გერმანიის მე-3 ლიგაში მოასპარეზე “ჰალეშერის” შემტევი ნახევარმცველი აკაკი გოგია ინტერნეტპორტალების liga3-online.de-სა და dfb.de-ს ვერსიით 29-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. განვლილ ტურში, “ჰალეშერმა” შინ “რეგენსბურგს” 4:1 აჯობა და 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა. მან 22-ე წუთზე მატჩში პირველი გოლი გაიტანა, ხოლო 70-ეზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. liga3-online.de-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში გოგიამ გულშემატკივართა ხმათა 25 პროცენტი დააგროვა, dfb.de-ზე კი, მას მხარი ქომაგთა 41 პროცენტმა დაუჭირა. მიმდინარე სეზონში გოგიამ 27 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.