ფეხბურთი

1:39 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა საყვარელ სტადიონს უბრუნდება

 

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დღეს ერთმანეთს ის გუნდები დაუპირისპირდებიან, რომლებსაც ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია აქვთ. “ბაიერნი” და “რეალი” ერთმანეთს სულ 20-ჯერ შეხვედრიან, აქედან 14-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე (1992 წლიდან). დღეს, გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე მე-15 შეხვედრას გამართავენ და რეკორდის მფლობელ “მილანი”-“ბარსელონას” წყვილს გაუტოლდებიან.

“ბაიერნი” და “რეალი” ერთმანეთს პირველად 1976 წელს, ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში დაუპირისპირდნენ. მადრიდში გუნდებმა 1:1 ითამაშეს, ხოლო მიუნხენში მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. 11 წლის შემდეგ, იმავე ტურნირის იმავე ეტაპზე, “ბაიერნმა” შინ 4:1 მოიგო, ხოლო მადრიდში 0:1 წააგო. 1988 წელს, 1/4-ფინალში, უფრო ძლიერი უკვე “რეალი” აღმოჩნდა. გერმანიაში 2:3 წაგების შემდეგ, მადრიდელებმა შინ 2:0 მოიგეს.

ტურნირის ფორმატის შეცვლისა და მისთვის ჩემპიონთა ლიგის დარქმევის შემდეგ, გუნდები ერთმანეთს პირველად 2000 წელს, მე-2 ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. “ბაიერნმა” ორივე თამაში მოიგო – სტუმრად 4:2 და შინ 4:1. “რეალმა” რევანში იმავე გათამაშების ნახევარფინალში აიღო, როდესაც მადრიდელებმა საკუთარ კედლებში 2:0 მოიგეს, ხოლო სტუმრად 1:2 წააგეს.

მომდევნო სეზონში, ლიგის ნახევარფინალში გამარჯვებული უკვე “ბაიერნი” გამოდგა, რომელმაც მადრიდში 1:0 მოიგო, ხოლო მიუნხენში – 2:1.

კიდევ ერთი წლის შემდეგ, “ბაიერნი” და “რეალი” ერთმანეთს უკვე 1/4-ფინალში შეხვდნენ და მეტოქეს მადრიდელებმა აჯობეს. მიუნხენში 1:2 წაგების შემდეგ, “რეალმა” ესპანეთში 2:0 მოიგო.

მორიგი შეხვედრა 2004 წელს, 1/8-ფინალში შედგა და წინა შემთხვევის მსგავსად, უფრო ძლიერი “რეალი” აღმოჩნდა. მიუნხენში გამართული მატჩი 1:1 დასრულდა, ხოლო მადრიდში მასპინძლებმა ერთადერთი ბურთით მოიგეს.

ბოლო 2 ორრაუნდიანი დაპირისპირება “ბაიერნის” სასარგებლოდ დასრულდა. 2007 წელს, 1/8-ფინალში, მიუნხენელებმა მადრიდში 2:3 წააგეს, მაგრამ საკუთარ კედლებში 2:1 მოიგეს. 2012 წელს, ნახევარფინალში, ორივე თამაში მასპინძელი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანებში უფრო ძლიერები მიუნხენელები აღმოჩნდნენ. 2 წლის წინათ გამართულ მატჩებში გოლის გამტან ფეხბურთელთაგან იმავე გუნდებში ფრანკ რიბერი, არიენ რობენი და კრიშტიანუ რონალდუ თამაშობენ.

საერთო ჯამში, “რეალსა” და “ბაიერნს” შორის გამართული 20 თამაშიდან მადრიდელებმა 7 მოიგეს, მიუნხენელებმა – 11, ხოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა. მადრიდში ჩატარებული 10 დაპირისპირებიდან “რეალმა” 7 მოიგო და 2 წააგო, ხოლო ერთმა მატჩამა გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

“რეალსა” და “ბაიერნს” შორის გამართული 9 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან ხუთში მეტოქეს მიუნხენელებმა აჯობეს, ხოლო 4-ჯერ ასპარეზობა მადრიდელებმა განაგრძეს.

