გერმანიის საფეხბურთო მე-3 ლიგის მე-17 ტურში “ჰალეშერმა” გასვლაზე “დუისბურგს” 3:1 მოუგო და სტუმართა წარმატებას სათავე აკაკი გოგიამ დაუდო. 21 წლის გერმანული მოქალაქეობის მქონე ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა. მიმდინარე სეზონში მან მე-16 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ, “ჰალეშერმა” თავი 23 ქულას მოუყარა და 20-გუნდიან მე-3 ლიგაში მე-12 ადგილზეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-17 ტურში, ლუგანსკის “ზორიამ”, სადაც ჯაბა ლიპარტია გამოდის, სტუმრად ზაპოროჟიეს “მეტალურგთან” 1:1 ითამაშა. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოებს შორის იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. “ზორიას” 24 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 პოზიციაზეა.
რუსეთის პრემიერლიგაში სენსაცია გამოაცხო ჯანო ანანიძის “როსტოვმა”, რომელმაც გასვლაზე სანკტ პეტერბურგის “ზენიტს” 2:0 აჯობა. თუმცა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველიი გამარჯვებულთა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა.
სამხრეთ აფრიკის PSL-ის (უმაღლესი ლიგა) მე-11 ტურში “მოროკა სვოლოუვსმა”, რომლის ღირსებასაც გიორგი ნერგაძე იცავს, კეიპთაუნში ადგილობრივ “აიაქსს” 3:1 მოუგო. ქართველი ფეხბურთელი სასტარტოში თამაშობდა და 77-ე წუთზე შეცვალეს. “მოროკას” 18 ქულა დაუგროვდა და 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა.
საფრანგეთის ნაციონალ ლიგის (მე-3 ლიგა) მე-13 ტურში, “ლუზენაკი”, რომელშიც ამირან სანაია ირიცხება “ბულონს” ესტუმრა და სამი ქულა აიღო. ქართველმა მარცხენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 66-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო მისმა გუნდმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. “ლუზენაკს” 25 ქულა აქვს და 18 გუნდში მესამეა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-14 ტურში, ზაქათალის “სიმურგი”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის “სუმგაითს” ეწვია და 1:0 გაიმარჯვა. “სიმურგს” 18 ქულა აქვს და 10 გუნდში მეექვსეა.