კალათბურთი

14:54 | 9.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჰითმა” ანგარიში გაათანაბრა

“უბრალოდ, სწორად თამაშს ვცდილობ. იქნება ეს ქულების დაგროვება, პასები, მოხსნა თუ დაცვაში თამაში. ჩემი მოვალეობა ისეთი პოზიციების შექმნაა, როდესაც თავად ან პარტნიორები კარგ სასროლ პოზიციაზე ვიქნებით. მიხარია, მე-2 თამაშში ამ მხრივ ფაქტობრივად ყველაფერი გამომივიდა”, - განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა, რომელიც დღეს დილით ტეხასში გამართული შეხვედრის გმირი შეიქმნა.

შეგახსენებთ, რომ ნბა-ს ფინალურ სერიაში ჯეიმსის “ჰითმა” “სპურზთან” მარცხი განიცადა, თავად “მეფე ლებრონმა” კი შეხვედრა ტრავმის გამო ვერ დაასრულა. აი, მე-2 მატჩში კი ჯეიმსმა 35 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა და ფლორიდელებს 98:96 მოაგებინა. შედეგად, სერიაში ანგარიში 1:1 გახდა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ გადამწყვეტ მომენტში ჯეიმსმა თავად არ შეუტია და კარგ პოზიციაზე მყოფი კრის ბოში (18 ქულა) მოძებნა, რომელმაც შეტევა სამქულიანით დაასრულა. ამ პასის გამო, ბოშმა თამაშის შემდეგ თანაგუნდელისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“მაშინაც კი, როდესაც მას ყველაფერი გამოსდის, თავის თავზე ზედმეტზე არ აიღებს. თუკი უკეთეს პოზიციაში ხარ, ლებრონი პასს არ დაგვიგვიანებს. ის ყველაზე სარგებლიანი კალათბურთელია, ვისთან ერთადაც კი მითამაშია”.

ჯეიმსის გარჯამ წყალში ჩაუყარა ჩინებული თამაში “სპურზის” ლიდერებს ტონი პარკერს, ტიმ დანკანს და მანუ ჯინობილის, რომელთაც ჯამში 58 ქულა ჩააგდეს. ცნობისთვის, 38 წლის დანკანმა 18 ქულას 15 მოხსნა წაამატა და პლეი ოფებში 157-ე ორმაგი დუბლი მიითვალა, რითაც მანამდელ რეკორდსმენ მეჯიკ ჯონსონს გაუტოლდა. ამ მხრივ მე-3 ადგილზე უილტ ჩემბერლენია (143), შემდეგ კი შაკილ ო’ნილი (142) და ბილ რასელი (137) მოდიან.

სტატისტიკური კუთხით მნიშვნელოვანი დღე ჰქონდა პარკერსაც, რომელმაც პლეი ოფის საუკეთესო მეპასეთა დავაში ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს გადაასწრო. ფრანგმა გამთამაშებელმა გასული თამაში 7 შედეგიანი გადაცემით დაასრულა და ჯამში 1026 პასი მოაგროვა, ჯორდანის აქტივში კი 1022 პასია. ახლა, ტონის მაჩვენებელი მერვეა, მეშვიდეზე კი ლეიკერსელი კობი ბრაიანტი (1040) გახლავთ. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ პლეი ოფში დაგროვებული ქულების (3655) მხრივ, პარკერმა “ბულზში” ჯორდანის მრავალწლიანი პარტნიორ სკოტი პიპენი (3642) ჩამოიტოვა.

დასასრულ ჯინობილის კომენტარიც, რომელმაც მარცხის ძირითად მიზეზად თავად მასპინძელთა არადამაჯერებელი თამაში დაასახელა. აღნიშნულის დასადასტურებლად ერთი დეტალიც კმარა. “სან ანტონიოს” კალათბურთელებმა 20-დან მხოლოდ 12 საჯარიმო ჩააგდეს, ეს კი, როდესაც მხოლოდ 2 ქულით მარცხდები, ნამეტანი ფუფუნებაა.

“ყველაფერი დეტალებმა გადაწყვიტა. თამაშში, როდესაც ყველა შეტევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, საკუთარ თავს ბევრი შეცდომის უფლება მივეცით. უნდა გვახსოვდეს, რა დონის გუნდს ვეთამაშებით. “მაიამის” დასამარცხებლად ფაქტობრივად იდეალურად გარჯაა საჭირო, მატჩის ბოლოსკენ კი, ასე ნამდვილარ ვმოქმედებდით”, - აღნიშნა მანუმ, რომელმაც საფინალო სირენასთან ერთად სამქულიანი ჩააგდო, თუმცა, ამით მხოლოდ სხვაობა შეამცირა.

შეგახსენებთ, რომ ფინალური სერია ოთხ მოგებამდე გრძელდება, მომდევნო თამაშს კი 11 ივნისის დილას მაიამი უმასპინძლებს. 

 

სან ანტონიო – მაიამი 96:98 (26:19, 17:24, 35:34, 18:21)

სან ანტონიო: პარკერი (21 ქ. 7 პ.), დანკანი (18 ქ. 15 მ.), გრინი (9 ქ.), ლენარდი (9 ქ.), სპლიტერი (2 ქ.); ჯინობილი (19 ქ.), მილსი (8 ქ.), დიაო (7 ქ. 10 მ.), ბელინელი (3 ქ.), ბონერი.

მაიამი: ჯეიმსი (35 ქ. 10 მ.), ბოში (18 ქ.), უეიდი (14 ქ. 7 მ.), ლუისი (14 ქ.), ჩალმერსი (5 ქ.); ალენი (9 ქ.), ანდერსენი (3 ქ. 9 მ.), კოული, ჯონსი, ჰასლემი.

სერიაში ანგარიშია 1:1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.106006