ეროვნული ჩემპიონატი ქუთაისში იმერული დერბით განახლდა. იმერთა მთავარ ქალაქში, “ტორპედომ” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა. ორივე გუნდმა, საგაზაფხულო სეზონისთვის იმ ფეხბურთელების ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა, რომლებმაც მოიპოვეს საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის ზედა ექვსეულში თამაშის უფლება. ქუთაისურ კლუბში გიორგი ონიანის დებიუტი შედგა, ხოლო “ჩიხურას” რიგებში გიორგი რეხვიაშვილმა, დავით ბოლქვაძემ და შოთა კაშიამ ითამაშეს პირველად.
გუნდებს ქუთაისში შესანიშნავი სათამაშო პირობები დახვდათ. იდეალური ამინდი და საფეხბურთო არენა კარგი საფუძველი გახლდათ, რათა ფეხბურთელებს თავიანთი საუკეთესო თვისებები წარმოეჩინათ. ერთადერთი, სასურველი იქნებოდა, ამ საინტერესო პაექრობას უფრო მეტი გულშემატკივარი დასწრებოდა.
“ცენტრალურზე” მოპაექრე კლუბების თავკაცებმა განსხვავებული სათამაშო ტაქტიკა აირჩიეს. სოსო ფრუიძემ 4-5-1 სქემით თამაში არჩია. დაცვაში, გამოცდილმა სპეციალისტმა ოდიკაძე-საჯაია-რეხვიაშვილი-კაშიას კვარტეტს ანდო ადგილი. მცველების წინ, საყრდენებად ლომაშვილი და დიღმელაშვილი მოქმედებდნენ. მათ წინ დავით ბოლქვაძე იდგა, ხოლო ფლანგებზე კირკიტაძე და კვასხვაძე ირჯებოდნენ. ცენტრალური ფორვარდის ფუნქციას საჩხერელთა შემადგენლობაში, ბესიკ დეკანოიძე ასრულებდა. გარკვეულწილად, მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო მასპინძელთა თავკაცმა გია გეგუჩაძემ, რომელმაც სათადარიგოთა სკამზე გიორგი დათუნაიშვილი, დათა რიგვავა და ელგუჯა გრიგალაშვილი დატოვა. “ტორპედოს” მწვრთნელმა ტრადიციული 4-4-2-ით ათამაშა გუნდი. ტაბატაძე-ჭელიძე-ონიანი-გურულის ოთხეული ამაგრებდა ქუთათურთა დაცვას. საყრდენზე გიაგაური იდგა, რომლის წინ კუხიანიძე და ტუღუში მოქმედებდნენ. მარჯვენა ფლანგზე გეგუჩაძემ დოლიძე დააყენა, ხოლო წინ, ფორვარდებად, საბანაძე-ბერიაშვილის დუეტი ირჯებოდა.
მატჩის დებიუტში ორივე გუნდს მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. მასპინძლებმა მე-4 წუთზე ხელსაყრელი მდგომარეობიდან საჯარიმო დარტყმა ვერ განახორციელეს ხეირიანად. გიორგი ონიანის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული საჯარიმო არაზუსტი გამოდგა. მე-7 წუთზე კი, რიონისპირელები გაშვებულ გოლს მიგინეიშვილმა გადაარჩინა. ზედ საჯარიმოს ხაზიდან საჯაიას ეფექტურად დარტყმული, ქუთაისელთა კიპერმა ეფექტურ ნახტომში მოიგერია. ცოტა ხანში, საჩხერელთა მეკარემ ითამაშა დამაჯერებლად, როდესაც გიგაურის დარტყმას მშვიდად დაეუფლა.
