის მსოფლიო თასისთვის მოიაზრებს – “მნიშვნელოვანია, რომ კვლავ მოგვეცა თბილისის თასის გამართვის შესაძლებლობა, რისთვისაც რაგბის საერთაშორისო საბჭოს დიდ მადლობას ვუხდით.

აღნიშნული ტურნირი კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, გამოვცადოთ ის მოთამაშეები, რომელთა შერჩევასაც მსოფლიო თასისთვის დავიწყებთ. თავის მხრივ, მორაგბეებისთვის ეს თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსს წარმოადგენს.

შარშანდელმა ტურნირმა ცხადყო, რომ მონაწილე გუნდები ძალზედ მაღალი ხარისხის რაგბს თამაშობენ. დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი გუნდების მონაწილეობით, როგორებიცაა ესპანეთი, არგენტინელი იაგუარები და მზარდი იტალია, არც წლევანდელი ტურნირი იქნება გამონაკლისი“, -  განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზედენტმა, გიორგი ნიჟარაძემ შემდეგი განაცხადა: “მინდა მადლობა გადავუხადო რაგბის საერთაშორისო საბჭოს, რომ წელს კვლავ მოგვეცა თბილისის თასის მასპინძლობის შესაძლებლობა. ეს ტურნირი მრავალმხრივ მნიშვნელოვანია ქართული რაგბის განვითარებისთვისა და პოპულარიზაციისათვის, როგორც საქართველოში, ასევე – მსოფლიო მასშტაბით.

ეს ტურნირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ნაკრების მომზადების პროგრამისათვის, ასევე ქართული რაგბის ქომაგებისათვის, რომლებიც ადრე ხშირად არ იყვნენ განებივრებულნი ასეთი დონის საერთაშორისო ტურნირებზე დასწრებით”.

www.rugby.ge

0.114856