ეს შეხვედრა ჩემპიონატის კალენდრის მიხედვით 9 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ამ დღეს ,,ჩელე არენა” დაკავებული გახლდათ. გუშინ ქობულეთის სტადიონიდან წარსულში ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი ავთანდილ გორგილაძე გამოასვენეს. დღევანდელი მატჩიც წუთიერი დუმილით დაიწყო. მეტოქე გუნდების ფეხბურთელებმა და ფეხზე ამდგარმა გულშემატკივრებმა პატივი მიაგეს ქობულეთის ,,შუქურას’’, ბათუმის ,,დინამოსა” და ქუთაისის ,,ტორპედოს” ყოფილი ფორვარდის ხსოვნას.
შეხვედრა საკმაოდ მოულოდნელად დაიწყო. ადგილობრივ დიქტორს შემადგენლობის გამოცხადება არ დაესრულებინა, რომ სტუმრებმა სწრაფი შეტევა წამოიწყეს და სიჭინავა მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს. მართალია ბობღიაშვილმა კარი დროულად დატოვა და თბილისელ ფეხბურთელს გატანის საშუალება არ მისცა, მაგრამ დროებით. მეკარისგან უკუგდებულ ბურთს ჯავაშვილი დაეუფლა და ზუსტი დარტყმით იგი დაუცველ კარში გადაგზავნა – 0:1.
ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად, გურულებმა ძალების მობილიზება მოახერხეს და სათამაშო უპირატესობა მალევე მოიპოვეს. მე-11 წუთზე სტუმრები საჯარიმოს წინა ხაზთან დაჯარიმდნენ. სტანდარტული ჩიკვილაძემ შეასრულა, რომლის გასროლას დაუშვილი ადგილზე დაუხვდა და ბურთი ხელებში გააქვავა. სამი წუთის შემდეგ ისევ ჩიკვილაძე ურტყამდა ძლიერად, თუმცა ვეტერინართა კიპერს ვერც ამჯერად აჯობა. მე-20 წუთზე თავის გამოჩენას ჯიშკარიანი ცდილობდა, მაგრამ მისი მცდელობა უზუსტო გამოდგა. ნახევარი საათის მიწურულს გურულებმა ზედიზედ ორი სახიფათო მომენტი შექმნეს. პირველ შემთხვევაში შალამბერიძე თავის მეურვეს დაუსხლტდა და საჯარიმოში შეჭრილმა მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმა განახორციელა. დაუშვილმა დიდი გაჭირვებით შეძლო ბურთის უკუგდება. დამატებას შენგელია ცდილობდა, თუმცა ამჯერად მცველებმა იმარჯვეს და ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. შალამბერიძის მოწოდებულ კუთხურს ისევ შენგელია ურტყამდა თავით, მაგრამ ვიტელთა მეკარემ იყოჩაღა. ხუთი წუთის შემდეგ ისიანი ცდილობდა თავის გამოჩენას. დაუშვილი ამჯერადაც უნაკლოდ გაისარჯა და თანაგუნდელები აშკარა ხიფათისაგან იხსნა.
38-ე წუთზე თბილისელებს ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა მიეცათ. ვეტერინართა სწრაფი კომბინაციის შემდეგ სიჭინავა მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას დიდი დრო მოანდომა და კარის აღების შანსიც გაანიავა.
ტაიმის დამთავრებამდე მასპინძლებმა კიდევ ორი სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხეს. მე-40 წუთზე ისიანი ბურთს საჯარიმოს რკალში დაეუფლა, ერთი მოძრაობით მეტოქე ჩამოიცილა და ძლიერადაც გაისროლა. დაუშვილმა სწორი პოზიცია შეარჩია და ბურთის დაუფლება მოახერხა. 43-ე წუთზე შალამბერიძეს შეეძლო ანგარიში გაეთანაბრებინა. მარცხენა ფლანგზე იგი ორ მეტოქეს დაუსხლტდა, საჯარიმოში შეიჭრა და გამიზნული დარტყმით ბურთი ვეტერინართა კარისკენ გადაგზავნა. თბილისელთა კიპერმა კიდევ ერთხელ იხსნა თავისიანები. იგი ნახტომით მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია.
შეხვედრის მეორე ნახევარიც მასპინძელთა უპირატესობით გაგრძელდა. განსაკუთრებით კარგად მათ სტანდარტული სიტუაციების გათამაშება გამოსდიოდათ. გურულთა ორივე გოლი აღნიშნული საფეხბურთო ელემენტის სწორად შესრულებას მოჰყვა.
51-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან კოშკაძის ჩაწოდებული საჯარიმოს შემდეგ ისიანმა მეტოქის მცველებს დაასწრო და მეკარის ბაქნიდან ზუსტი თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა _ 1:1.