“რეალს”, გერმანულ გუნდებთან სულ ჩატარებულ 56 თამაშში 25 მოგება, 10 ფრე და 21 წაგება დაუგროვდა. საკუთარ კედლებში მადრიდელებმა 20-ჯერ მოიგეს, 4-ჯერ ფრედ ითამაშეს და 2-ჯერ წააგეს.

“ბაიერნი” ესპანეთის წარმომადგენლებს 45-ჯერ შეხვედრია. მიუნხენელებს 22 მოგება, 12 ფრე და 11 მარცხი აქვთ. ესპანეთში ჩატარებული 21 დაპირისპირებიდან “რეკორდმაისტერმა” 6 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და 10 დათმო.

შეხვედრას დამატებით ინტრიგას სძენს პეპ გვარდიოლას ფაქტორი. “ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელისთვის და მწვრთნელისთვის “რეალი” ყოველთვის ძალზე პრინციპული მეტოქე იქნება, რომელსაც ის ხშირად ამწარებს ხოლმე. გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში “სანტიაგო ბერნაბეუს” განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამ არენაზე მას არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება უზეიმია. “რეალის” საშინაო სტადიონზე მან გუნდი სათამაშოდ 7-ჯერ გაიყვანა და შედეგი შესანიშნავია – 5 მოგება და 2 ფრე.

“რეალი” დღევანდელ თამაშს შესანიშნავი განწყობით ხვდება. გასულ კვირაში, ესპანეთის თასის ფინალში, მადრიდელებმა პრინციპული მეტოქე, “ბარსელონა” დაამარცხეს.

თასზე წარმატებით გამოიჩინა თავი “ბაიერნმაც”, რომელმაც ნახევარფინალში “კაიზერსლაუტერნი” 5:1 გაანადგურა. ამის შემდეგ, გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე მიუნხენელებმა, ბუნდესლიგაში, “ბრაუნშვაიგთან” უმნიშვნელო გამარჯვება მოიპოვეს. უმნიშვნელო იმიტომ, რომ “ბაიერნმა” ჩემპიონობა დიდი ხანია გაინაღდა.

მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. მადრიდელებს ხესე, ხედირა და არბელოა არ ეყოლებათ. ვარჯიში განაახლა მარსელომ, მაგრამ მას თითქმის ერთი თვეა არ უთამაშია და შესაძლოა, ანჩელოტიმ ბრაზილიელი მარცხენა მცველი სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვოს. დაახლოებით მსგავს სიტუაციაშია გუნდის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც მოედანზე 8 აპრილის შემდეგ არ გასულა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა გარეთ ბეილს, მაგრამ დიდი ალბათობით, უელსელი დღეს მოედანზე პირველივე წუთიდან იქნება.

“ბაიერნს” ტრავმირებული შტარკე, ალკანტარა, შაქირი, კონტენტო და ბადშტუბერი, ასევე ოჯახური მდგომარეობის გამო მიუნხენში დაბრუნენბული ვან ბუიტენი არ ეყოლება. ჯერ კიდევ არაა გარკვეული მარცხენა მცველის, დავიდ ალაბას საკითხი. ბოლო დროს ტრავმა აწუხებდა მანუელ ნოიერს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გუნდის მე-2 მეკარე ტომ შტარკე ლაზარეთშია, 28 წლის კიპერის სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა გარდაუვალია.

მატჩის განსასჯელად უეფამ ინგლისელი ჰოვარდ უები მიავლინა, რომელიც ორივე გუნდისთვის კარგად ნაცნობი მსაჯია. სწორედ მან განსაჯა “ბაიერნსა” და “რეალს” შორის 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გამართული შეხვედრა, რომელშიც მიუნხენელებმა 2:1 მოიგეს.

“რეალის” შეხვედრაში უებს სულ 6-ჯერ უმსაჯია. მადრიდელებმა 3-ჯერ მოიგეს, 2-ჯერ ფრედ ითამაშეს და ერთხელ წააგეს.

