32 წლის ლეიტონ ჰიუიტმა ავსტრალიის უმაღლესი საჩოგბურთო ჯილდო – ნიუკომბის მედალი დაიმსახურა. პლანეტის ექსპირველი ჩოგანი აგრეთვე „მწვანე კონტინენტის“ წლის საუკეთესო მოთამაშედ სცნეს. გამოკითხვისას ლეიტონმა სამანტა სტოსურს, ბერნარდ ტომიჩს, ნიკ კირგიოსსა და კეისი დელაკუა/ეშლი ბარტის წყვილს აჯობა.
მიმდინარე წლის დასაწყისში ჰიუიტი რეიტინგსიის ასეულს მიღმა იყო, სეზონი კი 60-ე პოზიციაზე დაასრულა. ლეიტონის წლევანდელ აქტივში ნიუპორტის ტურნირის ფინალში, ატლანტასა და ლონდონში ნახევარფინალში, აშშ-ის ღია პირველობაზე კი მეოთხე წრეში გასვლაა.
ჰიუიტს ჯილდო თავად ჯონ ნიუკომბმა გადასცა და საზეიმო ცერემონიალზე შემდეგი განაცხადა: „ლეიტონისთვის თასის გადაცემა ჩემთვის დიდი პატივია. მან ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. გადატანილი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ არავინ მოელოდა ტურში ჰიუიტის ესოდენ წარმატებულ დაბრუნებას. იგი კორტზე არასდროს გადის ვალის მოსახდელად და ყოველთვის მონდომებითა და საკუთარი თავისადმი რწმენით თამაშობს. ყველა ჩვენთაგანისთვის სამაგალითოა ავსტრალიის ნაკრების სახელით დევისის თასზე ჰიუიტის ასპარეზობა. ლეიტონი მაშინ გავიცანი, როცა 15 წლისა იყო და იმთავითვე ვიწინასწარმეტყველე, რომ მისგან ექსტრა-კლასის მოთამაშე დადგებოდა. ტონი როჩთან ერთად ლეიტონი დევისის თასის განაცხადში შევიყვანეთ. არც შევმცდარვართ. არჩევანმა გაგვიმართლა, თუმცა, მაშინ მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ჰიუიტი ავსტრალიელ ჩოგბურთელთაგან ყველაზე მეტხანს იქნებოდა რეიტინგსიის ლიდერი“.