ავსტრიაში შეკრებაზე მყოფმა დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, რომლის შემადგენლობაშიც სამი ქართველი ფეხბურთელი - ჯაბა კანკავა, უჩა ლობჟანიძე და სანდრო კობახიძე - ირიცხება, ამხანაგურ შეხვედრაში ჩეხეთის “სიგმას” დაუზავდა – 2:2.
კანკავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. ამავე წუთზე ჩაერთვნენ თამაშში ლობჟანიძე და კობახიძე. ამ უკანასკნელს, “დნიპროს” ვებგვერდის ცნობით, გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ 75-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შანში ვერ გამოიყენა.
დანიის “ორჰუსმა”, სადაც ასევე სამი ქართველი ლეგიონერია - დავით დევდარიანი, დავით სხირტლაძე და მათე ვაწაძე - “ვიბორგთან” სპარინგში 1:0 გაიმარჯვა. დევდარიანი სასტარტოში იყო და 56-ე წუთზე მოედანზე ადგილი სორე ლარსენს დაუთმო. სხირტლაძესა და ვაწაძეს არ უთამაშიათ.
შოთა გრიგალაშვილმა პირველი მატჩი ჩაატარა კვიპროსის “ანორთოსისის” შემადგენლობაში. შეკრებაზე მყოფმა “ანორთოსისმა” ბელგიის “გენტთან” 1:2 წააგო, ხოლო ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. შეგახსენებთ, რომ გრიგალაშვილმა კვიპროსელებთან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გააფორმა.