სადიდსლემო ტურნირების ორგზის გამარჯვებული ლეიტონ ჰიუიტი ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელ გათამაშებას სასტარტო მატჩში მარცხის შემდეგ ჩამოშორდა. 32 წლის ლეიტონს იტალიელმა ანდრეას სეპიმ 6:7, 3:6, 7:5, 7:5, 5:7 მოუგო, ჰიუიტმა კი ხანგრძლივი საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში 41-ე ხუთსეტიანი მატჩი ჩაატარა. ამ მაჩვენებლით იგი პირველ-მეორე ადგილებს იყოფს ამერიკელ ანდრე აგასისთან. ეს სტატისტიკა “ღია ერას” ეხება.
“დიდი სლემის ტურნირებზე ნებისმიერი წაგება მტკივნეულია. მით უმეტეს, მოგებასთან არცთუ შორს ვიყავი. მესამე სეტიდან მოყოლებული აგრესიულად თამაში დავიწყე. სამწუხაროა, საბოლოოდ წარმატება მაინც იტალიელს რომ ხვდა წილად”, - დანანებით თქვა ჰიუიტმა.
შეგახსენებთ, ლეიტონ ჰიუიტმა 2001 წელს აშშ-ის ღია პირველობაზე იმარჯვა, 2002-ში უიმბლდონის ჩემპიონი გახდა, 2005-ში კი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ითამაშა და რუს მარატ საფინთან დამარცხდა.