ფეხბურთი

10:16 | 18.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქინქლაძის თასი "ფორვარდმა" მოიგო

 

დიდუბეში, "იმედის" სტადიონზე დასრულდა 8-გუნდიანი ტურნირი ბავშვთა შორის – “გიორგი ქინქლაძის თასი”. ტურნირი 2002-2003 წელს დაბადებულ ბავშვთა შორის მიმდინარეობდა და ფინალში ერთმანეთს "დიდუბე" და "ფორვარდი" (ვარკეთილის გუნდია) შეხვდნენ. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, პენალტებში კი "ფორვარდმა" 8:7 მოიგო.

დაძაბულობა, სიხარული, ცრემლები, ყიჟინა – ეს ყველაფერი იყო და კიდევ, ეროვნული ჩემპიონატის ბევრ მატჩში ვერ ნახავთ ამდენ მაყურებელს. მესამე ადგილი "ავაზამ" დაიკავა, მეოთხე კი – ომც-მ. მათ შორის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და პენალტები უკეთ "ავაზამ" დაარტყა.

ტურნირი დიდუბის გამგეობის ორგანიზატორობით ჩატარდა. "დიდუბის" მწვრთნელებმა, გივი ვაზაგაშვილმა და არჩილ ფალავანდიშვილმა აღნიშნეს, რომ ორი თვის შექმნილი გუნდი ჰყავთ და ეს პირველი ტურნირი იყო, რომელშიც გამოვიდნენ. ასევე თქვეს, რომ მეორე ადგილზე გასვლა წარმატებაა, თუმცა ფინალის წაგება ყოველთვის გულდასაწყვეტია.

გივი ვაზაგაშვილი, შეგახსენებთ, ქინქლაძისა და არველაძეების თაობის წარმოამდგენელია. მეკარე გახლდათ.

საქართველოს ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ვარსკვლავი ქინქლაძე, თავადაც იყო მოსული სტადიონზე, თუმცა ცოტა ნაღვლიანი ჩანდა: მამამისი, რობინზონ ქინქლაძე შეუძლოდაა. "ქინქიმ" თავადაც მიიღო გუნდების დაჯილდოვებაში მონაწილეობა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ნიკა მანჯგალაძე ("დიდუბე"), ხოლო ბომბარდირი – ლევან ჯამასპიშვილი (ომც).


0.475015