ფეხბურთი

11:55 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი სირბილაძე: "არ გამკვირვებია, ნაკრებში რომ არ მიძახებდნენ"

ფინეთის "ინტერის" 30 წლის ფორვარდი ირაკლი სირბილაძე კვლავ ეროვნულ ნაკრებშია. თემურ ქეცბაია მას ირლანდიასთან ვერა, მაგრამ 5 ივნისს დანიასთან, ალბათ, ათამაშებს. ყოველ შემთხვევაში, სირბილაძე ფინეთიდან პირდაპირ დანიაში ჩავა. საქმე ისაა, რომ დღეს ირაკლის ფინეთის ჩემპიონატის მატჩი ელის.

"მსოფლიო სპორტი" სირბილაძეს დაუკავშირდა:

- ნაკრებში ბოლოს ესპანეთთან ითამაშეთ, წლეულს აღარ ყოფილხართ გამოძახებული. ელოდით მიწვევას?

- წლეულს ტრავმაც მქონდა და ამასთან, ჩემპიონატი დაწყებული არ იყო. ბუნებრივია, ვისაც ჩემპიონატი დაწყებული აქვს და ფორმაშია, მას უნდა უხმო ნაკრებში. მოკლედ, არ გამკვირვებია, რომ არ მიძახებდნენ. ახლა კი - ვერ ვიტყვი, არ ველოდი-მეთქი. გახარებული ვარ.

- დანიის ნაკრების თამაში ბოლოს როდის ნახეთ?

- კარგა ხანია, არ მინახავს, მაგრამ ყოველთვის ძლიერი გუნდი ჰყავდათ და ახლაც ასე იქნება.

- კლუბზეც ვთქვათ: წლეულს რატომ ვერ არის "ინტერი" ლიდერთა შორის? შარშან ჩემპიონობამდე ცოტა დაგაკლდათ, ახლა კი 10 ტურის შემდეგ, მეხუთეზე ხართ.

- შარშან უფრო ძლიერი გუნდი გვყავდა. ძირითადის 4 წამყვანი ფეხბურთელი წავიდა, მათ ნაცვლად კი სარეზერვო გუნდიდან გადმოიყვანეს ახალგაზრდები, რომლებსაც უმაღლეს ლიგაში არ უთამაშიათ. ასე რომ, წლეულს ჩემპიონობისთვის ბრძოლა რთულია.

- თქვენ არ გქონდათ "ინტერიდან" წასვლის შანსი?

- მქონდა, მაგრამ გუნდმა არ გამიშვა. იყო რამდენიმე შემოთავაზება სეზონის ბოლოს და წლეულსაც. კონტრაქტი ოქტომბერში მიმთავრდება და მანამდე მომიწევს დარჩენა. შემდეგ თავისუფლად წავალ სხვა გუნდში.

- რომელი გუნდები გიწვევდნენ, შეგიძლიათ დაასახელოთ?

- ახლა ვერა. როცა ყველაფერი გაირკვევა, ვიტყვი.

 

0.126383