ფეხბურთი

21:55 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

,,გურიამ’’ თასზე დამარცხებისთვის რევანში აიღო

შეხვედრის დაწყებას წინ წუთიერი დუმილი უძღოდა. ფეხბურთელებმა და ფეხზე ამდგარმა გულშემატკივრებმა პატივი მიაგეს ლანჩხუთის ,,გურიას’’ წარსულში ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელის ნუგზარ წერეთლის (იგივე ,,ბაშკირა’’) ხსოვნას.

მატჩი ლანჩხუთელთა შეტევებით დაიწყო და პირველი ტაიმი მათი უპირატესობით წარიმართა. პირველი სახიფათო მომენტი გურულებმა მე-3 წუთზე შექმნეს. სტუმართა სწრაფი კომბინაციის შემდეგ ისიანი ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა. მართალია გურულთა შემტევს არც დარტყმა დაუხანებია, მაგრამ შეროზიაც სანაქებოდ გაისარჯა, მან სწორი პოზიცია შეარჩია და მეტოქის დარტყმულს ადგილზე დაუხვდა. მე-9 წუთზე მოვლენების ეპიცენტრში ისევ ისიანი მოექცა. კოშკაძის იდეალური გადაცემის შემდეგ იგი თავის მეურვეს დაუსხლტდა და საჯარიმოში შეჭრილი საგოლე პოზიციაში გავიდა, თუმცა გურულები მხოლოდ კუთხურს გამორჩნენ.

ამის შემდეგ თამაში შედარებით დაწყნარდა და მოვლენების განვითარებაც საკმაოდ დუნედ წარიმართა. ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა და ტაიმის ბოლომდე სახიფათო მომენტი თითქმის არ შექმნილა. 37-ე წუთზე გურულთა გატანილი გოლიც ერთობ კურიოზული გამოდგა. მარტვილელები მოედნის ცენტრთან ახლოს დაჯარიმდნენ. სტანდარტულის შესრულება კოშკაძემ ითავა და მაღალი ბურთი მეკარის ბაქანში ჩაჰკიდა. შეროზია ოდნავ წინ იყო გამოსული, ამიტომ დარტყმის ტრაექტორია ზუსტად ვერ გათვალა. ბურთმა მას თავზე გადაუფრინა და მის ზურგს უკან კარის ბადეში ჩაეშვა – 0:1. ამ ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე.

შეხვედრის მეორე ნახევარიც გურულთა უპირატესობით გაგრძელდა. 50-ე წუთზე ლანჩხუთელებმა ანგარიში გაზარდეს. ისიანის მახვილგონივრული პასის შემდეგ დიდებულად გაისარჯა კოშკაძე. გურულთა კაპიტანმა საჯარიმოს წინა ხაზთან მის შესახვედრად გამოსული შეროზია ჩამოიტოვა და ზუსტი დარტყმით კარის ხაზზე ჩამწკრივებულ მცველებს საკუთარი გუნდის გადარჩენის არანაირი შანსი არ დაუტოვა – 0:2.

მე-60 წუთზე ლანჩხუთელებს გატანა კიდევ ერთხელ შეეძლოთ. შენგელია მოედნის სიღრმიდან დაიძრა და საჯარიმოს მიახლოებულმა ძლიერად გაისროლა. შეროზია აკრობატულ ნახტომში მისწვდა ცხრიანისკენ მიმქროლავ ბურთს და კუთხურზე მოიგერია.

65-ე წუთიდან მოედანზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. აქამდე ,,წყნარად’’ მყოფმა მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს. გეგეჭკორის შორეულ გადაცემას კუჭუხიძე ,,საჭირო” ადგილზე დაუხვდა და გამოზომილი დარტყმით ანგარიშში სხვაობა შეამცირა – 1:2.

გაშვებული გოლის შემდეგ გურულებს ნერვიულობა დაეტყოთ და შეხვედრაც გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. 71-ე წუთზე თავის გამოჩენის შანსი მოედანზე ახლადშესულ ჯოხაძეს მიეცა. იგი მარჯვენა ფრთიდან საჯარიმო მოედანში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა. შეროზია აკრობატულ ნახტომში მისწვდა ბურთს და მოიგერია. ლანჩხუთელები დამატებას ცდლიობდნენ, თუმცა მარტვილელთა მცველებმა ამის საშუალება აღარ მისცეს. ორ წუთში ასევე შეცვლაზე შესულ შულაიასაც ჰქონდა გათანაბრების შანსი, თუმცა დამამთამრებელ ფაზაში სიზუსტემ დააღალატა.

