კალათბურთი

15:27 | 14.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანის 14 ქულა “ჟალგირისთან”

მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნატურალიზებული კალათბურთელის სტატუსით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირშიც რიკი ჰიკმანი დაეხმარება, თელ-ავივის “მაკაბის” უკანახაზელის გარჯას კვლავ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ.

შეგახსენებთ, რომ ებრაული გუნდი ევროლიგის ტოპ-16-ში თამაშობს და მორიგი შეხვედრა შინაურ “ნოკი არენაზე” კაუნასის “ჟალგირისის” წინააღმდეგ ჩაატარა. საინტერესოა, რომ მატჩის პირველი და ბოლო მეოთხედები იდენტური ანგარიშით (20:20) დასრულდა, დანარჩენ ათწუთეულებში კი უკეთესად “მაკაბი” გამოიყურებოდა და 77:67 იმარჯვა.

ჰიკმანი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მაკაბელთა თავკაც დევიდ ბლატს იმედები არც ამჯერად გაუცრუა. რიკიმ მოედანზე 25:34 წუთი გაატარა და 14 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

ამერიკელმა კალათბურთელმა 9-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

საქართველოს ნაკრების წევრის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 14-ს უწია, რითაც იგი თანაგუნდელთაგან მხოლოდ ტაირეს რისს ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 29:32 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა.

თელ-ავივურმა გუნდმა 3 მარცხის წილ მე-7 გამარჯვება იზეიმა და ტოპ-16-ის F ჯგუფში მე-3 ადგილზე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან მეოთხედფინალში 4 საუკეთესო გუნდი გადის, ამჯერად, “მაკაბი” მიზანთან ძალიან ახლოსაა. 20 მარტს ებრაული გრანდი სერბეთში “პარტიზანს” ესტუმრება.

0.121232