სანდრო გურულმა, რომელიც სოლიგორსკის “შახტიორს” ზამთარში შეუერთდა, ბელარუსის პრემიერლიგა ბორისოვოს ბატე-სთან საშინაო მოგებით დაიწყო. სოლიგორსკელებმა 2:0 გაიმარჯვეს და ქართველმა ნახევარმცველმა პირველი ტაიმი ჩაატარა. მან ტრავმა მიიღო და ამიტომ შეცვალეს.
პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) 28 ტურში, ვარშავის “ლეგიამ” თავის მოედანზე პოზნანის “ლეხი” 1:0 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ წინა ტურში ლადო დვალიშვილმა გოლი გაიტანა, ვარშაველთა სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა. ქართველი თავდამსხმელი თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო. “ლეგია” 16-გუნდიან ექსტრაკლასას 54 ქულით ლიდერობს.
კვიპროსის პირველ დივიზიონში (უმაღლესი ლიგა) “ერმისმა”, რომლის ღირსებასაც ლევან მაღრაძე იცავს, შინ აპოელ-თან 1:2 წააგო. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შეცვალეს. “ერმისს”, რომელიც კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე საჩემპიონო რაუნდში გამოდის, ექვს გუნდში 52 ქულით მეოთხე ადგილი უკავია.
გერმანიის მე-3 ლიგის 32-ე ტურში, “ჰალეშერმა” გასვლაზე “დარმშტადტთან” 1:4 წააგო. აკაკი გოგია სტუმართა სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. “ჰალეშერი” 20 გუნდში 43 ქულით მეთერთმეტეა.
საფრანგეთის ნაციონალ ლიგის (მე-3 ლიგა) 26 ტურში “ლუზენაკმა” სტუმრად “ვანთან” 2:2 ითამაშა. ამირან სანაია “ლუზენაკის” რიგებში მოედანზე პირველი წუთიდან იყო და შესვენების მერე შეცვალეს. “ლუზენაკი” 18-გუნდიან გათამაშებას 52 ქულით ლიდერობს.