როგორც იცით, ლანჩხუთის “გურიაში” ხელფასები არ რიგდება და ფეხბურთელები შიშველი ენთუზიაზმით თამაშობენ. ასე გრძელდება უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში. პარადოქსია, რომ გუნდი, რომელიც ასეთ დღეშია, მესამე ადგილზეა! იყო საშიშროება, რომ “გურია” გუშინ “სიონთან” მატჩზეც არ გასულიყო.
საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაცია აფრთხილებს “სკ გურიას” ხელმძღვანელობას, რომ იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება მათი ფეხბურთელების (რომლებიც ამავე დროს ფეხბურთელთა ასოციაციის წევრები არიან) წინაშე არსებული სახელფასო დავალიანებების ჯეროვანი დაფარვა ამა წლის 3 დეკემბრამდე, "გურიას" ფეხბურთელები გამოიყენებენ კანონით გარანტირებულ გაფიცვის უფლებას და არ გავლენ სათამაშოდ საქართველოს ჩემპიონატის არც ერთ მომდევნო თამაშზე.
2013 წლის 30 ნოემბერი
სკ „გურიას“ დირექტორს ბატონ კობა მირზაშვილს
ასლი: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას
სკ „გურიას“ ფეხბურთელთა სრული შემადგენლობის
წარმომადგენელი: საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარე
ბესარიონ აბაშიძე
ელ.ფოსტა: Beso@gefa.ge
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
(სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნისა და მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ფეხბურთელთა გაფიცვის შესახებ)
“ბატონო კობა,
როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბში „გურია“ (შემდგომში „კლუბი“) დასაქმებულ ფეხბურთელთა სრულ შემადგენლობასთან სხვადასხვა დროს გაფორმებული დასაქმების ხელშეკრულებების (შემდგომში „ხელშეკრულება“) შესაბამისად, „კლუბს“ ერიცხება ფეხბურთელების ორიდან ხუთ თვემდე სახელფასო დავალიანება, რომლის გადახდაც მრავალჯერ განხორციელებული დაპირების მიუხედავად, - დღემდე არ განხორციელებულა.
გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამა წლის 03 დეკემბრამდე კლუბის მხრიდან არ მოხდება „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატება თითოეული ფეხბურთელის სახელფასო დავალიანების სრულად გადახდაში, გამოვიყენებთ „საქართველოს შრომის კოდექსით“ ჩვენთვის მონიჭებულ გაფიცვის უფლებამოსილებას და უარს განვაცხადებთ „ხელშეკრულების“ შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების ნაწილობრივ შესრულებაზე, რაც გულისხმობს საქართველოს ჩემპიონატის თამაშებში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმას მანამ სანამ არ მოხდება არსებული სახელფასო დავალიანების სრული და ჯეროვანი გადახდა”.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უახლოესი ტური საქართველოს ჩემპიონატში იმართება ამა წლის 4 დეკემბერს, რომელშიც სკ „გურია“ სკ „დინამო თბილისს“ უნდა დაუპირისპირდეს და იმ შემთხვევაში, თუ, ამ განცხადებაში აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვიყენებთ რა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გაფიცვის უფლებას, - უარს ვაცხადებთ 4 დეკემბრის და სხვა ნებისმიერ შემდგომ თამაშში მონაწილეობის მიღებაზე, მანამ სანამ არ მოხდება სახელფასო დავალიანებების ჯეროვანი გასტუმრება.
იმედს ვიტოვებთ, რომ ამა წლის 03 დეკემბრამდე ჯეროვნად მოახდენთ დავალიანების დაფარვას და თავიდან აარიდებთ კლუბს შემდგომ გართულებებს.
პატივისცემით სკ „გურია“-ს ფეხბურთელები