რაგბი

18:36 | 29.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

იგივე შედეგი უკეთესი ადგილით

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან პრის მეორე, მოსკოვის ეტაპზე, პირველის მსგავსად სამი გამარჯვება მოიპოვა და ამდენჯერვე დამარცხდა, მაგრამ ლიონისგან განსხვავებით (მე-6-ე ადგილი), რუსეთში მეოთხე ადგილი დაიკავა.

კახა ალანიას შეგირდებმა სამიდან ორი თამაში იმ ინგლისთან წააგეს, რომელსაც ლიონში აჯობეს. პირველად ეს ჯგუფურ ეტაპზე მოხდა და მიზეზი საკუთარი შეცდომები გახდა - 14:22. სამაგიეროდ, ამას მოყვა რუმინეთის 38:0 განადგურება და საფრანგეთის დამაჯერებელი დამარცხება – 31:14, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებს 12-გუნდა რეიტინგში მეოთხე ადგილი ერგო და თასის მეოთხედფინალში მასპინძელი რუსეთის წინაშე წარსდგა.

ეს მეორე დღის პირველი თამაში იყო და “ბორჯღალოსნებმა” მართლაც შესაშური თავდადებით იომეს, რაც შედეგშიც აისახა - 19:17 და ბრძოლა თასისთვის გაგრძელდა. მაგრამ ბრძოლა მხოლოდ თეორიულად, რადგან ქართველებს აღარც ფიზიკური ენერგია შერჩათ და ნახევარფინალში მომავალ გამარჯვებულ ინგლისთან 5:33 მარცხის შემდეგ, მესამე ადგილისთვის შოტლანდიას 12:38 დანებდნენ და საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავეს. ფინალში ინგლისმა პორტუგალია 47:12 გაანადგურა.

შემდეგი, მესამე ეტაპი, 13-14 სექტემბერს მანჩესტერში გაიმართება, ხოლო დასკვნით, მეოთხე ეტაპს 20-21 სექტემბერს ბუქარესტი უმასპინძლებს.  

0.106318