ფეხბურთი

2:54 | 14.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

იმერულ დერბიში “ტორპედომ” იმარჯვა

გუშინ ქუთაისის “ტორპედომ“ მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ქუთათურები გასული ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსან ს/კ “ზესტაფონს“ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ეწვივნენ, სადაც 17 ივლისს, უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, ზესტაფონელთა მეტოქე სლოვაკური “სპარტაკი“ (ტრნავა) იქნება.

იმერლების ურთიერთშეხვედრა ამჯერადაც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. როგორც გია გეგუჩაძემ, ასევე რევაზ ძოძუაშვილმა თავიანთი გაწვრთნილი გუნდები მეტწილად ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებით გაიყვანეს მოედანზე.

“ტორპედო“ მეტოქეს ბურთის კონტროლის გარდა, სხვა არცერთ სათამაშო კომპონენტში არ ჩამოუვარდებოდა, რიგ ეპიზოდებში კი უკეთაც გამოიყურებოდა, თუმცა თავიდან მდევრის რანგში აღმოჩნდა.

21-ე წუთზე “ზესტაფონში” დაბრუნებულმა ფორვარდმა ნიკოლოზ გელაშვილმა დააწინაურა მასპინძლები – 1:0. 32-ე წუთზე ანგარიში მას შემდეგ გათანაბრდა, რაც ჩიკვილაძემ დაარტყა საჯარიმოს ფარგლებს გარედან, მეკარემ გამოაგდო ბურთი და დამატებაზე ყველას ოთარ კვერნაძემ დაასწრო – 1:1.

54-ე წუთზე კი თამაშის საბოლოო ანგარიში ასე დაფიქსირდა – კვერნაძემ ჩიკვილაძის უზადო გადაცემა შეირგო, მცველებს გაექცა და მეკარესთან პირისპირ გასულმა დუბლით “ტორპედოს“ მოაგებინა – 1:2.

“ტორპედო“: ბობღიაშვილი, ტაბატაძე, თოდუა, მახვილაძე, ადამაძე, ჩაკვეტაძე (ბერუაშვილი 72), ჩიკვილაძე (კვასხვაძე 62), ბენაშვილი (ზ. გელაშვილი 46), მარკოზაშვილი (კიკნაველიძე 57), ფიფია (ბაბუნაშვილი 49), კვერნაძე (ქებურია 78).

www.fctorpedo.ge

0.121286