ამის შემდეგ, ხანგრძლივი “მშრალი” პერიოდის ძალზე სახიფათ მომენტი სტუმრებმა შექმნეს. 22-ე წუთზე, შეტევის მარჯვენა ფლანგზე კირკიტაძემ აშკარად დაჩაგრა ფიზიკურ დუელში ონიანი და მასპინძელთა საჯარიმოში შეიჭრა. დათომ დროულად უპასა კარგ მდგომარეობაში მყოფ დეკანოიძეს, მაგრამ საჩხერელთა თავდამსხმელს დარტყმა აშკარად არ გამოუვიდა. დაახლოებით ხუთ წუთში, მასპინძლელთა წინახაზელებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს. საბანაძემ კარგად უპასა მეტოქის საჯარიმოში შეჭრილ ტუღუშს, მაგრამ ამ უკანასკნელს დარტყმა არ გამოუვიდა. ცოტა ხანში, დაახლოებით 30-მეტრიანი პასი მშვენივრად დაამუშავა ბერიაშვილმა “ჩიხურას” საჯარიმოს ხაზთან. გიორგიმ ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა მეურვე და მარცხენა ფეხით დაარტყა კიდეც, მაგრამ მის ამ მცდელობას სიზუსტე დააკლდა. ტაიმის დარჩენილი დრო გუნდებმა ძალზე არაეფეტურად ჩაატარეს. ვერცერთი გუნდის ფეხბურთელებმა ვერ მოახერხეს ერთმანეთის კართან რაიმე ღირებულის შექმნა და საწყისმა 45-მა წუთმაც უგოლოდ ჩაიარა.
მეორე ტაიმი, წინამორბედთან შედარებით, უფრო ცოცხლად დაიწყო. თამაშის განახლებისთანავე, სახიფათო მომენტი შეიქმნა სტუმრების კართან. მოედნის სიღრმიდან, მარჯვენა ფლანგზე მყოფ დოლიძეს იდეალურად უპასა კუხიანიძემ. დოლიძემ ფლანგიდან სომხიშვილის კარის ბაქნის წინ გააკეთა გადაცემა. ბურთს ქუთაისელი ფორვარდები ვერ მიწვდნენ, მაგრამ ოდიკაძეს გამოუვიდა საკუთარი კარისკენ დარტყმა. “ჩიხურას” კაპიტანმა და კარის დარაჯმა ჩინებული რეაქცია გამოავლინა და საკუთარი გუნდი გადაარჩინა. ამის საპასუხოდ, საჩხერელებმა ლომაშვილის სახიფათო თავურით შეუტიეს მოწინააღმდეგის კარს, მაგრამ სტუმართა ნახევარმცველის ეს მცდელობა ოდნავ არაზუსტრი გამოდგა. ამ სიტუაციაში, ლომაშვილს ზუსტი გადაცემა ოდიკაძემ გაუკეთა. 52-ე წუთზე, ქუთაისელებმა სტანდარტული სიტუაციიდან შექმნეს ხიფათი მეტოქის კართან. დოლიძის მიერ საჩხერელთა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს, თავი ძლიერად ბერიაშვილმა დაჰკრა ნახტომში. სახიფათო მომენტი სომხიშვილის დიდებული რეაქციის წყალობით განიმუხტა.
ასევე პირველი ტაიმისაგან განსხვავებით, რომელმაც თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, აშკარად გამოიკვეთა ტორპედოელთა ტერიტორიული უპირატესობა. თავის მხრივ, სტუმრები თავიანთ შანსს კონტრშეტევებში ეძებდნენ. 65-ე წუთზე დოლიძემ გაისროლა სორიდან ძლიერად, მაგრამ დარტყმული მცირედით არაზუსტი გამოდგა. ცოტა ხანში, მასპინძლებმა გრიგალლაშვილ-ბერიაშვილი-საბანაძის ჩინებული კომბინაცია გაითამაშეს, რომლის წყალობითაც, საბანაძე მახვილი კუთხიდან დაემუქრა სომხიშვილის დასაცავ ობიექტს, მაგრამ ნიკას დარტყმა არაზუსტი გამოდგა. შემდეგ, დოლიძის ფლანგური ჩაწოდება კინაღამ საჩხერელთა კარში ჩაეხვია. 74-ე წუთზე კი, “ტორპედოს” მარჯვენა მცველი ტაბატაძე გაისარჯა ჩინებულად. ახალგაზრდა ფეხბურთელმა დაახლობით 27 მეტრიდან ცაციათი ძლიერად გაისროლა მეტოქის კარისაკენ. სომხიშვილმა შეძლო ნახტომში ბურთის მოგერიება, თუმცა მისი ხელში შემაგრება ვერ მოახერხა. ქუთათურთა სამწუხაროდ, დამატებაზე არავინ აღმოჩნდა.
