21 წლის გერმანელი შემტევი ნახევარმცველის, მარიო გიოტცეს ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ. Bild-ის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელიც მომდევნო სეზონიდან “ბაიერნში” ითამაშებს, 10 კვირა გაუცდება.
გიტოცემ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში მიიღო. იყო მოლოდინი, რომ ის ამავე ტურნირის ფინალში, თავისი მომავალი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებდა, მაგრამ ექიმებმა ფეხბურთელის დროულად გამოჯანმრთელება ვერ მოახერხეს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გიოტცე ფეხბურთის თამაშს უახლოესი 10 კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის თავისი ახალი გუნდის მთელს წინასასეზონო მზადებას და ბუნდესლიგის სტარტს გამოტოვებს. როგორც ცნობილია, ახალ მწვრთნელთან, პეპ გვარდიოლასთან ერთად, “ბაიერნი” პირველ ვარჯიშს 26 ივნისს ჩაატარებს, ხოლო ბუნდესლიგის 2013-14 წლების გათამაშება 9 აგვისტოს დაიწყება.