ფეხბურთი

13:42 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალაშვილი ჯერ შეცვლებზე თამაშობს

 

კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) მე-3 ტურში, ფამაგუსტას “ანორთოსისმა” სტუმრად “ალკი” 4:0 დაამარცხა.

გამარჯვებულთა რიგებში შოთა გრიგალაშვილმა 67-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა. “ანორთოსისში” გადასვლის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა კვიპროსის ჩემპიონატში მეორე მატჩი ჩაატარა და ორივეჯერ შეცვლაზე. ფამაგუსტელები 14-გუნდიან ჩემპიონატს 9 ქულით ლიდერობენ.

გერმანიის მე-3 ლიგის მე-10 ტურში, “ჰალეშერმა”, რომლის ღირსებას აკაკი გოგია იცავს, გასვლაზე “რეგენსბურგს” 4:2 აჯობა. გერმანული პასპორტის მქონე ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა.

“უნტერჰახინგმა” საკუთარ მოედანზე “ბურგჰაუზენთან” 1:3 წააგო. მასპინძლებში ლუკას ჰუფნაგელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია, თავიდან ბოლომდე გაისარჯა. “უნტერჰახინგს” 15 ქულა აქვს და 20 გუნდში მეცხრეა.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) 21-ე ტურში, რიგის “დაუგავამ” იურმალის “სპარტაკსი” მიიღო და გუნდები ერთმანეთს გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ. “დაუგავაში” გიორგი დიაკვნიშვილს არ უთამაშია. რიგელები 39 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზე არიან.

დაუგავპილსის “დაუგავამ” შინ “იელგავას” ვერ მოუგო – 0:0. მასპინძლებში გიორგი ჩიხრაძემ და ბიძინა ცინცაძემ სრულად ითამაშეს, ხოლო მათ მსგავსად სასტარტოში მყოფი მამუკა ღონღაძე 89-ე წუთზე შეცვალეს. დაუგავპილსელებს 38 ქულა აქვთ და 10 გუნდში მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან.

“ილუკსტესმა”, სადაც გიორგი ხუმარაშვილი, ჯემალ ჯალიაშვილი და გიორგი ტუხაშვილი გამოდიან, გასვლაზე “იურმალასთან” ქულა აიღო – 0:0. “ილუკსტესი” 12 ქულით ბოლოსწინაა.

სომხეთის პრემიერლიგის მე-6 ტურში, “ულისესმა” თავის მოედანზე “მიკას” ვერ მოუგო – 1:1. თენგიზ უგრეხელიძე მასპინძლებში 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. “ულისესს” 3 ქულა აქვს და 8 გუნდში მეშვიდეა.

“განძასარი”, სადაც შოთა ჯიქია გამოდის, სტუმრად “ბანანცს” დაუზავდა – 0:0. ქართველი ფორვარდი სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა. “განძასარი” 8 ქულით მეოთხეა.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-19 ტურში, “ოლმალიქმა” შინაურ კედლებში “შორტანს” ვერ აჯობა – 0:0. მასპინძლებში გიორგი კვესიეშვილმა პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. “ოლმალიქს” 27 ქულა აქვს და 14 გუნდში მეშვიდეა.

ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 29-ე ტურში, “ფლორამ” ტალინში “პაიდე” ვერ დაამარცხა – 0:0. ზაქარია ბეგლარიშვილი, რომელიც ტალინელებს რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა, გუნდის 18-კაციან განაცხადში არ იყო. მის მსგავსად, არც თენგიზ ეთერია ფიგურირებდა “პაიდეს” განაცხადში. “ფლორა” 55 ქულით 10 გუნდიან სატურნირო ცხრილში მეოთხეა, ხოლო “პაიდე” 38 ქულით - მეხუთე.

ყაზახეთის პრემიერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა “ატირაუმ”, სადაც გიორგი ფეიქრიშვილი ირჯება, სტუმრად “ტარაზთან” მატჩი 1:1 დაასრულა. ქართველმა ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა. “ატირაუ” 20 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მერვეა.

“ჟეტისუ”, რომელსაც ომარ თეთრაძე წვრთნის გასვლაზე “ვოსტოკს” უგოლო ფრეზე გაეყარა. თეთრაძის გუნდი 13 ქულით ცხრილში ბოლოსწინაა.   

მოლდოვის ნაციონალ დივიზიის მე-8 ტურში, ბელცის “ოლიმპია” საკუთარ მოედანზე “სპერანცას” დაუზავდა -1:1. მასპინძლებში ბექა ქართველიშვილმა სრულად ითამაშა. “ოლიმპიას” 5 ქულა აქვს და 12 გუდში მეთერთმეტეა.

რუსეთის პირველი დივიზიონის მე-15 ტურში, კალინინგრადის “ბალტიკამ” სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” მიიღო და 2:1 დაამარცხა. მეკარე გიორგი შელიას კალინინგრადელებში არ უთამაშია. “ბალტიკა” 18 ქულით 19 გუნდში მეცამეტეა.

ორენბურგის “გაზოვიკმა” ნაზრანში ადგილობრივ “ანგუშტს” 1:0 აჯობა. გამარჯვებულებში ზურაბ არზიანს არ უასპარეზია, რადგან წინა ტურში მიღებული წითელი ბარათისთვის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. “გაზოვიკი” 24 ქულით მეთხუთმეტეა.

უკრაინის პერშა ლიგის (პირველი ლიგა) მე-11 ტურში, “მიკოლაევმა” შინ “სუმისთან” 1:1 ითამაშა. მასპინძლებში გიორგი ჯგერენაია ორივე ტაიმი გაისარჯა. “მიკოლაევს” 12 ქულა აქვს და 16 გუნდში მეთორმეტეა.

0.115861