რაგბი

13:21 | 22.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

იამაიკას 10 წუთი ვაჯობეთ

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ჰონკონგში მიმდინარე მსოფლიო სერიების პირველი შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. “ბორჯღალოსნებმა” იამაიკის ნაკრები 27:17 დაამარცხეს და პირველ ტაიმში ნორმალური თამაში აჩვენეს, მეორე ნახევარში კი, გუნდი აირია და მეტოქესაც სამი ლელოს გატანის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ზურაბ ძნელაძე, ირაკლი მაჩხანელი, ირაკლი ღვინჯილია, ლაშა ხმალაძე, ვიტო კოლელიშვილი, გიორგი ფრუიძე, თედო ზიბზიბაძე. თამაშში ბურთი იამაიკელებმა რომ შეიყვანეს, ძნელაძემ მისი ხეირიანად დაუფლება ვერ მოახერხა და მერე პასიც ცუდი გამოუვიდა. შედეგად, თითქმის 1 წუთი ჩვენს 22-ში 7-კაცასთვის უჩვეულო ჭიდაობა გაიმართა, რის შედეგადაც ქართველებმა ბურთი დაიბრუნეს, იერიში მარჯვენა ფლანგზე გაიშალა, იქ კოლელიშვილი გაიქცა, მბოჭავი გადაჯეგა და ცენტრალური ხაზი გადაკვეთა, მერე ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა და შეტევა ლელოთი მაჩხანელმა დააგვირგვინა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

განახლდა თუ არა თამაში საქართველოს ნაკრებმა კიდევ შეუტია, დაახლოებით 2 წუთამდე იამაიკელთა 22-ის მისადგომებთან ხაზის გაგლეჯვა რამდენჯერმე სცადა, მერე დერეფანი მარჯვენა ფლანგზე გამოჩნდა და მაჩხანელმა დუბლი მიითვალა. გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო - 10:0. ტაიმის ბოლოს მაჩხანელმა სისწრაფეზე სცადა უპირატესობის მოპოვება, მაგრამ ცენტრს რომ გადასცდა მეტოქენი წამოეწიენ, შეტევა მარცხენა ფლანგზე გაგრძელდა, ზიბზიბაძემ კოლელიშვილი მოძებნა, ის ჩათვლის მოედნიდან 6-7 მეტრში შებოჭეს, მაგრამ წაქცეულმა ზიბზიბაძეს ბურთი ამოუგდო და ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 15:0.

შესვენებაზე მწვრთნელები და ბიჭები ერთმანეთს ამხნევებდნენ, ისე ვითამაშოთ თითქოს 0:0-იაო, მაგრამ ამან მხოლოდ საწყის წუთებში გაჭრა. ხმალაძემ ფეხით გაიგდო ბურთი და მიჰყვა, ის იამაიკელმა უბურთოდ შებოჭა და სინბინით დაისაჯა. ჯარიმა რომ გავათამაშეთ, მეტობა გამოვიყენეთ და კოლელიშვილმა თავისი პირველი ლელო გაიტანა, ხოლო ხმალაძემ გარდასახვით ანგარიში 22:0 გახადა. განახლდა თუ არა თამაში, იამაიკელმა ბურთი მოიხელთა და მარჯვენა ფლანგზე ისეთი სისწრაფით გაიჭრა ვერავინ რომ ვერ დაეწეოდა, ჩათვლის მოედანში კი, ბურთი ორიგინალურად დაამიწა.

მეტოქეს თავხედობა კოლელიშვილმა არ აპატია. ახლა ის გაიჭრა ფლანგზე და მცველი ზურგზე რომ ჩამოეკიდა, მასთან ერთად დარჩენილი 5 მეტრი დაფარა და ჩათვლის მოედანში ბურთთან ერთად დაამიწა. დასკვნით წუთებში საქართველოს ნაკრები საბოლოოდ აირია. შესაძლოა, ეს ცვლილებების ბრალი იყო, შესაძლოა, გუნდმა თამაში მოგებულად რომ ჩათვალა, კონცენტრაცია დაკარგა. შედეგად, ჯერ სხარტი იამაიკელი დაუსხლტა შავლეგ მახარაშვილს და ღვინჯილიას და ლელო ძელებსშუა, მერე კი, 22-იდან თამაშის განახლება ხეირიანად რომ ვერ მოხერხდა, ფლანგზე მეტოქემ მეტობა მოიპოვა და ის გამოიყენა კიდეც - 27:17.

უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნაკრები 7-კაცას ყველასგან განსხვავებული სტილით თამაშობს. თუ დანარჩენ გუნდებს კონტაქტი მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი და აქცენტს სისწრაფეზე და უპირატესობის მის ხარჯზე მოპოვებაზე აკეთებენ, ქართველები ტრადიციული დარტყმებით ცდილობენ ფონს გასვლას და სწორედ ამის შედეგია ჩვენი მატჩისას სხვებთან შედარებით ყველაზე მეტი რაქები რომ იქმნება.

ამით საქართველოს ნაკრებმა დღევანდელი დღის პროგრამა დაასრულა. ჩვენსავე ჯგუფში მოგვიანებით იაპონია ბრაზილიას ეთამაშება, კახა ალანიას და პალიკო ჯიმშელაძის შეგირდებს კი, მომავალი თამაში ხვალ გამთენიისას, თბილისის დროით 05:22 საათზე ელით. ხვალვე ქართველები ჯგუფის ბოლო მატჩს იაპონიასთან 14:10 საათზე გამართავენ. ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით გაირკვევა, თუ ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე კვირას მეოთხედფინალში და მისი მოგებით “ბორჯღალოსნებს” ლონდონის საგზური (სადაც მსოფლიო სერიების საგზურის დასკვნითი შესარჩევი ეტაპი გაიმართება) უკვე განაღდებული ექნებათ.

თეგებიშვიდკაცა
0.136216