კალათბურთი

19:50 | 27.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი: “ოლიმპიაკოსისთვის” მაქსიმუმს გავიღებ”

ქართველი ცენტრი პირეოსელთა თავკაცს შაბათს შეხვდება


ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი, რომელმაც გუშინ პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” კონტრაქტი გააფორმა, უკვე საბერძნეთშია. საქართველოს ნაკრების წევრი ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ათენის საერთაშორისო აეროპორტში “გამოიჭირეს” და პირველი კომენტარებიც ჩამოართვეს.

“საბერძნეთში თავს ჩინებულად ვგრძნობ. ათენს საერთოდაც მე-2 სახლად მივიჩნევ, ამდენად, შეგუების მხრივ არანაირი პრობლემა არ იქნება. მოხარულ ვარ, რომ “ოლიმპიაკოსის” მაისურის ტარების უფლება ისევ მომეცემა. მაქსიმუმს გავიღებ, რათა გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო”.

ქართველმა ცენტრმა ტრანსფერის გაფორმების დროს არსებულ წინააღმდეგობრივ ინფორმაციებზეც ისაუბრა: “მართლაც ბევრი ცნობა ვრცელდებოდა. კარგია, რომ საბოლოოდ ყველაფერზე შევთანხმდით და “ოლიმპიაკოსის” სრულუფლებიანი წევრი ვარ. ახლა, წინ ახალი გამოწვევებია. წლეულს ევროთასზე უკვე ვითამაშე, თუმცა, ცხადია, რომ ევროლიგა სხვა დონეა. უმთავრეს ევროპულ ტურნირში 4 სეზონი მაქვს გატარებული და მომავალ თამაშებს მოუთმენლად ველი”.

თავდაპირველი ინფორმაციით, “ოლიმპიაკოსი” ქართველი კალათბურთელის განაცხადში შეყვანას სასწრაფო წესით აპირებდა, რათა მას პარასკევს, ევროლიგის ეგიდით სტამბულში “ფენერბაჰჩეს” წინააღმდეგ ეთამაშა, თუმცა, გიორგის მომდევნო კომენტარიდან გამომდინარე, სიტუაცია შეიცვალა.

“გუნდის მთავარ მწვრთნელ გეორგიოს ბარცოკასთან ჯერ არ მისაუბრია, სამაგიეროდ, კონტაქტი მქონდა მის ასისტენტ მილან ტომიჩთან. სავარაუდოდ, ბარცოკასს შაბათს შევხვდები, როდესაც “ოლიმპიაკოსი” სტამბულიდან დაბრუნდება”.

დასასრულ, ქართველმა კალათბურთელმა ესპანურ “სარაგოსაში” გატარებულ პერიოდზე ისაუბრა და არაგონული კლუბის ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

“სარაგოსაში” ჩინებული დრო გავატარე, რისთვისაც გუნდის მადლიერი ვარ. მთავარი მწვრთნელი ხოსე ლუის აბოსი ბოლომდე მენდო, საკმარის სათამაშო დროს მაძლევდა და ჩემს წინსვლაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

განსაკუთრებულ მადლობა ვუხდი სარაგოსელ ქომაგებს. ახლაც, ჩემი ტელეფონი რომ ნახოთ, უამრავ შეტყობინებას აღმოაჩენთ. გულშემატკივართა ნაწილი “სარაგოსაში” დარჩენას მთხოვდა, ნაწილიც სამომავლოდ წარმატებებს მისურვებდა. თუმცა, ასეთია ჩვენი ცხოვრება და სამუშაო. წინ ახალი სამიზნეებია, სარაგოსელი ფანების სითბოოს კი არასოდეს დავივიწყებ”.

http://www.youtube.com/watch?v=hzU_8tk11xA

0.113147