ფეხბურთი

4:33 | 10.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

იქნება ესპანურ-გერმანული ნახევარფინალი?

მესის სათადარიგოთა სკამზე ელიან

ჩემპიონთა ლიგის გუშინდელმა დღემ 2 ნახევარფინალისტი გამოავლინა. ფლეი ოფის ბოლო ეტაპზე თითო გერმანული და ესპანური გუნდი გავიდა. დიდი შანსია იმის, რომ 1/2-ფინალში, ამ ქვეყნის წარმომადგენლეთა რაოდენობა გაორმაგდეს. ამისთვის საჭიროა, რომ ტურინში მოთამაშე “ბაიერნმა” ორბურთიანი უპირატესობა არ გაანიავოს, ხოლო დაცვაში სერიოზული პრობლემების მქონე და სავარაუდოდ მესის გარეშე მოთამაშე “ბარსელონამ” პსჟ-სთან არ წააგოს.

 

ბარსელონა-პსჟ (პირველი მატჩი 2:2)

უკვე ერთი კვირაა, საფეხბურთო სამყაროს აწუხებს კითხვა, ითამაშებს თუ არა ლიონელ მესი პსჟ-სთან გასამართ განმეორებით მატჩში. ცალსახა პასუხი არ არსებობს, მაგრამ ალბათ სასტარტო შემადგენლობაში არა. მართალია, გუშინ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს, მაგრამ კატალონიელი ჟურნალისტები არგენტინელის ადგილს მაინც სათადარიგოთა სკამზე ხედავენ. ტრავმის სპეციპიკიდან გამომდინარე, რეციდივის შანსი საკმაოდ დიდია და სავარაუდოდ, მესი თამაშში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ ეს აუცილებელი იქნება.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ტიტო ვოლანოვას გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემები ექნება დაცვის ცენტრში. პუიოლისა და მასკერანოს არყოფნაში, პიკეს მეწყვილის როლზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. ერთ-ერთი მათგანია სერხიო ბუსკეტსი. მას ამ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება კი აქვს, მაგრამ “ბარსას” მე-16 ნომერი ნახევარდაცვაში შეუცვლელია და მისი უკან დაწევა ნაკლებად სავარაუდოა. კიდევ ერთი კანდიდატია ასევე ნახევარმცველი ალექს სონგი, მაგრამ მისი ტრანსფერი უვკე წარუმატებლად შეგვიძლია შევაფასოთ და ფეხბურთელს, რომელიც იმედებს ჩვეულ პოზიციაზე ვერ ამართლებს, სავარაუდოდ, დაცვის ცენტრსაც არ ანდობენ. განიხილება მარკ ბარტრას კანდიდატურაც. მისი საქმე სწორედ დაცვის ცენტრში თამაშია, მაგრამ 22 წლის უკანახაზელს სათანადო გამოცდილება არ აქვს. რომ არა ჯანმრთელობის პრობლემა, პიკესთან ერთად აუცილებლად ადრიანო ითამაშებდა. მართალია, ბრაზილიელის ძირითადი საქმიანობა დაცვის ცენტრში თამაში არაა, მაგრამ მას ამ პოზიციაზე გარჯის გამოცდილება აქვს. თუმცა, ადრიანომ ტრავმა ახლახანს მოირჩინა, თან დაჩქარებული წესით. ამრიგად, ვილანოვას საფიქრალი ბევრი აქვს.

საკადრო პრობლემების გარეშე არც “პარი სენ ჟერმენია”. ბლეზ მატუიდი ერთ-ერთია პსჟ-ს 3 ფეხბურთელიდან, რომლებმაც მიმდინარე გათამაშებაში, ყველა მატჩი შეუცვლელად ითამაშეს. დღეს, მას მოედანზე დისკვალიფიკაციის გამო ვერ ვიხილავთ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ტიაგუ სილვასა და ტიაგუ მოტას საკითხი.

გასულ უქმეებზე, წარმატებას ორივე გუნდმა მიაღწია. “ბარსელონამ”, გადახალისებული შემადგენლობით, “მალიორკა” 5:0 გაანადგურა. ხოლო პსჟ-მ, რომელმაც რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ასევე დაასვენა, “რენს” 2:0 სძლია. ორივე გუნდი ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.

