კალათბურთი

1:20 | 30.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანი ფინალს მიუახლოვდა

თელ-ავივის “მაკაბი”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი რიკი ჰიკმანი იცავს, ისრაელის ჩემპიონატის ფინალურ სერიას ერთ მოგებამდე მიუახლოვდა.

ეილატის “ჰაპოელთან” ნახევარფინალური დაპირისპირების მორიგ შეხვედრაში, მაკაბელებმა შინ 97:75 იმარჯვეს და 2:1 დაწინაურდნენ.

ჰიკმანი სასტარტო ხუთეულში იყო და მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში თელ-ავიველებმა მეტოქეზე 23 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

28 წუთის განმავლობაში რიკის მონაგარი 10 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 5 პასი იყო. ჰიკმანმა 3-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

“მაკაბის” რიგებში 10-ქულიან ზღვარს კიდევ ხუთმა კალათბურთელმა უწია, ყველაზე შედეგიანი კი ბერძენი გოლიათი სოფოკლის შორცანიტისი გახლდათ, რომელსაც 18 ქულის ჩასაგდებად 15 წუთი ეყო.

2 ივნისს გუნდები ერთმანეთს უკვე ეილატში გაეჯიბრებიან და თუკი იქაც “მაკაბიმ” იმარჯვა, ფინალის საგზურს მოიპოვებს, სადაც დიდი ალბათობით ჰაიფას “მაკაბი” ელის.

საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში უმნიშვნელოვანესი გამარჯება იზეიმა გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმა”. პირეოსელებმა ათენში “პანათინაიკოსს” 69:64 მოუგეს და 2:1 დაწინაურდნენ. ქართველ ცენტრს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

სტარტი აიღო ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალურმა ეტაპმა. ბექა ბურჯანაძის “კახასოლი” “ვალენსიას” ესტუმრა და პირწმინდად დამარცხდა – 54:84. ქართველმა კალათბურთელმა 06:52 წუთში 2 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ბექამ 2 ორქულიანი ააცილა, 2 საჯარიმო ჩააგდო და ისიც ვთქვათ, რომ მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.

დღეს ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსა” მადრიდში “რეალს” დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120479