ამის შემდეგ თამაში შედარებით ჩაწყნარდა და შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. ტაიმის შუაწელს მეტოქეებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს. პირველად ვეტერინარებმა შეუტიეს. კორიფაძის ჩაწოდებულ საჯარიმოს თავდამსხმელთა დასახმარებლად ჩასულმა კასრაძემ თავით მიმართულება შეუცვალა, თუმცა ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. თითქმის მაშინვე კოშკაძე ურტყამდა ძლიერად საჯარიმოს წინა ხაზიდან. ბურთი კარის ძელმა აისხლიტა. დამატებას შალამბერიძე ცდილობდა, მაგრამ ხელსაყრელი მდგომარეობიდან მეტოქის კარის დალაშქვრა ვერ მოახერხა.
70-ე წუთზე მასპინძლებმა სანიმუშო კომბინაცია გაითამაშეს. კოშკაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ ისიანი მეურვეს დაუსხლტა და ახლოდან ძლიერი დარტყმა განახორციელა. თავისიანები გეთიაშვილმა იხსნა. იგი მეტოქის დარტყმულს ჩაუწვა და ხიფათი უვნებელყო. გურულთა მონდომებამ შედეგი 82-ე წუთზე გამოიღო. გოლი ამჯერადაც სტანდარტული სიტუაციის გათამაშებას მოჰყვა. კოშკაძის მოწოდებულ კუთხურზე ყველაზე მარჯვე ჩიკვილაძე აღმოჩნდა, მან მეტოქის მცველებს დაასწრო და ერთი შეხებით ბურთი თბილისელთა კარის ბადეში მოათავსა _ 2:1.
და მაინც, მატჩის უკანასკნელ წუთებზე ვეტერინარებს შეეძლოთ ქულა გადაერჩინათ. მარჯვენა ფრთიდან შეტევაში ჩართულმა ჯანელიძემ იდეალური პასით ახლადშემოსული კუხალეიშვილი საგოლე პოზიციაში გაიყვანა. მართალია კუხალეიშვილს დარტყმა არ დაუხანებია, მაგრამ თბილისელთა შემტევი სიზუსტემ დააღალატა და ანგარიშის გათანაბრების შანსიც დაიკარგა.
მალე არბიტრის საფინალო სასტვენიც გაისმა, რომელმაც ,,გურიას’’ მორიგი ,,საშინაო” გამარჯვება დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა.
რომან პოკორა (,,გურია’’): ,,ძალიან მძიმე მატჩი გამოვიდა. თამაში ისე მიდიოდა, ვფიქრობდი შეხვედრა ფრედ დამთავრდებოდა, თუმცა ძალების მობილიზება მოვახერხეთ და გავიმარჯვეთ. შედეგით და ბიჭების გარჯით კმაყოფილი ვარ.’’
ზურაბ ბერიძე (,,ვიტ ჯორჯია): ,,მძიმე თამაშს ველოდი და მოლოდინი გამართლდა. ვფიქრობ, ფრეს მაინც ვიმსახურებდით. არ მინდა წაგება მსაჯებს დავაბრალო, მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას მასპინძლებისადმი მათი სიმპათია აშკარად იგრძნობოდა. ახლა შემდეგი ტურისთვის მოვემზადებით და შევეცდებით უკეთ ვიასპარეზოთ.’’
გურია - ,ვიტ ჯორჯია 2:1 (0:1)
10 ნოემბერი. ქობულეთი. ,,ჩელე არენა”. 14:00 სთ. 700 მაყურებელი.
გურია: ბობღიაშვილი, ჩუენსუ, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა, კილაძე (გაჩეჩილაძე 54), შენგელია (ჯოხაძე 80), კოშკაძე, შალამბერიძე, ისიანი (ტორონჯაძე 86);
მწვრთნელი: რომან პოკორა
ვიტ ჯორჯია: დაუშვილი, იაშვილი, გეთიაშვილი, კასრაძე, ჯავაშვილი, დავლაშელიძე (კუხალეიშვილი 84), მაისურაძე, კორიფაძე (წყაროზია 80), ჯანელიძე, სიჭინავა (ღიბრაძე 73), ლობჯანიძე;
მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
გოლები: 0:1 ჯავაშვილი (2), 1:1 ისიანი (51), 2:1 ჩიკვილაძე (82);
გაფრთხილება: ლობჯანიძე (6), ჯავაშვილი (50), გეთიაშვილი (53), ბობღიაშვილი (90), გაჩეჩილაძე (90+3);
მსაჯი: ლევან კვარაცხელია;
ვახტანგ დათიაშვილი ქობულეთიდან