საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ოთარ გოგავამ (55 კგ) თეირანში ჩატარებულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - "ტახტის თასზე" ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტრისტან ჩირგაძეს (60 კგ), დავით ლობჟანიძესა (66 კგ) და ჯუმბერ ყველაშვილს (74 კგ) კი ანალოგიურ მიღწევამდე თითო გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდათ და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდნენ. საქართველოს სახელით ირანულ ხალიჩაზე სულ 7 სპორტსმენი გავიდა და მათ საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილი დაიკავეს, რითაც საპრიზო ფონდიდან 15 ათასი დოლარი გამოიმუშავეს.
თეირანული ტურნირი “მსოფლიო სპორტისთვის” საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა შეაჯამა.
“ერთი მედლით გუნდური მე-2 ადგილის დაკავება ნიშნავს, რომ მთელმა გუნდმა სტაბილურად კარგად იჭიდავა. “ტახტის თასი” უძლიერესი ტურნირია და სათადარიგო შემადგენლობით ასე გამოსვლა განსაკუთრებით სასიხარულოა. ნაკრების კანდიდატებმა დაამტკიცეს, რომ სამომავლოდ ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრადაც რეალურად შეუძლიათ ბრძოლა. პირველ ყოვლისა ამას გოგავაზე ვიტყვი.
აქვე, ერთი სიახლის შესახებაც გეტყვით. გადავწყვიტეთ, სტიმული რეგიონებში მომუშავე მწვრთნელებსაც მივცეთ და რადგან თეირანში წამსვლელ მოჭიდავეებს შორის გორელები და ქუთაისელები სჭარბობდნენ, ნაკრები მათი სკოლების მწვრთნელებმა არკადი ხინჩეგაშვილმა და გოჩა კირკიტაძემ იახლეს” – განაცხადა მინდორაშვილმა.
ნაკრების თავკაცისვე განცხადებით, უახლოეს გეგმებში, 23-27 მაისს მახაჩყალაში ჩასატარებელი ალი ისაევის სახელობის ტურნირი და 31 მაისსა და 1 ივნისს იტალიის ქალაქ სასარიში გასამართი შეჯიბრება შედის, რომლებზეც ქართული გუნდები ისევ შერეული შემადგენლობებით გამოვლენ. 21-23 ივნისს კი საქართველოს თასის გათამაშება შედგება და შიდა კონკურენცია მსოფლიოს ჩემპიონატის კანდიდატებს გამოავლენს.