75-ე წუთზე გურულებს შეეძლოთ მატჩის ბედი საბოლოოდ გადაეწყვიტათ. ჯიშკარიანი მოედნის ცენტრიდან დაიძრა და საჯარიმოს მიახლოებულმა შეროზიას აუღებელი დაურტყა, მაგრამ ძელის შიგნითა მხარეს მოხვედრილმა ბურთმა კარში შესვლა აღარ ,,ისურვა’’.

78-ე წუთზე ისევ შულაიამ იაქტიურა, თუმცა ბობღიაშვილთან მისი დუელი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრის უკანასკნელი წუთები ერთობ დაძაბულ სიტუაციაში წარიმართა. არბიტრ სილაგავას თამაშის გაჩერება და მეტოქეთა დაშოშმინება რამდენჯერმე მოუხდა. ვნებათაღელვამ ტრიბუნებზეც გადაინაცვლა. მსაჯებს თავიდან ,,გურიას’’ ფანები შემოსწყრნენ და მოედანზე პლასტმასის ბოთლები გადმოყარეს. შეხვედრის ბოლოს კი მარტვილელთა ქომაგების მოქმედებამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. მათი გულისწყრომის ობიექტად ასისტენტი ვარამიშვილი იქცა, რომლის მიმართულებითაც რამდენიმე ბოთლი ისროლეს, ხოლო მატჩის დამთავრების შემდეგ ბოთლების წვიმას პლასტმასის სკამების ცვენაც მოაყოლეს. თემიდის მსახურებს მოედნის დატოვება ,,მერანის’’ გულშემატკივართა მხრიდან უცენზურო სიტყვების ფონზე მოუხდათ.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

კახა ჩხეტიანი (,,მერანი’’): ,,წაგება ყოველთვის გულსაწყვეტია. ვფიქრობ ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა, რადგან გასატანი მომენტები ორივე გუნდს გვქონდა. იმედი მაქვს მომდევნო თამაშებისთვის უკეთ მოვემზადებით და ჩემპიონატში გამოსვლას უფრო წარმატებით განვაგრძობთ.’’

რომან პოკორა (,,გურია’’): ,,ყოველ ტურში უფრო და უფრო ძნელი მატჩის ჩატარება გვიწევს. რადგან ლიდერებში ვიმყოფებით, მეტოქე ჩვენს წინააღმდეგ განსაკუთრებული განწყობით გამოდის. თავიდან ჩვენი უპირატესობა თვალსაჩინო იყო. მატჩის ბოლოს კი ანგარიშის შენარჩუნება ძალიან გაგვიჭირდა. შედეგით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ ძლიერი მეტოქე გვყავდა. კახა ჩხეტიანი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო და კარგი მწვრთნელიც დადგება. იგი გარკვეულ ხანს ჩემი ხელმძღვანელობით თამაშობდა და მისი შესაძლებლობები სხვებზე უკეთ ვიცი.’’

მერანი (მარტვილი) – გურია (ლანჩხუთი) 1:2 (0:1)
24 ნოემბერი. 14.00. სამტრედია. ,,ეროსი მანჯგალაძე’’. 1200 მაყურებელი.

,,მერანი”: შეროზია, გეგეჭკორი, ქარქუზაშვილი, გაბუნია, მელიავა, ფონიავი, ბაბუნაშვილი (კვანტალიანი 52, გეგია 63), ციკოლია, ქათამაძე, კუჭუხიძე, ბანება (შულაია 46)

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

,,გურია”: ბობღიაშვილი, ჩუენსუ, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა, გაჩეჩილაძე (კილაძე 46), შენგელია (ჯოხაძე 67), კოშკაძე, შალამბერიძე, ისიანი (ტორონჯაძე 80)

მწვრთნელი:  რომან პოკორა

გოლები: 0:1 კოშკაძე (37), 0:2 კოშკაძე (50), 1:2 კუჭუხიძე (65);

გაფრთხილება:  ბაბუნაშვილი (37), კუჭუხიძე (48), ჯიშკარიანი (54), მელიავა (81), ფონიავა (86), ჩიკვილაძე (86), ტორონჯაძე (90+3);

მსაჯი: ლაშა სილაგავა;

ვახტანგ დათიაშვილი სამტრედიიდან 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112701