დასრულდა 17-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი. ტრიუმფატორი გახდა ინგლისი, რომელსაც ჯონ პიკოკი წვრთნის. პიკოკი, უკვე მერამდენე წელია, 17-წლამდელთა თავკაცია და საქართველოშიც მოუწია ორჯერ ჩამოსვლა – პირველად 3 წლის წინ კობა ჟორჟიკაშვილის ნაკრებთან პირველ საკვალიფიკაციოში (1:1), მეორედ კი 2 წლის წინ ვასილ მაისურაძის გუნდთან ელიტ-რაუნდში. მაშინ ქართველებმა 1:0 იმარჯვეს გიორგი პაპუნაშვილის ბოლო წუთზე გატანილი გოლით. თუმცა, რა თქმა უნდა, ის სხვა ნაკრები იყო...
17-წლამდელთა 8-გუნდიანი ფინალური ეტაპი მალტაზე გაიმართა. ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ნახევარფინალში ინგლისმა პორტუგალიას 2:0 სძლია, ხოლო ჰოლანდიამ 5:0 გაანადგურა შოტლანდია.
ფინალს რაც შეეხება, ბრიტანელები სოლანკეს გოლით დაწინაურდნენ 25-ე წუთზე, ხოლო ტაიმის ბოლოს ჰოლანდიელმა შურმანმა გაათანაბრა - 1:1. პენალტების სერიაში ინგლისელებმა 4:1 იმარჯვეს. ინგლისი ისტორიაში მეორედ გახდა 17-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი. პირველად ეს 2010 წელს მოახერხეს.
სწორედ სოლანკე და შურმანი გახდნენ ფინალური ეტაპის ბომბარდირები 4-4 გოლით. შეგახსენებთ, ჰოლანდია ქართველ 17-წლამდელთა მეტოქე იყო პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე. ნოდარ აკობიას გუნდმა მათთან 0:1 წააგო თბილისში.