“ბარსელონასა” და პსჟ-ს ურთიერთშეხვედრების ისტორია 4 თამაშს ითვლის. 1995 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, ფრანგებმა ესპანელებს, 2 მატჩის ჯამში, 3:2 მოუგეს. ცნობისთვის, მას შემდეგ, პარიზელენბი ლიგის 1/4-ფინალში პირველად თამაშობენ. 2 წლის შემდეგ, “ბარსამ” შური თასების მფლობელთა თასის ფინალის 1:0 მოგებით იძია. ხოლო ერთი კვირის წინათ, პარიზში, გუნდებმა 2:2 ითამაშეს.

“ბარსელონას”, საფრანგეთის წარმომადგენლებთან ჩატარებულ 16 თამაშში 9 მოგება, 4 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდა. საკუთარ კედლებში, კატალონიელებმა 5-ჯერ მოიგეს, ხოლო თითოჯერ ფრედ ითამაშეს და წააგეს.

ესპანურ გუნდებთან ჩატარებული 19 თამშიდან პსჟ-მ 9 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და ამდენივე წააგო. სტუმრად, პარიზელებს 4 მოგება, 1 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდათ.

შეხვედრას ბიორნ კუიპერსი გაუძღვება. ერთი წლის წინათ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებითი მატჩი, “ბარსელონას” მონაწილეობით, მან უკვე განსაჯა. მაშინ, კატალონიელებმა “მილანი” 3:1 დაამარცხეს. აღვნიშნავთ, რომ ჰოლანდიელმა “ბარსას” სასარგებლოდ 2 თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

  • 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ, “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” ჩემპიონთა ლიგის 20 თამაში ჩაატარა. კატალონიელებმა 16 მოიგეს და 4 ფრედ დაასრულეს;
  • ევროტურნირების ფლეი ოფში, პირველი მატჩის სტუმრად ფრედ თამაშის შემდეგ, 23 შემთხვევიდან, “ბარსა” შემდეგ ეტაპზე 18-ჯერ გავიდა. 7 შემთხვევიდან, როდესაც თამაში 2:2 დასრულდა, კატალონიელებმა მომდევნო ეტაპზე 7-ჯერ გააღწიეს;
  • ჩემპიონთა ლიგაზე, ფრანგულ გუნდებთან გამართულ შეხვედრაში, “ბარსელონა” გოლის გატანას ყოველთვის ახერხებს;
  • გუნდებს შორის აქამდე ჩატარებულ ოთხივე თამაშში ანგარიშის გახსნას კატალონიელები ახერხებდნენ;
  • მიმდინარე სეზონში, “ბარსელონას” ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებელი 73.7% არის, რაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია;
  • მას შემდეგ, რაც ლეო მესი “ბარსელონას” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა, კატალონიელებმა, ჩემპიონთა ლიგაზე, მის გარეშე 9 თამაში ჩაატარეს. “ბარსამ” 8-ჯერ მოიგო და ერთხელ წააგო;
  • თუ დღეს “ბარსელონამ” წარმატებას მიაღწია, კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ზედიზედ მეექვსედ ითამაშებენ;
  • ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, “ბარსამ” ბოლო 6 საშინაო თამაში მოიგო. ამ 6 თამაშში, კატალონიელებმა 19 გოლი გაიტანეს;
  • “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალიდან 2003 წლის შემდეგ არ გამოვარდნილა;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 77 თამაშში ლიონელ მესიმ 59 გოლი გაიტანა. ის მხოლოდ რაულს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 71 ბურთია;
  • ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, “მალიორკასთან” 5:0 მოგებულ შეხვედრაში, სესკ ფაბრეგასმა კარიერაში პირველი ჰეთ თრიქი გაიფორმა;
  • გასულ უქმეებზე, 402-დღიანი უქმობის შემდეგ, ფეხბურთს დაუბრუნდა ერიკ აბიდალი;
  • მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებული 24 თამაშიდან “ბარსელონამ” მხოლოდ 1 წააგო;
  • 1/4-ფინალში გასულმა გუნდებმა, მიმდინარე გათამაშებაში, მე-2 ტაიმის დამატებულ წუთებში სულ 8 გოლი გაიტანეს. აქედან 5 ბურთი ამ წყვილის მონაწილე გუნდებზე მოდის. “ბარსელონას” ფეხბურთელებმა თავი 3-ჯერ გამოიჩინეს, ხოლო ფრანგებმა – ორჯერ;
  • პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 გასვლითი თამაში მოიგო;
  • პსჟ-ს, ევროტურნირის ორმატჩიანი დაპირისპირება ესპანურ გუნდთან არასდროს წაუგია;
  • პსჟ ერთადერთი ფრანგული კლუბია, რომელმაც “კამპ ნოუზე”, ჩემპიონთა ლიგის მატჩში არწაგება მოახერხა;
  • ჩემპიონთა ლიგაზე, პსჟ-ს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • ევროტურირების ფლეი ოფში, საკუთარ კედლებში ჩატარებული პირველი მატჩი პსჟ-მ ფრედ 10-ჯერ დაასრულა. ფრანგები შემდეგ ეტაპზე 5-ჯერ გავიდნენ; პირველი თამაში 2:2 ორჯერ დასრულდა და პარიზელები გათამაშებას ორივეჯერ გამოეთიშნენ;
  • ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე პსჟ თავის 50-ე თამაშს დღეს ჩაატარებს;
  • პსჟ-ს მიერ მიმდინარე სეზონში გატანილი ცხრამეტივე გოლი საჯარიმოს შიგნიდან დარტყმის შემდეგ გავიდა;
  • პსჟ-ში “ბარსელონას” 3 ყოფილი ფეხბურთელი თამაშობს. ტიაგო მოტამ კარიერა კატალონიურ კლუბში დაიწყო, ხოლო იბრაჰიმოვიჩმა და მაქსველმა ესპანეთს 2009 წელს, “ინტერიდან” მიაშურეს;
  • მიმდინარე გათამაშებაში, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ყველაზე მეტი, 6 საგოლე გადაცემა გააკეთა;
  • მიმდინარე გათამაშებაში, მეტოქეს ბურთი ყველაზე მეტჯერ, 33-ჯერ ტიაგუ სილვამ აართვა;
  • ევროტურნირების ფლეი ოფებში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, “ბარსელონას” შემდეგ ეტაპზე გასვლის 82.2%-იანი შანსი აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე, ადრიანო, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, პედრო, ფაბრეგასი, ვილია.

