საქართველოს ნაკრებისა და ზოგადად ქართული რაგბის ბოლოდროინდელი წარმატებების ფონზე, რაგბის საერთაშორისო საბჭო (IRB) ქართულ რაგბს სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს და მსოფლიო თასის ოფიციალურ საიტ http://www.rugbyworldcup.com –ზე ყოველკვირეულად აქვეყნებს სტატიებს.
რუსთა ძლევისა და ზედიზედ მეოთხე მსოფლიო თასზე გასვლის შემდეგ, მორიგი სტატია გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოს ნაკრების განვლილ მსოფლიო თასებზე მონაწილეობას ეხება.
“წმინდა გიორგის ეროვნული დროშით, რომელზეც თეთრ ფონზე წითელი ჯვარია გამოსახურლი, საქართველო 2015 წლის მსოფლიო თასზე, რომელიც ინგლისში გაიმართება, თავს ისე იგრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. მაქსიმალური ჟინით მოთამაშე ამ ერმა, რაგბიში თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა.
ბოლო დროს საქართველო აღმოსავლეთ ევროპული რაგბის “ლოკომოტივად” იქცა და მომავალი მსოფლიო თასი მისთვის ზედიზედ მეოთხე იქნება. ისტორია გვაჩვენებს, რომ ისეთი მძიმეწონოსნები, როგორებიც სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, შოტლანდია და ირლანდია არიან, მათში შიშს ვერ ნერგავენ და ყველა მათგან სერიოზული ბრძოლის გამართვა მოუწია ამ ქვეყნის ნაკრებთან.
ქართველები მსოფლიო თასზე პირველად 2003 წელს, ავსტრალიაში გამოჩნდნენ და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ქვეყნიდან გამოსულმა გუნდმა, თავი შერკინების მძლავრი თამაშით დაგვამახსოვრა. მომავალი მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის განვლილ მატჩში, რუსეთთან შეხვედრას სტადიონზე 45 ათასმა, ხოლო ტელევიზორით მილიონნახევარმა ადამიანმა უყურა.
მიუხედავად იმისა, რომ პირველ დიდ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ძლიერ ჯგუფში, ერთ-ერთ ფავორიტ ინგლისთან, 1995 წლის მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, სამოასთან და ურუგვაისთან მოხვდა, ამ გუნდმა მისთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. პირველ მატჩში “ლელო” ინგლისს ეთამაშა, მეტოქე რიგ შემთხვევებში შერკინებაში დაჩაგრა და რიგ შემთხვევებში ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა. საწყისი 8 წუთის შემდეგ ანგარიში 3:3 იყო, მაგრამ მერე ინგლისელთა ფიზურმა მომზადებამ, მაღალმა სათამაში კლასმა თავისი გაიტანა და ინგლისმა 84:6 იმარჯვა. სამოასთან პალიკო ჯიმშელაძემ ორი ჯარიმა და ერთი არეკნი გაიტანა, თუმცა, საქართველო მეორე მატჩში 9:46 დამარცხდა.
პერთიდან სიდნეიმდე მგზავრობით დაღლილ სამხრეთ აფრიკას გარკვეული დრო დასჭირდა ქართველთა ენერგიული წინააღმდეგობის გასატეხად და საბოლოოდ 46:19 მოიგო. ამ მატჩში დავით დადუნაშვილმა საქართველოს ნაკრების პირველი ლელო გაიტანა მსოფლიო თასზე და ერთ-ერთ ეტაპზე ნაქებ მეტოქეს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდნენ. საფინალო სასტვენის შემდეგ მაყურებლებმა ქართველები ოვაციით გააცილეს, თითქოს მათ მსოფლიო თასი მოეგოთ. ამას მოყვა არადამაკმაყოფილებელი თამაში და მარცხი ურუგვაისთან (12:24), რის შემდეგაც მათ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.
საქართველო 2007 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზე პლეი ოფში პორტუგალიის ორმატჩიან დუელში დამარცხებით მოხვდა. იქ ისინი მასპინძელ საფრანგეთთან, საბოლოოდ ბრინჯაოს მედლის მფლობელ არგენტინასთან, ირლანდიასთან და ნამიბიასთან მოხვდნენ. ამ მსოფლიო თასზე პირველად ითამაშა “მონპელიეს” მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ - “გორგოძილამ”. ის მხოლოდ სამ მატჩში გამოვიდა მოედანზე და მსოფლიო რაგბის ვარსკვლავად იქცა.
