ფეხბურთი

22:09 | 24.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ონიანი: "მეც და ბიჭებიც გუნდისთვის ყველაფერს გავიღებთ"

მოგეხსენებათ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ქუთაისის “ტორპედო“ ცენტრალურ მცველ გიორგი ონიანით გაძლიერდა. თავისი საქმის პროფესიონალი და მდიდარი საფეხბურთო გამოცდილების მქონე 29 წლის ფეხბურთელი ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშეთაგან ერთ-ერთი საუკეთესოა. ახალწვეულმა ჩვენს გუნდთან ერთად ესპანური შეკრებაც წარმატებით გაიარა და იგი „ტორპედოში“ მისი სადებიუტო მატჩისთვის ემზადება. ალბათ, გულშემატკივრებს დააინტერესებთ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები სხვადასხვა თემებზე, რომლებიც ქუთაისურ კლუბს უკავშირდება. ამას ქვემოთ, თავად გიორგისგან გაიგებთ...   
„ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოში თბილისის „დინამოს“ შემდეგ ყველაზე ტრადიციული გუნდია და ცხადია, აქ თამაში ჩემთვის საამაყოა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, ამჟამად, სერიოზული გუნდის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს. პირველ რიგში, ჩემი აქ გადმოსვლა გია გეგუჩაძის ფაქტორმა განაპირობა. ამ ადამიანის საფეხბუთო ხედვა და იდეოლოგია ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია. ასევე, ჩემთვის ახალი გამოწვევაა, რომ ჩემი მოედანზე გარჯით ქუთაისელ გულშემატკივრებს სიხარული მოვუტანო. ქუთაისი ჩემთვის უცხო ნამდვილად არ არის, ძალიან ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს აქ. ამრიგად, ქალაქთან შეგუებისა და ცხოვრების მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს. „ტორპედოში“ ჩემი ყოფით კმაყოფილი ვარ.
ის, რომ „ტორპედო“ სახელოვანი და ამბიციური კლუბია, ეს მაძლევს იმის საფუძველს, რომ იგი ჩამოყალიბდეს სერიოზულ ძალად, არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც, რითაც ჩვენი მესვეურებიც დიდად დაინტერესებულები არიან, თუმცა იმისთვის, რომ ევროპაში საკუთარი სახელი შექმნა, მინიმუმ საქართველოს ჩემპიონი მაინც უნდა გახდე, რასაც იმედი მაქვს, ახლო მომავალში მივაღწევთ.
„ტორპედოს“ დღევანდელი მდგომარეობით პარალელის გავლება შემიძლია რამდენიმე წლის წინანდელ „ზესტაფონთან“. იქაც იყო ასეთი კურსი, როცა მეც და გეგუჩაძეც, რომლის დიდი შრომითა და დამსახურებით გავხდით ორჯერ ჩემპიონები, ახალი მისულები ვიყავით. მიმდინარეობდა გუნდის შეკვრის, შეთამაშებისა და დალაგების პროცესი, რამაც ნახეთ, თუ როგორი შედეგებიც გამოიღო.
დღესდღეობით, ჩვენთან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელთაც გაზრდა ჭირდებათ. ამ საქმეს „ტორპედოს“ მწვრთნელი ხელმძღვანელობს და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თუ გია გეგუჩაძეს თავისი იდეების ბოლომდე განხორციელების საშუალება მიეცემა, იგი შეძლებს, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭები სწორ გზაზე დააყენოს, სწორი მიმართულება მისცეს მათ და გუნდისთვისაც უფრო საჭირო ფეხბურთელებად აქციოს.
რაც შეეხება ჩემს მოკლევადიან კონტრაქტს, როგორც მითხარით, გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან ასეთი ხანგრძლივობის ხელშეკრულებით, რისთვისაც მადლობას გადავუხდი მათ ჩემს მიმართ ასეთი დამოკიდებულებისთვის. რასაკვირველია, მოქმედი კონტრაქტი გადახედვას ექვემდებარება და კიდევ დალაპარაკებაც შეიძლება. თუ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჩემი „ტორპედოში“ თამაშის გაგრძელებაზე ორმხრივი შეთანხმება მიიღწევა, მე მომავალშიც მოხარული ვიქნები აქ ასპარეზობით.
უცხოური შეკრება ძალზედ ნაყოფიერად გავიარეთ და ვფიქრობ, სეზონის განახლებას მზად შევხვდებით. რა თქმა უნდა, ათ თამაშში 7 ქულა არ იქნება ადვილი აღმოსაფხვრელი, მაგრამ ჩვენ, როგორც ჩემპიონატის, ისე ეროვნული თასის ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ და ჩვენსას ვეცდებით.
პირველი მატჩი 26 თებერვალს, „გაგრასთან“ გველის, იმედი მაქვს, რომ ჩემი დებიუტი ქუთაისში წარმატებული გამოდგება და გავიმარჯვებთ. შევეცდებით, რომ პირველივე თამაშზე გადავდგათ დიდი ნაბიჯი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, რათა განმეორებით შეხვედრაში ნაკლები პრობლემა და კითხვის ნიშნები იყოს ჩვენთვის. რა თქმა უნდა, მეც და ბიჭებიც ისეთი შემართებით ვართ, რომ გუნდისთვის ყველაფერს გავიღებთ“.

 

http://fctorpedo.ge/index.php?geo&cat=4&id=1163

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.131631