პსჟ (3-5-2): სირიგუ, ჟალე, ალექსი, ტიაგუ სილვა, მაქსველი, მოურა, ბექჰემი, შანტომი, პასტორე, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი.

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).

 

იუვენტუსი-ბაიერნი (პირველი მატჩი 0:2)

გუნდებს შორის ერთი კვირის წინათ ნაჩვენები თამაშისა და დაფიქსირებული შედეგის გათვალისწინებით, წყვილში ყველაფერი გადაწყვეტილია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ერთი მხარე “იუვენტუსია”. ტურინელების შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ძალიან მცირეა, მაგრამ მაინც არის.

“ბარსელონასა” და “პარი სენ ჟერმენის” თამაშის მსგავსად, საკადრო პრობლემები ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებულ ყურადრებას იქცევს. ერთი კვირის წინათ გამართულ შეხვედრაში, თუ ტურინელთა მხრიდან ვინმე ქებას იმსახურედა, ეს, უპირველესად, არტურო ვიდალი იყო. დღეს, ჩილელი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. “ბებერ სინიორას” იგივე მიზეზით დააკლდება სტეფან ლიხტშტაინერიც. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ ბენდტნერი, პეპე და კასერესი. საეჭვოა მოედანზე ჯოვინკოს გამოჩენა.

სტუმრებს ტრავმირებული ბადშტრუბერი და კროოსი არ ეყოლებათ. პირველი მათგანი უკვე დიდი ხანია უთამაშებელია, ხოლო კროოსს “იუვენტუსის” ძლევაში მონაწილეობა დიდად არ მიუღია. მან ტრავმა სწორედ ერთი კვირის წინათ, შეხვედრის პირველივე ტაიმში მიიღო.

დღევანდელ მატჩს გერმანიის ჩემპიონის სტატუსით ხვდება “ბაიერნი”. გასულ უქმეებზე, “აინტრახტის” ძლევით, იურგენ კლოპის გუნდმა ტიტული ოფიციალურად გაინაღდა. საკუთარი ქვეყნის ჩემპიონობისკენ მიიწევს “იუვენტუსიც”, რომელსაც სერია A-ში 4-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

გუნდები ერთმანეთს მერვედ შეხვდებიან. ურთიერთდაპირისპირების ისტორიაში თანაფარდობაა – 3-3 მოგება და ერთი ფრე. ტურინში, “იუვემ” 2-ჯერ მოიგო და ერთხელ წააგო. “ბებერ სინიორას” “რეკორდმაისტერისთვის” არასდროს მოუგია იმ ანგარიშით, რომელიც ანტონიო კონტეს გუნდს დღეს სჭირდება.