მისი დებიუტი მსოფლიო თასზე არგენტინასთან მატჩში შედგა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს, რომელსაც მანამდე საფრანგეთი ჰყავდა დამარცხებული, პირველ ტაიმში ლელოს გატანა არ დაანება. მაგრამ გმირობა არ შედგა, მეორე ტაიმში დაცვის ხაზი ოთხჯერ გაიჭრა და არგენტინამ 33:3 იმარჯვა. ბორდოში, “შაბან-დელმაზე” შეკრებილმა მაყურებელი მსოფლიო თასის უდიდესი შოკის მომსწრე გახდა, როდესაც საქართველო ირლანდიასთან 10:7 დაწინაურდა. მაგრამ 55-ე წუთზე დემპსის მიერ გატანილმა ლელომ ირლანდია სირცხვილისგან იხსნა, თუმცა, დასკვნით წუთებზე მათი ბედი ვიდეორეფერიმ გადაწყვიტა, რომელმაც ქართველთა მხრიდან ლელოს გატანა ვერ დააფიქსირა.
ქართველებს მომავალი მეტოქე ნამიბია ჰყავდათ და აქვსენტი გიორგაძის, ირაკლი მაჩხანელის და დავით კაჭარავას ლელოებს, მერაბ კვირიკაშვილმა 15 ქულა შემატა, რის შემდეგაც ქართველებმა 30:0 იმარჯვეს. დასკვნით მატჩში, საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან მარსელში უშანსოდ დამარცხდა - 7:64.
გორგოძის მეთაურობით, საფრანგეთის თოპ 14-ში მოთამაშე სხვა მორაგბეებით დაკომპლექტებულმა საქართველოს ნაკრებმა, ახალ ზელანდიაში კიდევ უფრო კარგი თამაში აჩვენა, თუმცა, წვიმიან ინვერქარგილში მათ შოტლანდიას ვერ აჯობეს. 6:15 წაგებამ, ყველაზე მეტად გული ქართველთა შოტლანდიელ მთავარ მწვრთნელ რიჩი დიქსონს დაწყვიტა. ჯგუფში ქართველები ინგლისთან 10:41 და არგენტინასთან 7:25 დამარცხდნენ, თუმცა, “პუმებს” ტაიმის 5:7 წაგების შემდეგ მოუწიათ თამაშში დაბრუნება. ახალ ზელანდიაში საქართველომ რუმინეთი დაამარცხა (25:9) და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გორგოძემ შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანა.
მიღწევა
გმირული მარცხი ირლანდიასთან (10:14) 2007 წლის მსოფლიო თასზე. მართალია, ქართველები დამარცხდნენ, მაგრამ დიდებული კონკურენტუნარიანობის გამო, მათ დაიმსახურეს მსოფლიოს აღფრთოვანება. რომ არა ირლანდიელი მორაგბეს სხეული ბურთსა და მიწას შორის, რის გამოც საქმეში ვიდეორეფერის ჩარევა გახდა საჭირო, საქართველოს ნაკრები გახდებოდა მსოფლიო თასების უდიდესი სენსაციის შემოქმედი.
იმედგაცრუება
2003 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მიზანი ურუგვაის დამარცხება იყო, მაგრამ ქართველებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს და 12:24 დამარცხდნენ.
ციტატა
“ეს საუკეთესო დღეა ქართულია რაგბის და მთელი ქვეყნის ისტორიაში. არც კი ვიცი რას უნდა ველოდო სამშობლოში დაბრუნებულები ჩვენი პირველი გამარჯვების შემდეგ” - განაცხადა მეორეხაზელმა რატი ურუშაძემ ნამიბიასთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ.
დასამახსოვრებელი და გამაოგნებელი
დავით დადუნაშვილი გახდა ყველაზე ახალგაზრდა კვაჭი, რომელმაც მსოფლიო თასზე სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. სამხრეთ აფრიკასთან მატჩის დროს, რომელიც 2003 წლის 24 ოქტომბერს სიდნეიში გაიმართა, ის 21 წლის და 270 დღის იყო”.