სხვა

16:33 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰაცუ ბაშოს იოკოძუნა ჰარუმაფუჯი დააკლდება

 

12-დან 26 იანვრამდე ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანი” 2014 წლის პირველ სუპერტურნირს უმასპინძლებს და უკვე ცნობილია, რომ ჰაცუ ბაშოს უდიდესი დანაკლისი ექნება. საქმე ის გახლავთ, რომ შეჯიბრში მონაწილეობას ვერ მიიღებს 70-ე დიდი ჩემპიონი – მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი.

დავაანიამინ ბოამბადორჯმა მარცხენა ფეხი დეკემბრის მე-2 ნახევარში ერთ-ერთ ვარჯიშზე გადაიბრუნა და იანვარში მხოლოდ 12 საკონტროლო შეხვედრა გამართა.

29 წლის მონღოლი გოლიათის აღმზრდელის – ოიაკატა ისეგაჰამას თქმით, ჰარუმაფუჯის ნაწილობრივ მყესებიც აქვს გაწყვეტილი, ამდენად, ტრავმის გართულების თავიდან ასაცილებლად, “მზიურმა ცხენმა” ჰაცუ ბაშოდან მოხსნა გადაწყვიტა.

ცნობისთვის, ბოლო შემთხვევა, როდესაც იოკოძუნას სუპერტურნირის გამოტოვება მოუხდა, ხუთიოდ წლის წინ დაფიქსირდა. 2008 წლის სექტემბერსა და ნოემბერში ლეგენდარულმა მონღოლმა ასაშორიუმ დოჰიოზე გასვლა დისკვალიფიკაციის გამო ვერ შესძლო.

ამასობაში, გამოქვეყნდა მომავალი ტურნირის სასტარტო დღეების განრიგიც, რომლის თანახმადაც ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონს შემორჩენილი ერთადერთი ქართველი სეკიტორი გაგამარუ პირველ ორთაბრძოლას დასავლეთის მე-11 მაეგაშირა იოშიკაძეს წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბაშოს მე-2 დღეს თეიმურაზ ჯუღელის მეტოქე აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა შოტენრო იქნება. შეგახსენებთ, რომ თავად ქართველი გოლიათი ტოკიოს ტურნირს აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით ხვდება.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ტრავმიანობის გამო, რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში დაქვეითდა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე. იასპარეზებს თუ არა იგი ჰაცუ ბაშოზე, ქვედა დივიზიონების განრიგის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვევა.

0.130091