შეტევის გასაძლიერებლად გეგუჩაძემ შეცვლებს მიმართა. გამოცდილმა სპესიალისტმა მოედანზე ფანცულაია და ფირცხალავა შეუშვა. ვერ ვიტყვით, რომ ამ ცვლილებებმა მოედანზე სიტუაცია რადიკალურად შეცვალეს. პირიქით, საჩხერელებმა შეძლეს მდგომარეობის გამოსწორება დ იმ უპირატესობის განეიტრალება, რომელსაც ქუთათურები ფლობდნენ. 85-ე წუთზე, “ჩიხურა” მოედანზე კაცნაკლული დარჩა. საკუთარ საჯარიმოსთან ხელით განზრახ თამაშისთვის, არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ მეორე ყვითელი და შესაბამისად, წითელი ბარათი უჩვენა გაგა ჩხეტიანს. საერთოდ, არბიტრს საკმაოდ მოუხდა ყვითელი ბარათების ჩვენება, მაგრამ საერთოდ მატჩზე ვერ ვიტყვით, რომ უხეშობით გამოირჩეოდა. 87-ე წუთზე, საჩხერელებმა კუთხურის ჩაწოდების უფლება მიიღეს. ოდიკაძის შესრულებულ სტანდარტულზე, ყველაზე მაღლა საჯაია ახტა და თავურითაც შეეცადა ტორპედოელთა კარის აღებას, მაგრამ გამოცდილი მცველის მცდელობა ოდნავ არაზუსტი გამოდგა და ბურთმაც მცირედით გადაუქროლა ხარიხას.
თამაშის მიწურულს ქუთათურები შეეცადნენ მეტოქისათვის შტურმის მოწყობას, მაგრამ სახიფათო მომენტების შექმნა ზემო იმერლების კართან ვერ მოახერხეს. მართალია, მათ ჰქონდათ სიტუაციის გამწვავების რამდენიმე შანსი, თუმცა საქმე საბოლოო დარტყმამდე ვერ მიიყვანეს. საბოლოოდ კი, მატჩი უგოლოდ დასრულდა.
სოსო ფრუიძე (“ჩიხურა”) : “პირველი მატჩის პირობაზე, თამაში ნორმალური და საინტერესო გამოვიდა. ვხვდებოდით ძალიან კარგ საფეხბურთო გუნდს. ვფიქრობ და ვთვლი, რომ ქულა მოვიპოვეთ. ბიჭებს მადლობას ვუხდი თავდადებული თამაშისთვის”.
გია გეგუჩაძე (“ტორპედო”): “ნებისმიერ საფეხბურთო მატჩს გატანილი გოლები ამშვენებს. სამწუხაროდ, გატანა ვერ მოვახერხეთ. მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობა გვქონდა. სეზონი განახლდა და გუნდს გარკვეული დრო სჭირდება ოპტიმალური ფორმის მისაღწევად”.
“ტორპედო” – “ჩიხურა” 0:0 (0:0)
9.03. 18:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 3000 მაყურებელი
“ტორპედო”: მიგინეიშვილი, ზაზა ჭელიძე, გიორგი ონიანი, გიორგი გურული, ტაბატაძე, გიგაური, ტუღუში (ელგუჯა გრიგალაშვილი, 64), ბერიაშვილი, კუხიანიძე (ფირცხალავა, 77), დოლიძე, საბანაძე (ფანცულაია, 77).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე
“ჩიხურა”: სომხიშვილი, ოდიკაძე, საჯაია, გიორგი რეხვიაშვილი, კაშია, დიღმელაშვილი, ლომაშვილი, დავით ბოლქვაძე (ქიმაძე, 84), დავით კირკიტაძე, დეკანოიძე (გაგა ჩხეტიანი, 46), ნიკო კვასხვაძე (რევაზ გოცირიძე, 75).
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გოლები:
გაფრთხილება: ონიანი (13), ტუღუში (24), ბოლქვაძე (30), დიღმელაშვილი (56), გიგაური (59), ჩხეტიანი (78).
გაძევება: ჩხეტიანი (85).
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია
ზაზა ლეთოდიანი ქუთაისიდან