განსხვავებული მიზნებით და სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ მეტოქენი აღნიშნულ შეხვედრას. ცხინვალელებმა წინა ტურში ,,ჩიხურასთან” გამართულ შეხვედრაში უკანასკნელ წუთებზე დასანანი მარცხი იწვნიეს და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ერთობ გაიძნელეს. რაც შეეხება გურულებს, გასულ ტურში გორის ,,დილასთან” სტუმრად გამარჯვების შემდეგ, მეოთხე ადგილზე აინაცვლეს და ზედა ექვსეულში მოსახვედრად სერიოზული განაცხადი გააკეთეს. თანაც ლანჩხუთელებს როგორც იქნა, საკუთარ არენაზე თამაშის ნება დართეს, რაც გურულთა გამარჯვების შანსებს ერთი-ორად ზრდიდა.
შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხზე ამდგარმა მაყურებელმა პატივი მიაგო უკრაინაში ცნობილი მოვლენების დროს დაღუპული მოქალაქეებისა და საფეხბურთო კლუბ ,,გურიას” ყოფილი ადმინისტრატორის კობა ორმოცაძის ხსოვნას.
მატჩი ნელ ტემპში დაიწყო და პირველი ტაიმი ისე მიილია, სულ რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი თუ ვიხილეთ. ორივე გუნდი თითქმის ერთნაირი სისტემით თამაშობდა და აქცენტი მოედნის ცენტრალური ნაწილის დაუფლებისკენ ჰქონდა გადატანილი. მინდვრის საფარიც ცუდ მდგომარეობაში გახლდათ. მძიმე გრუნტზე ფეხბურთელებს სწრაფი მოძრაობა და კომბინაციური თამაში უჭირდათ.
მართალია ტერიტორიულ უპირატესობას ცხინვალელი ფეხბურთელები ფლობდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტების შექმნა მასპინძლებმა მოახერხეს.
მე-3 წუთზე გურულთა ახალწვეულმა ნიგერიელმა ტეიდმა შორეული დარტყმით სცადა ცხინვალელთა კიპერის საიმედოობის შემოწმება, თუმცა ნადირაძემ სწორი პოზიცია შეარჩია და ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია. 2 წუთის შემდეგ ჩუენსუმ მარჯვენა ფლანგზე რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და მეკარის ბაქანზე გამჭოლი გადაცემა გააკეთა. ბურთი პირით ხაზს ისე გადასცდა მას არავინ შეხებია.
პირველი რეალურად სახიფათო მომენტი მასპინძლებმა 36-ე წუთზე შექმნეს. მეგრელიშვილი-ვალტერ ხორგუაშვილი-კვერენჩხილაძის სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ ეს უკანასკნელი ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა, თუმცა მისი ძლიერი დარტყმა ოდნავ ასცდა მეტოქის კარს. თითქმის მაშინვე საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს სტუმრები დაჯარიმდნენ და ვალტერ ხორგუაშვილის გამიზნული გასროლა ნადირაძემ კუთხურზე მოიგერია.
ეს იყო და ეს. პირველ ტაიმში აღსანიშნავი აღარაფერი მომხდარა. 0:0 ამ ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე.
შეხვედრის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესი სანახავი გამოდგა. აშკარად გამოაცოცხლა თამაში შეცვლაზე შესულმა კუკულაძემ. მატჩის განახლებისთანავე კუკულაძის მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებულ საჯარიმოს პავლე ხორგუაშვილი თავით გზავნიდა მეტოქის კარისკენ. ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას. 53-ე წუთზე საგოლე შანსი შეტევაში ჩართულ კილაძესაც მიეცა, რომელმაც კუკულაძის მოწოდებულ კუთხურს თავით მიმართულება შეუცვალა, თუმცა ანგარიში კვლავ უცვლელი დარჩა. მე-60 წუთზე სტუმრები აშკარა გოლს გადაურჩნენ. ისევ კუკულაძის ჩაწოდებულ კუთხურს მეტოქის საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, საბოლოოდ ბურთი მოედანზე ახალშემოსულ ისიანს მიუვიდა, რომლის უძლიერესმა დარტყმამ კარის მარჯვენა ძელი შეაზანზარა.
იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება, ამის შემდეგ სტუმრებიც გამოცოცხლდნენ. 61-ე წუთზე ცხინვალელთა სწრაფი კომბინაციის შემდეგ ჩაფიძე ურტყამდა საჯარიმოს მისადგომებიდან. ბობღიაშვილმა ბურთი უხერხულად მოიგერია. დამატებას თუხარელი ცდილობდა, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა, თუმცა ცხინვალელთა შემტევმა ბურთის ზუსტად კარებში გადაგზავნა ვერ მოახერხა. თითქმის მაშინვე, თუხარელის აქტიურობის შემდეგ შონია ურტყამდა საჯარიმოს წინა ხაზიდან, მაგრამ სტუმართა კაპიტნის ძლიერი გასროლის შემდეგ ბურთი კარის ბადეს გარედან შეეხო. ცხინვალელებს მონდომება მესამე ცდაზე დაუფასდათ. 66-ე წუთზე მასპინძლები საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაჯარიმდნენ. სტუმრებმა სტანდარტული სწრაფად გაითამაშეს, რის შემდეგაც პარუნაშვილმა მეკარის ბაქანზე გამჭოლი გადაცემა განახორციელა. გურულთა მცველებმა ბურთი უხეიროდ გამოიტანეს, რომელსაც თუხარელი დაეუფლა და უძლიერესი დარტყმით მასპინძელთა კარის ბადე შეარხია – 0:1.
ამის შემდეგ ლანჩხუთელემბმა მთელი ძალები შეტევაში გადაისროლეს, თუმცა მათი იერიშები უფრო ქაოტურ ხასიათს ატარებდა და ორგანიზებულობა არ შეინიშნებოდა. მიუხედავად ამისა, გურულებს ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების შანსი. ისინი რამდენჯერმე ახლოსაც იყვნენ სანუკვარ მიზანთან, თუმცა მათ საბოლოო დარტყმებს შედეგი არ მოჰყოლია.
არბიტრის საფინალო სასტვენმა ცხინვალელთათვის მეტად საჭირო გამარჯვება დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:
დავით მახარაძე (,,გურია’’): ,,რა დავალებაც ფეხბურთელებს ჰქონდათ სამწუხაროდ ვერ შესრულდა. უფრო სწორად, მეტოქემ არ მოგვცა ამის საშუალება. უფრო ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა, თუმცა იღბალი მეტოქის მხარეს იყო. ვულოცავ ცხინვალს დამსახურებულ გამარჯვებას. რაც შეეხება ზედა ექვსეულში მოხვედრას, ჩვენმა კონკურენტებმაც წააგეს და შანსის გამოყენებას ბოლომდე ვეცდებით. თუ გინდ ვერ მოვხვდეთ, ტრაგედია არც ეს იქნება. ჩვენი მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში დარჩენაა და ამას აუცილებლად მოვახერხებთ.”
კახა კაჭარავა: (,,სპარტაკი “): უპირველესად ვულოცავ ლანჩხუთელებს სტადიონის გახსნას. ამდენი მაყურებლის წინაშე თამაში დიდი სიამოვნებაა. მეტოქე ზედა ექვსეულისთვის ბრძოლობს, ჩვენთვის კი ყოველ ქულას ოქროს ფასი ადევს, ამიტომ ჩემი ბიჭების დიდი მადლობელი ვარ. მათ ყველაფერი გაიღეს გამარჯვებისთვის. რაც შეეხება ,,გურიას”, ის რომ მოწინავეთა შორისაა ეს გმირობის ტოლფასია და წარმატებას ვუსურვებ ამ კლუბს”.
გურია (ლანჩხუთი) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:1 (0:0)
2 მარტი. 15.00. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძის სახელობის’’. 3000 მაყურებელი.
,,გურია”: ბობღიაშვილი (კ), ჩუენსუ, ნ.კილაძე, ქურდაძე, მეგრელიშვილი, ძამსაშვილი, ტეიდი, შენგელია (კუკულაძე 46), ვ.ხორგუაშვილი (ისიანი 55), პ. ხორგუაშვილი (კვირტია 65), კვერენჩხილაძე;
მთ. მწვრთნელი: დავით მახარაძე
,,სპარტაკი”: ნადირაძე, ცერცვაძე, კაკუბავა, მგელაძე, იოსელიანი, შონია (კ), პარუნაშვილი (მეტრეველი 90+4), ჩაფიძე, თექთურმანიძე (კემუხტაშვილი 86), თუხარელი, ეხვაია (ბურძენაძე 90+1);
მთ. მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გოლი: 0:1 თუხარელი (66);
გაფრთხილება: ვ.ხორგუაშვილი (44), თუხარელი (54), კვერენჩხილაძე (66), თექთურმანიძე (77), თუხარელი (84), ტეიდი (90), ისიანი (90+2);
გაძევება: თუხარელი (84);
არბიტრი: თორნიკე გვანცელაძე
ვახტანგ დათიაშვილი ლანჩხუთიდან
ავტორის ფოტოები