ინგლისის “ევრტონის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა გუნდის ჰოლანდიელ მცველ ჯონ ჰეიტინგას მომავალზე ისაუბრა.
30 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ლივერპულელთა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მხოლოდ ლიგის თასის ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. რაღა თქმა უნდა, მას მოვლენათა ასეთი განვითარება ხელს არ აძლევს და მწვრთნელის განცხადებით ჰოლანდიელი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სხვა გუნდში გადავა.
“ჯონი საოცარი ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალია. მოსვლის პირველივე დღიდან, ის მთელს გუნდზე დიდ გავლენას ახდენდა. ჰეიტინგა უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ჩვენ გვესმის მისი. მას გუნდში საკუთარი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს და ამიტომ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მისთვის მისთვის ახალი კლუბის მოძებნას შევეცდებით. სიმართლე გითხრათ, არ მსურს ჯონის გაშვება, მაგრამ მზად ვარ მისი ხათრით დათმობაზე წავიდე და განვიხილო ის სატრანსფერო შეთავაზებები, რომელსაც იანვარში მივიღებთ” – განაცხადა მარტინესმა.