მახაჩყალის “ანჟის” მცველის გია გრიგალავას თქმით, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი გუნდზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს და ამ სიტუაციიდან თავის დასაღწევად ერთი თამაშის მოგებაა საჭირო.
“ჩემი აზრით, ბოლო ადგილი ჩვენზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს. გუნდში კარგი ფეხბურთელები არიან, რომლებიც მოედანზე გასვლის დროს წარუმატებლობაზე არ ფიქრობენ. უბრალოდ, გამარჯვება გვჭირდება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. დღესდღეობით, მომენტების რეალიზაცია არ გვყოფნის”, – იუწყება გრიგალავას სიტყვებს რუსული მედია.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველის აზრით, რუსეთის პრემიერლიგის განვლილ ტურში კრასნოდარის “ყუბანთან” წაგებული (0:2) მატჩის პირველ ტაიმში, “ანჟიმ” მეტოქეს პირწმინდად აჯობა: “პირველ ტაიმში მეტოქეს პირწმინდად ვაჯობეთ, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ მეტოქემ ორჯერ დაარტყა და ორი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში პრაქტიკულად ასპროცენტიანი მომენტები გვქონდა, თუმცა ჯერჯერობით რეალიზაცია მოიკოჭლებს. მოწინააღმდეგემ კი, გოლები ჩვენი უხეში შეცდომების შემდეგ გაიტანა და მგონი ამით თავადაც გაკვირვებულნი იყვნენ, რადგან სახიფათო მომენტები არ შეუქმნიათ”.
მატჩის დღეს “ანჟის” მთავარ მწვრთნელს 68 წელი შეუსრულდა და გრიგალავას თქმით, გაჯი გაჯიევისთვის საჩუქრის გაკეთება არ გამოუვიდათ:
“ჩვენ გამარჯვება გვსურდა და ყველაზე კარგი საჩუქარი გამოგვივიდოდა. თუმცა, ასე არ მოხდა”.