გერმანულ გუნდებთან “იუვენტუსს” სულ 44-ჯერ უთამაშია. იტალიელებმა 23-ჯერ მოიგეს, 7-ჯერ ფრედ ითამაშეს და 14-ჯერ წააგეს. საკუთარ კედლებში, “იუვეს” 14 მოგება, 2 ფრე და 4 მარცხი დაუგროვდა.

იტალიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩატარებულ 36 თამაშში “ბაიერნს” 13 მოგება, 8 ფრე და 15 წაგება აქვს. სტუმრად, მიუნხენელებმა 5-ჯერ მოიგეს, 3-ჯერ ფრედ ითამაშეს და 9-ჯერ წააგეს.

  • “იუვენტუსმა”, საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 4 საჩემპიონთალიგო თამაშიდან 3 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ბოლო გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ტურინში იმარჯვა, “ბაიერნია”;
  • ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 17 თამაშიდან “იუვენტუსმა” მხოლოდ 2 წააგო;
  • გათამაშებას შემორჩენილ ფეხბურთელთაგან, ყველაზე მეტი ორთაბრძოლა (73) არტურო ვიდალმა მოიგო, რომელიც დღეს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს;
  • ერთი კვირის წინათ მიუნხენში მარცხით, “იუვემ” ევროტურნირებზე 18-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა;
  • გასულ უქმეებზე, “ბაიერნმა” გერმანიის ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად გაიფორმა. მიუნხენური გრანდი პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონობა ბუნდესლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე გაინაღდა;
  • მიმდინარე სეზონში, “ბაიერნი” სტუმრად ძალიან კარგად თამაშობს. ბუნდესლიგაში, სტუმრად ჩატარებულ 14 თამაშში მიუნხენელებმა მხოლოდ 2 ქულა დაკარგეს. ჩემპიონთა ლიგაზე, “რეკორდმაისტერმა” მხოლოდ 1 გასვლითი მატჩი წააგო;
  • ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 16 თამაშიდან იუპ ჰაინკესის გუნდმა 15-ში იმარჯვა;
  • ჩემპიონთა ლიგაზე, იტალიაში ჩატარებული 12 თამაშიდან “ბაიერნმა” მხოლოდ 3 მოიგო;
  • ჩემპიონთა ლიგის მატჩში გოლის გასატანად არიენ რობენს საშუალოდ 20 დარტყმა სჭირდება, რაც გათამაშებას შემორჩენილ ფეხბურთელთა შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია;
  • 1/4-ფინალისტთა შორის ყველაზე მეტი ბარათი “ბაიერნის” ფეხბურთელებმა მიიღეს. მიუნხენელთა ფეხბურთელი მსაჯებმა 23-ჯერ გააფრთხილეს და ერთხელ გააძევეს;
  • მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებული 9 თამაშიდან “ბაიერნმა” გოლის გატანა მხოლოდ ერთში ვერ მოახერხა;
  • განვლილ 9 თამაშში, გოლის გატანა “ბაიერნის” ათმა ფეხბურთელმა მოახერხა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;
  • ევროტურნირების ფლეი ოფში, საკუთარ კედლებში პირველი თამაში “ბაიერნმა” 47-ჯერ მოიგო. მიუნხენელები შემდეგ ეტაპზე 39-ჯერ გავიდნენ;
  • “ბაიერნს”, ევროტურნირებზე, 399 გოლი აქვს გაშვებული;
  • “ბაიერნმა”, 2013 წელს, ბუნდესლიგაში ჩატარებული 11 თამაშიდან ყველა მოიგო;
  • ევროტურნირების ფლეი ოფებში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, “ბაიერნს” შემდეგ ეტაპზე გასვლის 81.4%-იანი შანსი აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, ბონუჩი, ბარძალი, კიელინი, პადოინი, პოგბა, პირლო, მარკიზიო, პელუზო, ვუჩინიჩი, კვალიარელა.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა, მარტინესი, შვაინშტაიგერი, რობენი, მიულერი, რიბერი, მანჯუკიჩი.

მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი).

 

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრების ისტორიაში გათვალისწინებულია მხოლოდ უეფას ეგიდით ჩატარებული თამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.213334