თელ-ავივის “მაკაბიმ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი რიკი ჰიკმანი იცავს, სეზონი დიდებულ ნოტაზე დაასრულა. ისრაელის თასზე და ევროლიგაში მოპოვებული გამარჯვებების კვალად, დევიდ ბლატის მიერ დარიგებულმა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატიც მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ისრაელში ჩემპიონატის ფინალური სერია მხოლოდ ორი მატჩისგან შედგება და გამარჯვებული ბურთების სხვაობითაც ირკვევა ანუ ევროთასული პრინციპი მოქმედებს.
ჰაიფაში გამართულ პირველ შეხვედრაში, თელ-ავიველებმა “მაკაბის” 81:77 სძლიეს და თითქოს, ტიტულთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა, კინაღამ ჩემპიონობის გარეშე დარჩნენ.
ქართული პასპორტის მქონე ჰიკმანის შედეგიანი გარჯის მიუხედავად, მასპინძლებმა თამაშის ძირითადი დრო ასევე 4 ქულის სხვაობით დათმეს – 75:79, დამატებითი ხუთწუთეულის გათვალისწინებით კი 82:84 დამარცხდნენ, რაც 2 შეხვედრის ჯამში ხელს სრულიად აძლევდათ.
რიკიმ თითქმის შეუცვლელად – 39 წუთს ითამაშა და 22 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, რაც თელ-ავიველთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ჰიკმანმა 9-დან 5 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
მასპინძელთა მხრიდან ტაირის რაისი (15 ქულა) და ალექს ტიუსიც (10 ქულა, 9 მოხსნა, 4 დაფარება) გამოირჩნენ, სტუმართაგან კი შეუჩერებელი იყო დონტა სმიტი, რომელმაც 39 წუთში 29 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა.