ფეხბურთი

17:08 | 5.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

გურულებს დაბრუნება გადაუწყვეტიათ...

  6 მარტს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის თამაშები განახლდება. “ა“ და “ბ“ ჯგუფების გუნდები უმაღლესი ეშელონის თითო საგზურისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. ჯერჯერობით ორივე ჯგუფს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს, შესაბამისად ლანჩხუთის “გურია“ და ცხინვალის “სპარტაკი“. ამ გუნდებს პოზიციების შესანარჩუნებლად და საბოლოო წარმატების მისაღწევად ძალების სრული მობილიზება დასჭირდებათ, რადგანაც მათი უახლოესი მდევრები აუცილებლად შეეცდებიან დანაკარგის ანაზღაურებას.
მოგეხსენებათ, “გურიასთვის“ და “სპარტაკისთვის“ სეზონი ოფიციალურად უკვე განახლდა. ერთმაც და მეორემაც წარმატებით გადალახეს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მერვედფინალური ბარიერი. ლანჩხუთელებმა ორმატჩიან დაპირისპირებაში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა და სუპერთასის მფლობელ “ზესტაფონს“ მისსავე არენაზე აჯობეს, სპარტაკელებმა კი მეოთხედფინალის გზიდან “ვიტ ჯორჯია“ ჩამოიცილეს.
ამჯერად საუბარი “გურიაზე“ გვექნება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ლანჩხუთელები უმაღლეს ლიგაში 11 წლის წინ დაკარგული ადგილის დასაბრუნებლადაც ასეთივე შემართებით იბრძოლებენ და არ დაივიწყებენ წინა სეზონის მწარე გაკვეთილს. ალბათ გახსოვთ, პლეი აუტის დასრულებამდე 4 ტურით ადრე “გურია“ ცალი ფეხით უმაღლესში იყო, მაგრამ ფინიშთან ქულები გაფლანგა და საბოლოოდ ხელმოცარული დარჩა.
“გურიას“ დღევანდელ და მოსალოდნელ ყოფაზე მისი დამრიგებელი თემურ ლორია ”მსოფლიო სპორტს” ზესტაფონელებთან გამართული სათასო ბატალიების შემდეგ ესაუბრა.
- ბ-ნო თემურ, პირველლიგელი გუნდისგან “ზესტაფონის“ ძლევა მართლაც მოულოდნელი იყო. ფიქრობდით ასეთ შედეგზე?
- ჩვენს წყვილში უდავო ფავორიტი “ზესტაფონი“ იყო, ამას ვერ უარვყოფ. მდგომარეობას ისიც ამძიმებდა, რომ ორივე თამაში მეტოქის მოედანზე ტარდებოდა. პირველი მატჩი 0:1 წავაგეთ. ცუდად არ გვითამაშია. ყველაფერი კარგად გავაანალიზეთ და დავრწმუნდით, რომ მეტოქისთვის მეტი პრობლემების შექმნა შეგვეძლო. სწორედ ამ რწმენით გავედით საპასუხო მატჩზე. ბიჭების მონდომებამ, ხასიათის სიმტკიცემ და დიდმა თავგანწირვამ შედეგი გამოიღო.
- მადა ჭამაში მოდის, თასისთვის ბრძოლა რეალურად მიგაჩნიათ?
- “გურია“ არც “ზესტაფონთან“ ყოფილა ფავორიტი, მაგრამ მეოთხედფინალში გავიდა. წინასწარ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უბრძოლველად არავის არაფერს დავუთმობთ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
- ზამთარში გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა. ამაზე გვითხარით...
- გეთანხმებით, ცვლილებები საკმარისადაა. გუნდის გაძლიერება გვსურდა და ასე თუ ისე, მოვახერხეთ. 8 ფეხბურთელი, მათ შორის საკმაოდ გამოცდილიც, დავიმატეთ: სევასტი თოდუა “ზუგდიდიდან“, მიხეილ კაკალაძე “შუქურადან“, ვიტალი დარჩიძე “ბეთლემიდან“, ლაშა ჩალაძე ფოთის “კოლხეთიდან“, გიორგი სალარიძე “ჩიხურადან“, ერეკლე კილაძე ბათუმის “დინამოდან“, ლაშა ჯანგიძე “რაჭადან“ და კობა შალამბერიძე, რომელიც ბოლოს პოლონეთში თამაშობდა. რაც შეეხება წასულებს, “გურია“ გია თოდუამ, დავით რაფავამ, ალეკო ლაღაძემ და ლევან იაშვილმა დატოვეს.
- როგორ ჩაიარა მოსამზადებელმა პერიოდმა?
- წვრთნა 20 იანვარს, ლანჩხუთში დავიწყეთ. თებერვალში 10-დღიანი შეკრება ურეკში გავიარეთ. ამ პერიოდში რამდენიმე საკონტროლო მატჩი ვითამაშეთ.
- და, რამდენადაც ვიცი, ვერცერთი მოიგეთ…
- ეს ტესტ-მატჩები იყო და შედეგზე ნამდვილად არ გვიფიქრია, ძირითადი ყურადღება ფეხბურთელების, რგოლების შეთამაშებაზე გვქონდა გადატანილი. თუ მაინც გაინტერესებთ, ფოთის “კოლხეთს” ორჯერ ფრედ - 2:2 და 1:1 ვეთამაშეთ, ბათუმის “დინამოსთან“ 0:3 დავმარცხდით, მარტვილის “მერანთან“ ჯერ 1:2 წავაგეთ, მერე ფრედ - 0:0 ვითამაშეთ, ასევე 0:0 დავასრულეთ მატჩი “ზუგდიდთან“.
- შარშან “ევგრაფი შევარდნაძეზე” დიდი სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ საქმე ბოლომდე არაა მიყვანილი, რის გამოც სათადარიგო მოედანზე გიწევთ თამაში. ფეხბურთის ფედერაციამ ამის ნება კი დაგრთოთ, მაგრამ დროებით...
- როგორც იცით, ძირითად მოედანზე ახალი, მაღალხარისხოვანი საფარი დაიგო, მაგრამ სტადიონზე, ფაქტობრივად, აღარ არსებობს ადმინისტრაციული შენობა, სხვადსხვა დანიშნულების ოთახების, გასახდელების და სანიტარული კვანძების მოწყობა ტრიბუნის ქვეშაა გათვალისწინებული. ლანჩხუთის გამგეობა და ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში სამშენებლო სამუშაოების დასრულებას ახალი სეზონის დაწყებამდე გვპირდებიან, ასე რომ, იმედიანად ვართ. ძირითად მოედანზე თამაშს კი, ალბათ, ამ თვეშივე დავიწყებთ. დროებით სათადარიგო მოედანთან არსებული გასახდელებითა და საშხაპეებით ვისარგებლებთ, ამის ნებართვა მივიღეთ.
- სეზონში გუნდის მთავარი ამოცანა, ცხადია, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა...
- რა თქმა უნდა, მიზანი ერთია, შანსიც არის და სხვა რა უფლება გვაქვს?! გუნდი დიდ ვალშია თავისი ქომაგების წინაშე. “გურიამ“ რაც შეიძლება მალე უნდა დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი ქართულ ფეხბურთში.

იუზა კაციტაძე
ავტორის ფოტოები

0.190718