ფეხბურთი

16:53 | 16.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილა" და "სალერი": 2-წლიანი კონტრაქტი და ფან-შოპის გეგმაც

"სალერის" მაღაზიაში საზეიმოდ მოეწერა ხელი ხელშეკრულებას: კომპანია "სალერი" გორის “დილას" ტექნიკური სპონსორი გახდა. კონტრაქტი 2-წლიანია შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით. საერთოდაც, კარგია, რომ "დილას" გარშემო უსიამოვნო ვნებათღელვებს ბოლო მოეღო და კლუბი დამშვიდებული ემზადება ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. როგორც იცით, "დილა" ხუთშაბათს დანიის "ოლბორგს" უმასპინძლებს - მატჩი "მიხეილ მესხზე" 18 საათზე დაიწყება.

ჟურნალისტებთან ისაუბრეს საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და "იბერია ბიზნეს ჯგუფის" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და "დილას" გენერალურმა მენეჯერმა გია ისიანმა:

ხეჩიკაშვილი: "სალერი" და "იბერია ბიზნეს ჯგუფი" გასული წლის დეკემბრიდან ერთად საქმიანობენ და 6-თვიანი მუშაობის შედეგი ისაა, რომ პირველი ლიგის კლუბები "სალერით” იმოსებიან. ასევეა უმაღლესი ლიგის 5 კლუბი და მეექვსესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კონტრაქტს რაც შეეხება, ჩვენ მხოლოდ იმით არ შემოვიფარგლებით, რომ "დილას" "სალერის" მაისურები ეცმევა. ასევე, ფორმა საჩუქარად გადაეცემა “დილას" დუბლებსა და ახალგაზრდულ გუნდებს. მოქნილი ხელშეკრულებაა, რომელიც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ახალ დეტალებს ითვალისწინებს. ბევრი მითქმა-მოთქმა იყო 'დილას" გარშემო, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ კარგად იმუშავა, პრობლემებს თავი გაართვა და გუნდმა სახე შეინარჩუნა, ამასთან, "დილას" ძლიერი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში.

...ასევე ვიტყვი, რომ გორში "დილას" ფან-შოპის გახსნა გვსურს. ვცდილობთ, პირველი პრეცენდენტი შევქმნათ და როგორც უცხოეთშია, ასევე შეეძლოთ ქომაგებს ფან-შოპში მათთვის სასურველი ფეხბურთელის მაისურის, ვიმპელებისა და სხვა ატრიბუტიკის შეძენა".

ისიანი: "სასიხარილოა, რომ "დილას" ოფიციალურად ჰყავს ტექნიკური სპონსორი "სალერის" სახით. ამ გარიგებით ყველა კმაყოფილია. ყველამ იცით, რომ კლუბს პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მუნიციპალიტეტმა ყველაფერი გააკეთეს საკეთილდღეოდ. ამჟამად გუნდი სასტუმრო "ბომონდ გარდენშია" დაბინავებული, რაც საკმაო ფუფუნებაა. ვარჯიშები საგურამოში იმართება. ერთი სიტყვით, კარგ პირობებშია გუნდი და "ოლბორგთან' თამაშისთვის ემზადება. გვსურს, რომ შარშან დაწყებული აღმასვლა გაგრძელდეს".

ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, "დილას" ახალი მაისურების პრეზენტაცია გაიმართა. გუნდის მცველებმა, გულვერდ თომაშვილმა და კაპიტანმა ალექსანდრე კვახაძემ მოიზომეს საშინაო და გასვლითი მატჩებისთვის განკუთვნილი ფორმები. საშინაო: წითელი ტრუსები და წითელი მაისურები, გასვლაზე: ცისფერი ტრუსები და ცისფერი მაისურები.


0.115938