ინგლისელმა არბიტრმა ასევე 6-ჯერ განსაჯა “ბაიერნის” შეხვედრა. მიუნხენელებს 2-2 მოგება, ფრე და წაგება აქვთ. ამ 6 თამაშიდან, “რეალთან” გამართული დაპირისპირების გარდა, ორია გამოსარჩევი. 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, “ბაიერნი” “ბარსელონასთან” 0:4 განადგურდა. საინტერესო კი ისაა, რომ უებმა იმ დროს კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა სათადარიგოთა სკამიდან გააძევა. მომდევნო სეზონში, უებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში იმსაჯა, რომელშიც “ბაიერნი” “ინტერთან” დამარცხდა, ანგარიშით 0:2.

  • “ბარსელონაში” მუშაობის დროს, პეპ გვარდიოლამ გუნდი “სანტიაგო ბერნაბეუზე” სათამაშოდ 7-ჯერ გაიყვანა. სტუმრებმა 5-ჯერ მოიგეს და 2-ჯერ ფრედ ითამაშეს;
  • გვარდიოლა, სამწვრთნელო კარიერის დროს, “რეალს” სულ 15-ჯერ შეხვედრია. მისმა გუნდმა 9-ჯერ მოიგო, 4-ჯერ ფრედ ითამაშა და 2-ჯერ წააგო. ფეხბურთელობის დროს გვარდიოლა მადრიდელებს 14-ჯერ დაუპირისპირდა. მის ანგარიშზე 6 მოგება, 5 ფრე და 3 მარცხია;
  • “ბაიერნს” შანსი აქვს ჩემპიონთა თასი ზედიზედ 2-ჯერ მოიგო. ეს ამ ტურნირიზე 1989-90 წლების შემდეგ არ მომხდარა. მაშინ, თასის ზედიზედ 2-ჯერ მოგება “მილანმა” მოახერხა, რომლის შემადგენლობაშიც “რეალის” ამჟამინდელი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი თამაშობდა;
  • ჩემპიონთა თასის/ლიგის ნახევარფინალში გუნდები ერთმანეთს მეექვსედ ხვდებიან. წინა 5 შემთხვევიდან ფინალში 5-ჯერ “ბაიერნი” გავიდა;
  • “რეალს”, ჩემპიონთა ლიგაზე, ბოლო 17 საშინაო თამაში არ წაუგია. მადრიდელები “სანტიაგო ბერნაბეუზე” ბოლოს 2011 წლის აპრილში, ნახევარფინალის პირველ მატჩში იმ “ბარსელონასთან” დამარცხდნენ (0:2), რომელსაც პეპ გვარდიოლა წვრთნიდა;
  • ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფლეი ოფში “რეალი” მხოლოდ გერმანულ გუნდებს ხვდება. მადრიდელებმა 1/8-ფინალში “შალკეს”, ხოლო 1/4-ფინალში “დორტმუნდს” სძლიეს;
  • “ბაიერნს”, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, სტუმრად ჩატარებულ ბოლო 5 თამაშში წაგება არ აქვს. მიუნხენელები ბოლოს “რეალმა” დაამარცხა. ეს 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მოხდა;
  • “რეალს” ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2002 წლის შემდეგ არ უთამაშია. მას შემდეგ, მადრიდელებმა ნახევარფინალამდე 4-ჯერ გააღწიეს, აქედან 3-ჯერ ბოლო სამ გათამაშებაში;
  • “ბაიერნის” შემტევი არიენ რობენი, 2007-09 წლებში, “რეალში” თამაშობდა. მადრიდული გუნდის მაისურით ჩატარებულ 65 მატჩში მან 13 გოლი გაიტანა;
  • “რეალმა”, მიმდინარე გათამაშებაში, 32 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგია;
  • კრიშტიანუ რონალდუმ, მიმდინარე გათამაშებაში, მეტოქეთა კარი 14-ჯერ აიღო, რაც ლიონელ მესის მაჩვენებელთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კასილიასი, კარვახალი, რამოსი, პეპე, კოენტრაუ, დი მარია, ალონსო, მოდრიჩი, ბეილი, ბენზემა, ისკო.

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა, ლამი, რობენი, კროოსი, შვაინშტაიგერი, რიბერი, მანჯუკიჩი.

მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი).

0.767501