სპლიტის “ჰაიდუკის” ახალი მთავარი მწვრთნელი იგორ ტუდორი გახდა, რომელმაც მიშე კრსტიჩევიჩი შეცვალა. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
აქამდე ტურინის “იუვენტუსის” ექსფეხბურთელი ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის, იგორ შტიმაცის თამაშემწედ მუშაობდა.
“სამწვრთნელო კარიერის გარიჟრაჟზე, ეს ჩემთვის საუცხოო შესაძლებლობაა. მშობლიურ ქალაქში ვიმუშავებ და გავწვრთნი კლუბს, სადაც ფეხბურთში პირველი ნაბიჯები გავაკეთე. ჩემი მიზანია, რომ გუნდში მყოფი ფეხბურთელებით მაქსიმუმს მივაღწიო და ევროტურნირების საგზური მოვიპოვო. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამომივა”, – თქვა 35 წლის ტუდორმა, რომელსაც ხორვატიის ეროვნულ გუნდში 55 მატჩი ჩაუტარებია.
აქვე გეტყვით, რომ მაისში “ჰაიდუკს” ხორვატიის თასის ფინალში ორმატჩიანი დუელი ექნება ზაგრების “ლოკომოტივთან”.